24-ე თავი შეპატიჟების შემდეგ თავპატიჟი აღარ გამომიდია და გალუმპულები შევცვივდით მაჭავარიანების სახლში.
_წვიმაში მოყევით?-შეწუხებული გამომეტყველება მიიღო დიასახლისმა. საინტერესოა, არა-მეთქი რომ მეთქვა, დაიჯერებდა?
_დიახ,-ვუთხარი და ბექას გადავხედე, ჩამეღიმა როცა დავინახე როგორ ჩამოსდიოდა წურწურით წყალი თმებიდან და ტანსაცმლიდან. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.
_თქვე საწყლებო, წამოდით, პირსახოცებს მოგცემთ...-გაგვიძღვა. მისაღებთან ჩავლისას, თვალები გამიფართოვდა. ამ სახლში მეორედ თუ მესამედ ვიყავი და ვიცოდი, რომ ამჯერად დიდი არეულობა დამხვდებოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ბუშტები და ათასგვარი ლენტები გაეჭიმათ სასტუმრო ოთახში, იატაკზე სათამაშოები, საჩუქრები, ბალიშები და რავიცი კიდევ რა არ ეყარა. ადვილად შევატყვე, რომ იქ უფროსები არ იყვნენ. ჩემი დისხელები დაფაცურობდნენ ყველგან. განსაკუთრებული ხალხმრავლობა დაბალფეხებიან მაგიდასთან შეინიშნებოდა, რომელზეც ნამცხვრებიანი და საერთოდ ტკბილეულიანი თეფშები ელაგა. ზღარბსაც იქ მივაგენი, შიშით გადავხედე ჩემსავით გაოცებულ ბექას და ზღარბს დავუძახე:
_ლიზი, მოდი ჩემთან!-მაშინვე ამომხედა და ჩემსკენ გამოექანა გახარებული.
_ვაიმე, რას გავხარ!-შევიცხადე. ორივე ხელი, პირის მიდამო და კაბის გულისპირი კრემით, შოკოლადით და სხვა რაღაცეებით ჰქონდა დასვრილი.
_დაკო, იჩი ლა გემლიელი ნამჩხვლებია? მოდი, გაგაშინჯო,-მაგიდისკენ გამიძღვა.
_არ მინდა, შენიც მჯერა...-გუნება წამიხდა, რატომ უნდა გონებოდათ ჩემი დაიკო ფეთხუმი? ჯერ სულ რაღაც 4 წლის იყო, მაგრამ მაინც... მაგრამ შემდეგ შევამჩნიე, რომ ყველა ბავშვი ასეთ დღეში იყო, ყველა შიშველი ხელით იტენიდა მოთხუპნულ პირში კრემს და ხელში დიდხანს კავებისგან დამდნარ შოკოლადს.
_წამოდი, ხელ-პირი დაგბანო...-ვუჩურჩულე და მკლავში წავავლე ხელი.
_დაკო, სად მიგყავს? ჯერ ადრეა, გაერთონ ცოტა ხანს. თქვენ მე წამომყევით, გაშრით, არ გაცივდეთ...-მითხრა ორი დიდი ღუნღულა პირსახოცით დაბრუნებულმა ელენემ.
_მმ... გმადლობთ,-ვუთხარი უხერხულად აწურულმა. შემდეგ ლიზის მივუბრუნდი.-კარგი, წადი და გაერთე, ოღონდ მაგ ხელებით ბალიშებს ან სხვა რამეს არ შეეხო, კარგი?-ვუთხარი ხმადაბლა. გაცისკროვნებულთვალებიანმა დამიქნია თავი და ოთახში შებრუნდა. მე და ბექა ელენეს მივყევით.
სამზარეულო გავიარეთ და კიდევ ერთ მისაღებში აღმოვჩნდით, სადაც ელექტრო ბუხარი ჩაგვირთო ელენემ და პირსახოცები დაგვირიგა. მე მთელ სხეულზე შემოვიხვიე, ბექამ მხოლოდ თმები გაიმშრალა.
_მაისში ბუხართან, როგორია?-გამეცინა.
_გირჩევნია ეგ პირსახოცი მოიხსნა და ბუხართან ახლოს დადგე, თორემ მაისში საწოლში სიცხიანი როგორია, ამასაც მალე გაიგებ,-დამცინა ბექამ და ხელები მიაფიცხა ბუხარს. ოთახში ჩვენს გარდა ორი ქალი იყო, რომელთაც მივესალმეთ, მათ პასუხი დაგვიბრუნეს და შემდეგ ისევ ყავის სმა და ჭორაობა განაგრძეს.
სანამ ბექას დავემორჩილებოდი და პირსახოცს შემოვიხსნიდი, ელენე მოგვიახლოვდა.
_ბავშვებო, ცხელი კაკაო დალიეთ, უფრო სწრაფად გათბებით...-ორივეს გამოგვიწოდა ოხშივარადენილი დიდი ფინჯნები. გამოვართვით და მადლობა გადავუხადეთ.-არა, მაისში ასეთი წვიმა გაგონილა?-თავის სტუმარ ქალებს მიუბრუნდა ელენე და შემდეგ ჩვენთვის ყურადღება აღარც მოუქცევიათ.
კაკაო რომ გამოვცალე, პირსახოცი შემოვიხსენი, ყველა მხრიდან მივეფიცხე ბუხარს და მაინც ვერ გავთბი უკვე შევშფოთდი- ის დრო იყო მომეფიქრებინა რას გავაკეთებდი ერთი კვირა საწოლში, ეს უკვე გარდაუვალად მეჩვენებოდა.
_კიდევ გცივა?-დამცინოდა ბექა. დავეჯღანე.-მოდი აქ,-მითხრა, მაგრამ რა იგულისხმა ვერ მივხვდი, ისედაც მის წინ, საკმაოდ ახლოს ვიდექი. გაკვირვებულმა შევხედე. ხელები გამოიწოდა და ჩემს ხელებს შეეხო. თავის დიდ, ცხელ ხელებში მოიქცია ჩემი გაყინული თითები.
_მცივანა!-დამცინა.
_რომ გითხრა, მხრებზეც მცივა მეთქი, რას იზამ?-ჩემი ჭკუით, ეშმაკური კითხვა დავსვი.
_თუ გინდა მითხარი, აზრი არ ექნება, მაინც არ ჩაგეხუტები,-უსირცხვილოდ გაიცინა. იმედია, იმ ქალებს არ გაუგონიათ. გაბრაზებულმა გამოვტაცე ხელები.
_ელენე დეიდა, ჩვენი წასვლის დროა. უკვე გვიანია, მალე დედა დაბრუნდება სახლში და აჯობებს თუ შინ დავხვდებით.
_კარგი, ძვირფასო, როგორც გირჩევნია...-ფეხზე წამოდგა.
_წასვლამდე შეიძლება თქვენი სააბაზანოთი ვისარგებლო? ლიზის ხელ-პირს დავბანდი...
_რა თქმა უნდა,-სამზარეულოსკენ წავედით და იქიდან დერეფანში გავედით. ბექაც უკან მომყვა.
_ლიზი, წავედით!- დავიძახე, როცა მისაღებში შევედი. ლიზი პროტესტის გარეშე მოვიდა ჩემთან.
_აქეთ...-დაგვიძახა ელენემ და სააბაზანოსკენ მიგვითითა.
_გმადლობთ...-ვუთხარი და აბაზანაში შევედი, ლიზიც შემოვიდა, ლიზის ბექა მოჰყვა.-შენ რაღა გინდა აქ?-მივუბრუნდი.
_მოგეხმარებით,-თვალი ჩამიკრა. შემდეგ ლიზის წელზე მოხვია ხელები და ჰაერში ასწია. ლიზი სიხარულით აჭყლოპინდა, მოსწონდა ზემოდან რომ დამყურებდა. პირსაბან ნიჟარასთან ახლოს მოვიდა ბექა და ლიზის გათხუპნული ხელ-პირი დავბანე. შევეცადე კაბაზეც მომეშორებინა ლაქები, თუმცა უშედეგოდ. სააბაზანოდან გამოვედით. დერეფანში ელენე გვიცდიდა.
_ლიზი, წადი შენი ზღარბი მოიტანე,-ვუთხარი და ისიც მაშინვე მისაღებში შევარდა. ორიოდ წამში, სანამ მე ელენეს მადლობას ვუხდიდი, ისევ დაბრუნდა.
_დიდი მადლობა ყველაფრისთვის, პირსახოცებისთვის, კაკაოსთვის და საერთოდ მასპინძლობისთვის, თორემ ფილტვების ანთება გარანტირებული მქონდა,-ვუთხარი და შემდეგ ლიზის ვკითხე.-ლიზი, თეკოსთვის საჩუქრის მიცემა ხომ არ დაგავიწყდა?
_ალა, მივეჩი... და დავემსვიდობე კიდეჩ.
_მაშინ წავიდეთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და კარგად ბრძანდებოდეთ! ლიზი დაემშვიდობე ელენე დეიდას!
_კაქათ იკავით და...-შეყოყმანდა.-...მადობა...
_არაფრის, პატარავ... -გაეცინა ელენეს. -კარგად იყავით!
წამოვედით. აღარ წვიმდა, მზე დარცხვენილი იჭყიტებოდა ღრუბლებიდან.
_გინდა კისერზე შეგისვა?-ეშმაკურად ჰკითხა ბექამ ლიზის.
_კიი! მინდა ლა, დაკო... გეხეწები ლაა...-მუდარით გადმომხედა ბექას იდეით აღფრთოვანებულმა.
_კარგი, ოღონდ ფრთხილად...-დავთანხმდი.
_ნეტა იცოდე, როგორ მიყვარს შაბათი!-ნეტარებით ამობს სანდრო. ღამის 12 საათია. უკვე საწოლებში ვართ.
_საინტერესოა, რატომ?-საოცრად უინტერესოდ ვკითხე, რადგან პასუხი ისედაც ვიცოდი.
_იმიტომ, რომ შაბათის შემდეგ კვირა მოდის, კვირის ერთადერთი დღე, როცა სკოლისგან ვისვენებ.
_შაბათს ვინ გაწუხებს ხოლმე?-დავამთქნარე.
_შაბათი არ ითვლება, ვერ ვასწრებ ხოლმე მოხედვას და უკვე საღამოა.
_ახალი ამბავი!
_რას აპირებ ხვალ?
_რაზე მეკითხები?
_ბექა მელაპარაკა...-მიმახვედრა.
_აა, იმაზე?-გუნება წამიხდა.
_ჰოო, იმაზე. რა მოიფიქრე?
_სახლიდან გაპარვაზე ვფიქრობდი, მაგრამ 12 საათზე იძინებენ და როგორ. ალბათ არ წავალ.
_ბექა ასე უბრალოდ არ შეგეშვება.
_აბა, შენ მითხარი, რა ვქნა?!-გავბრაზდი.
_გაიპარე...
_ჰმ. და როგორ? უჩინმაჩინის მოსასხამი ჯერ-ჯერობით არ გამოსულა გაყიდვაში.
_როგორ?...-სიბნელეში მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ იყო, როგორი გამომეტყველება ექნებოდა.-არ გახსოვს იანვარში... თუმცა შენ რა გემახსოვრება, არც არაფერი შეგიმჩნევია...-ჩაეცინა.
_რაო? რა იანვარიო?-ყურები ვცქვიტე.
_გახსოვს ზამთარში ასე რომ ვიყავით დაჯილები?
_არა, ისე ხშირად ვართ „ასე“ დასჯილები, რომ უვკე სათვალავი ამერია.
_ო, როგორ არ გახსოვს?! მაშინ შორენას ვხვდებოდი.
_ა, შორენა როგორ არ მახსოვს! ბევრს რომ ლაპარაკობდა და ცოტას გკოცნიდა!-დავცინე.-მერე?
_ჰო, ცოტას მკოცნიდა, მაგრამ ისეეთს...-მოგონებებში წავიდა.
_რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს ეგ ამბავი, მაგრამ ახლა მაღირსე და თქვი რაზე გაიხსენე შორენა.
_მაგასთან ერთად კლუბში მინდოდა წასვლა და რომ მივხვდი, ნებართვით წასვლის შანსი არ მქონდა, გავიპარე.
_როგორ?-იდაყვზე წამოვიწიე.
_ფანჯრიდან...
_საიდაან?
_აი, ამ ფანჯრიდან,-ჩვენი საძინებლის ფანჯრისკენ გაიქნია ხელი სიბნელეში. საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. ზევით აწევით გავაღე ფანჯარა და თავი გადავყავი. სანდროც გვერდზე მომიდგა.-ფანჯრიდან ფრთხილად გადახვალ ქვედა სართულის სახურავზე, კიდემდე მიხვალ, შემდეგ ბოძზე ჩასრიალდები, მოაჯირზე დადგები და იქიდან შემოსასვლელი კარის წინ ბაქანზე დახტები. კიბეს რომ ჩაირბენ, დილამდე თავისუფალი იქნები.
_გენიოსი ხართ, ბატონო ალექსანდრე!-ცოტა არ იყოს, ხმამაღლა შევყვირე.
_ჩუმად! რა გაყვირებს!-გამაჩუმა.
_...მაგრამ...-უცებ ჩამოვყარ ყურები.-კაბით მაგდენ რამეს როგორ მოვახერხებ?
_რომელი კაბით?-გაუკვირდა.
_რომლით არ ვიცი, მაგრამ ბექას თქმით ისეთ წვეულებაზე მივყავარ, რომ კაბა აუცილებლად უნდა მეცვას, თანაც უბრალოდ კაბა კი არა, საღამოს კაბა!
_კარგი რა! ნუ ხარ პესიმისტი! რა კაბა უნდა იყოს ისეთი, რომ შენ შეგიშალოს ხელი მოძრაობაში?საქმე საქმეზე რომ მიდგეს, გრძელი საქორწინო გაშლილი კაბითაც კი თავისუფლად იხტუნავებ ხიდან ხეზე! თავდაჯერებულობა გაკლია!-დამცინა სანდრომ. გამეღიმა და გულზე მომეშვა.
_კარგი, ვთქვათ ეგ მოვახერხე, მაგრამ კაბა მაინც არ მაქვს. 16 წლის ვარ, სად უნდა დამჭირვებოდა საღამოს კაბა? შენთვითონაც იცი კაბების დიდი მოტრფიალე არ ვარ. რამდენიმე ჭრელი, საზაფხულო კაბა მაქვს, ესაა და ეს.
_იქნებ მაინც ამოარჩიო რამე?
_კარგი რა! ჯინსის კაბით ხომ არ წავალ?
_მაშინ ნატუკას სთხოვე! უეჭველი გათხოვებს.
_ნატუკა ხომ ყოველდღე ელიტურ საღამოებზე დადის რა... რომ ქონდეს მათხოვებდა, ისეთი გულუხვი და დიდსულოვანი გახდა, მაგრამ...
_ჰო...-ჩაფიქრდა.-მოიცა, სალის რომ ვთხოვო?
_რა, კაბა?
_ჰო.
_სირცხვილია.
_მოიცა რა... ახლა დავიძინოთ და ხვალ სხვა შანსი თუ არ გამოჩნდა, სალისგან მოგიტან კაბას.
_მიყვარხარ,-ჩავეხუტე, მხარს ზემოთ ყელზე ვაკოცე, როგორც ყოველთვის და საწოლისკენ წავედი.
_აფერისტო!-მიჩურჩულა და თვითონაც საწოლზე დაეხეთქა.