22-ე თავი ნატუკას სიურპრიზი მეორე დღესვე დაგვხვდა მე და სანდროს. ჩემი ძველი საათის ადგილზე, იმ საათის ნატუკამ რომ გამიტეხა, ახაი, უმაგრესი საათი იდო. ჩემსაზე ბევრად ახალი, ბევრად ლამაზი და ბევრად ძვირიანი. მის გვერდით კი მამაკაცის სუნამო იდო.
_არ არსებობს! მთელი წელი ვოცნებობდი ამ სუნამოზე! წავალ, ერთი გემრიელად ჩავკოცნი ნატუკას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეღირსოს ამ ფუფუნებას! თან ახლა ნამდვილად დაიმსახურა... ტყუილუბრალოდ კი არ ვარიგებ კოცნებს!-აცუნდრუკდა სანდრო. ჯერ ნატუკას ოთახში შევიხედეთ, შემდეგ დაბლა ჩავირბინეთ. ნატუკა სამზარეულოს დახლის მსგავს მაგიდასთან იჯდა გრძელფეხებიან საკმზე და თითები ჰქონდა გაპარჭყული. ის იყო ჩასახუტებლად უნდა დატაკებოდა სანდრო, რომ კივილი მორთო:
_არ მომეკარო! გაიწიე იქით! მანიკიური გამიფუჭდება!
_ისევ დაიწყე?-გუნება გაუფუჭდა სანდროს.
_არა, ვიხუმრე... მოდი, ჩაგეხუტოთ, მანიკიური ჭირსაც წაუღია,-ისეთი თბილი ღიმილით გვითხრა ნატუკამ, როგორიც ჩვენი ურთიერთობის ისტორიას არ ახსოვს. სამივე ერთდროულად ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
მაგრამ იმავე საღამოს კინაღამ ახალი შურისძიების გეგმები დავაწყვეთ, როცა დედა და მამა სახლში დაბრუნდნენ და რამდენიმე წუთში სიკვდილმისჯილი, დასახვეტრად გაყვანილი პატიმრებივით დაგვაყენეს სამზარეულოს მაგიდასთან მე და სანდრო.
_ნატუკამ ყველაფერი გვითხრა!-დაიწყო დედამ.
_რა ყველაფერი?-ჩავეძიე ყოველი შემთხვევისთვის.
_რომ თქვენ დააშორეთ შეყვარებულს!
_ვაპროტესტებ! არავისაც არ დავაშორეთ, ისედაც ნაჩხ...-აღშფოთდა სანდრო.
_არავითარი ზღვა! არავითარი გასეირნებები! შინაპატიმრობა მოგესაჯათ!-მკაცრად გააწყვეტინა დედამ.
_სასჯელი გასაჩივრებას არ ექვემდებარება?-ბედი სცადა სანდრომ. ამ სასტიკი სასჯელის მიუხედავად ჩამეღიმა. როგორც ჩანს, სანდროსაც.
_იცოდეთ, გაგიქრობთ მაგ ღიმილის ხალისს! ამხელა ხალხი ხართ და ჭკუა არა გაქვთ თავში! ლიზიც კი თქვენზე ჭკვიანად იქცევა!
_ლელა!-გააჩუმა მამამ.-ზედმეტი მოგდის. ბავშვები არიან...-უთხრა და შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა.-ჯერ-ჯერობით ისე მოიქეცით, როგორც დედამ გითხრათ. თუ რამე შეიცვლება, გეტყვით. ახლა წადით და დაიძინეთ, ან გაკვეთილები მოამზადეთ,-თემურს (მამაჩვენს) ლელაზე უფრო რბილი ხმა და ალერსიანი სახე ჰქონდა. დედა იცდიდა სანამ მაღლა ავიდოდით, რომ მრისხანებით დასტყდომოდა თავს მამას.
_ისევ იჩხუბებენ!-სევდიანად გადავულაპარაკეთ მე და სანდრომ ერთმანეთს. ნატუკას ოთახთან რომ ჩავიარეთ, სწორედ მაშინ გამოვიდა თვითონ
_ღლაპებს გაუმარჯოს!-მხიარულად ჩაგვიკრა თვალი, ამჯერად არ მწყენია სიტყვა „ღლაპები“, რადგან ვიცოდი, რომ დაცინვით კი არა, უბრალოდ იმიტომ თქვა, რომ ასე იყო მიჩვეული.
_გამიხარდა ჩემი სუნამო ადგილზე რომ დამხვდა. იმედია, წყალი არ დაგიმატებიათ...-გაგვიცინა და დაბლა ჩავიდა. გამოპრანჭული იყო, მივხვდი- ალბათ სანდროც მიხვდა- ლაშასთან შესახვედრად მიდიოდა.
ჩემი და ბექას ურთიერთობა უფრო და უფრო დათბა, ბოლომდე შეყვარებული არ ვიყავით, უფრო მეგობრებს ვგავდით, ახლო მეგორებს, რადგან სულ მეჩვენებოდა, რომ რაღაც იყო ისეთი, რაც გვაშორებდა ერთმანეთს. თანაც ვატყობდი, რომ არც ის აპირებდა ამაზე შორს წასვლას... ჯერ-ჯერობით. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის ერთ ადგილზე გაყინვის მიზეზი იყო ის, რომ ბექა თითქოს არასდროს იყო ბოლომდე გულახდილი, იყო რაღაც, რასაც გულმოდგინედ მალავდა და რომ დავფიქრდი საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი ვიცოდი მასზე. არა, ვიცოდი, რომ ჩემი ძმის კლასელი იყო- მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დიდს გავდა-კიდევ ვიცოდი, რომ დირექტორის შვილი იყო, ფეხბურთი უყვარდა, დასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მამა არ ჰყავდა... სულ ეს იყო რაც მასზე ვიცოდი. არა, კიდევ ერთი რამ იყო... ერთხელ თქვა, რომ საკუთარ სახლში ყოფნა არ უყვარდა...
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ზაფხული ახლოვდებოდა, მე კი სულ დავკარგე ზღვაზე დასვენების იმედი.
იმ დღეს სკოლაში მარტო მივაბიჯებდი, რადგან სანდრო სალი შეურიგდა და მასთან დარჩა, როცა სახლიდან გამოსულებს შეგვხვდა „შემთხვევით“. ჩაფიქრებული მივაბიჯებდი- ზუსტად არც მახსოვს რაზე ვფიქრობდი, ალბათ რომელიმე იმდღევანდელ გაკვეთილს ვიმეორებდი-როცა ბექა წამომეწია.
_დაჯექი!-ჩემს მხარეს გააღო მანქანის კარი.
_ფეხით მირჩევნია... რად გინდოდა მანქანა, თანაც აქვეა...
_დაჯექი, რაღაც საქმე მაქვს...-მისმა იდუმალმა ხმამ მაცდუნა.
_საქმე?-საგონებელში ჩავვარდი და გვერდით მივუჯექი. კარი მოვიხურე.
_ჰო, საქმე,-მანქანა დაძრა.-მინდა სადღაც დაგპატიჟო...
_ტყუილად კარგავ დროს. შინაპატიმრობაში ვარ, დაგავიწყდა?-გავაწყვეტინე სევდიანი ხმით.
_აუ, ეგ აღარც მახსოვდა. კარგი რა... აუცილებლად უნდა წამოხვიდე...-გუნება წაუხდა.
_რატომ?-გამიკვირდა ასე რომ დაიჟინა.
_რა?-ჩემმა შეკითხვამ შეაცბუნა.
_მასე განსაკუთრებულად რატომ გინდა, რომ წამოვიდე?-არც ვაციე, არც ვაცხელე.
_მინდა და მორჩა. მართლა გულით მინდა და ნუ მაწყენინებ...-მუდარით სავსე მზერით შემომხედა... არ გინდოდა, ამ მზერისთვის წინააღმდეგობის გაწევა?
_ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არ გეტყოდი უარს, მაგრამ...
_არავითარი მაგრამ... შენს მშობლებს მე დაველაპარაკები...
_არა, არა, არავითარ შემთხვევაში,-ბექა მეტისმეტად ძვირფასი იყო ჩემთვის საიმისოდ, რომ ჩემი მშობლები მიმესია.
_რატომ?
_აზრი არ ექნება,-დავარწმუნე.
_მაშინ სხვა რამე მოიფიქრე. მინდა, რომ ხვალ საღამოს აუცილებლად ჩემთან იყო...
_ხვალ საღამოს? შენ არ გითქვამს, რომ ხვალ საღამოს...
_ახლა გეუბნები.
_რა ხდება ხვალ საღამოს?
_ისეთი არაფერი, სერიოზული ხალხის წვეულებაზე მინდა წაგიყვანო...
_ჰა?-უკიდურესად განცვიფრებული ხმა მქონდა.
_დედაჩემის საპატივცემულოდ წვეულებას მართავენ...-დაიწყო ახსნა მან.-მოკლედ, სერიოზული ხალხი იქნება... განათლების სფეროდან იქნებიან რა, ხომ ხვდები, დირექტორები და რა ვიცი კიდევ ათასი ვინმე... რამდენიმე ბიზნესმენი და შეიძლება ერთი-ორი მწერალი და პოეტიც მოვიდეს. დიდი წვეულება იქნება.
_ჩემი თავი ბიზნესმენების და პოეტების გარემოცვაში ვერ წარმომიდგენია!-ვაღიარე.-სხვათაშორის, ვერც შენ წარმომიდგენიხარ!
_რატომ? მეტისმეტად უმნიშვნელო პერსონა ვჩანვარ მათ ფონზე?-მეგონა ამის მთქმელს ცოტათი მაინც ნაწყენი ხმა უნდა ჰქონოდა, ის კი გულიანად იცინოდა.
_არა, უბრალოდ...-დავიბენი.
_კარგი, კარგი. შენ ის მითხარი, რა მოიფიქრე. როგორ წამოხვალ?
_ერთადერთი რაც მოვიფიქრე ისაა, რომ ვერ წამოვალ!-გულდაწყვეტილმა დავხარე თავი.
_რატომ?-მოთმინებით გადმომხედა.
_პირველი მიზეზი უკვე იცი. მეორე ისაა, რომ... მოკლედ, შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს... მასეთი შემთხვევისთვის შესაფერისი ტანსაცმლის ყიდვის საჭიროება არ მქონია.
_სულ ეგაა?-გულზე მოეშვა.
_არაა საკმარისი?
_არა. ჩათვალე, რომ ეგ უკვე მოგვარებულია.
_კარგი, ვთქვათ ჩასაცმელი ვნახე... მერე რა ვქნა?
_თუ მოინდომებ... ნახავ გამოსავალს!-ეშმაკურად გადმომხედა. უცებ რაღაც იდეა მესტუმრა.
_მართალი ხარ!-ვუთხარი შთაგონებულმა. მართლა ძალიან მინდოდა მასთან ერთად იქ წასვლა.
_ეგრე რა!-გაეხარდა ენთუზიაზმი რომ შეამჩნია ჩემს ხმაში.-10-ზე გამოგივლი...
_მასე გვიან?
_ჰო... ელიტური წვეულებები მაგ დროს იმართება,-გამანათლა. სწორედ იმ დროს დააყენა მანქანა სკოლის სადგომზე. უცებ რაღაცამ მომიარა თავში.
_რამდენი წლის ხარ?-ვკითხე უცებ.
_18-ის?-გაოცებულმა მიპასუხა.-რა არის?
_არაფერი, უბრალოდ...
_მითხარი,-ჩამაცივდა.
_სანდრო 17 წლისაა და მეგონა შენც 17 წლის იყავი.
_მერე?-ვერ მიხვდა ჩემს დაფარულ აზრს.
_ასეთ შემთხვევაში ხომ მართვის უფლება არ გექნებოდა!
_ააა... დაკვირვებული გოგონა ხარ!-შეცბუნებული ღიმილით ნაძალადევად გამიღიმა, ან შეიძლება მე მომეჩვენა ასე. კარი გააღო და მანქანიდან გადააბიჯა. მეც მას მივბაძე. სანამ ის მანქანას მოუვლიდა და ჩემთან მოვიდოდა, მე უკვე გარეთ ვიყავი.-მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო, მართვის მოწმობა მაქვს!-გააგრძელა, თან მანქანა სიგნალიზაციით დაკეტა.
_კარგია, გულზე მომეშვა!-გავუღიმე ხუმრობით.-არასდროს მითქვამს, რომ შენს ასაკთან შედარებით ბევრად დიდს გავხარ?
_შენ არა, მაგრამ ბევრს უთქვამს!-უინტერესოდ მითხრა. ამ დროს სკოლის შენობაში შევედით.
_გაკვეთილების მერე გნახავ!-გამიღიმა.
_რატომ?
_სახლში გაგიყვან.
_არაა საჭირო, ჩემი პირადი მძღოლი ხომ არა ხარ!-ვიუარე.
_ეგ რა შუაშია, მე უბრალოდ...-ახსნა დაიწყო, მაგრამ არ ვაცადე.
_კარგი, წავედი. ზარი დაირეკა!-ჩემი კლასის დერეფნისკენ შევბრუნდი.
_ხედავ? რომ არ წამომეყვანე, დააგვიანებდი!-დამადევნა სიცილით.
_აბაა! მაშინ გაკვეთილების შემდეგ შენ მანქანასთან დაგელოდები!-მივუბრუნდი ღრეჭვით, თან უკან-უკან მივაბიჯებდი... და ზურგით შევასკდი ირაკლის!
_ეე, წინ არ უნდა... აა, დაკო, შენა ხარ? როგორა ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ!-უხეშად დაიწყო ირაკლიმ, მაგრამ როცა დაინახა, რომ მე დავეჯახე, ხმა დაუტკბა. წიგნი, რომელსაც კითხულობდა სანამ დავეჯახებოდი, დაუვარდა. ორივე დავიხარეთ მის ასაღებად.
_კარგად ხართ?-მოგვძახა ბექამ.
_კი,-ვუპასუხე.
_გამარჯობა, ბექუშ! გვანცა გეძებდა წეღან!-აცნობა ირაკლიმ. ბექას აღარაფერი უთქვამს, უსიამოდ წარბშეჭმუხნული წავიდა. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი დამთბარი ურთიერთობის მიუხედავად, ვერც ჩემით მივხვდი და ვერც ბექას წამოვაცდენინე რა საერთო ჰქონდათ მას და გვანცას. რა ურთიერთობა ჰქონდათ ასეთი. ჯერ ისევ დერეფანში მიმავალ ბექას ვუყურებდი მის წიგნთან დახრილს, ასევე დახრილმა ირაკლიმ რომ შემახო მკლვზე ხელი, წიგნი უკვე ხელში აეღო.
_წამო, შენ კლასამდე მიგაცილებ..
_რა იცი, ჩემი კლასი სად არის?
_ახლა იქიდან მოვდივარ,-გაეცინა.-არც ისე ძნელი გასაგები იყო.
_ჩემ კლასში რა გინდოდა?
_შენ გეძებდი-უკვე დიდი ხანია გელოდები, მაგრამ ზარი რომ დაირეკა, გამომაბუნძულეს.
_რატომ მეძებდი?-უკვე ჩემი კლასის კარებთან ვიყავით, იმედი მქონდა მაკა მასწავლებელი 5 წუთით დაგვიანებაზე ეშვებს არ გამოიბავდა.
_ამიტომ,-წიგნი ამიფრიალა თვალწინ. „წიგნი“ თეატრალური დადგმის სცენარი აღმოჩნდა.
_ეს რა არის?-მაინც ვკითხე, ყოველი შემთხვევისთვის.
_სცენარი.
_ეგ ჰო, მაგრამ..
_ეს არის პიესის სცენარი, რომლის დადგმაშიც უნდა დამეხმარო...
_მეე? რატომ მე?
_ახლა გაკვეთილზე შედი. დასვენებაზე მოვალ და ყველაფერს აგიხსნი.
_კარგი, დროებით!-კლასში შევედი. მარჯვენა ხელი კარის კიდეს მოვკიდე, რომ შესვლისას მომეხურა. ირაკლიმ თავისი ხელი დამადო ზედ. გაოცებულმა მოვხედე.
_დროებით...-თბილად მითხრა და ხელი გამიშვა.
ირაკლი იმ დასვენებაზე კი არა, მთელი დღე აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, ბექა დავლანდე ჩემი კლასის სიახლოვეს, მაგრამ დასალაპარაკებლად არ მოსულა, ამიტომ მეთვითონ მივეჭერი:
_რა ხდება?
_რაზე მეკითხები?-კითხვითვე მიპასუხა.
_ვინმეს ყარაულობ?
_საიდან მოიტანე?-კითხვაზე პასუხის გაცემა არავინ ასწავლა?
_აბა, რისთვის დგახარ აქ?
_რა იყო, აქ დგომა აკრძალულია?
_არა. უბრალოდ მაინტერესებს, რას აკეთებ.
_შენ გელოდებოდი.
_რაზე?
_მინდოდა მენახა, რომ ყველაფერი რიგზეა.
_ხომ არ იცი, ირაკლი სად გაქრა?-შევცვალე თემა.
_უნდა ვიცოდე?-გაღიზიანდა.
_დამპირდა, რომ დასვენებაზე მოვიდოდა, მაგრამ არ ჩანს.
_ვიღაცამ დაურეკა და წავიდა,-გულგრილად აიჩეჩა მხრები.-შენთან რა უნდოდა?
_რაღაც პიესის დადგმაში უნდა მივხმარებოდი,-გაურკვევლად ვუთხარი.
_პიესის დადგმაში?-ალმაცერად შემათვალიერა.-ნამდვილი იდიოტია!
_რატომ? მე მომწონს, კარგი ბიჭია,-გავიბუსხე.
_მოგწონს?-სიტყვაზე გამომეკიდა.
_გვანცას ძმის პირობაზე...-წავკბინე. ზარის ხმა გაისმა.
_კარგი, ახლა გავიქეცი. პიესა დაივიწყე! საღამოს გნახავ!
_აბა, სახლში გაგიყვანო?-შევახსენე.
_მერე შენ ხომ მითხარი არ მინდაო?-შემომღიმა და წავიდა...