განშორება
_მერიენ!-გავიგონე ჩურჩული ზურგსუკან, როცა სარკესთან მჯდარი თმას ვივარცხნიდი. სარკესთან დადგმულ ერთადერთ სანთელს სული შევუბერე.
_დაიწყე...-ვთქვი წყნარად, თან თმის ხელით ჩამოვარცხნა განვაგრძე.-მინდა ვიცოდე ყველა წვრილმანი, თუ რატომ გადამხდა ეს ყველაფერი თავს, მე ხომ უკვე ვიცი, რომ ეს სიზმარი არ იყოს. არ მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს ფანტაზიაში მოხდა.
_ეს ყველაფერი შენს ფანტაზიაში მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალობა არ ყოფილა. მერიენ, მე შენი ბედისწერა შევცვალე, სხვაგვარად სამუდამოდ გავიყრებოდით, ვეღარასოდეს გნახავდი.
_ეგ რას ნიშნავს? რატომ ვეღარ მნახავდი? ან საიდან გაქვს ამხელა ძალაუფლება, რომ შეგიძლია ბედი შემიცვალო?
_მერიენ, თუ ღვთის ნებაა, ყველაფერი შესაძლებელია.
_რა შეცვალე ჩემს ცხოვრებაში? რატომ აღმოვჩნდი სარკეში გამომწყვდეული? რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?-სახით იმ ადგილისკენ შევბრუნდი, საიდანაც ხმა მესმოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სიბნელის მეტი ვერაფერი დავინახე.
_შენი მომავალი დავინახე. ზუსტად იმავეს გააკეთებდი, რაც მე გავაკეთე, როცა შენი ადგილი დავიკავე.
_მაშ, ეს შენ იყავი? ვისაც სარკიდან ვხედავდი? რატომ არ მანიშნე? რატომ არაფრით მიმახვედრე?
_ამის დრო არ იყო. წინასწარ იყო დაწერილი, რომ შენ ის ქალი უნდა განგეკურნა, მაგრამ თავად დაავადებულიყავი. მე შენს სიკვდილს ვერ დავუშვებდი, ასე ხომ სამუდამოდ დაგკარგავდი, მიცვალებულთა სამყაროში შენი ადგილი არ არის... ჯერ-ჯერობით. ის სხეული დაავადდა, მაგრამ არა შენი. სიკვდილს გადაურჩი და ამის გარდა რაღაცეებიც დაინახე. ახლა ხომ იცი, ვის უყვარხარ და კიდევ ერთი საიდუმლოს შესახებაც შეიტყვე.
_ჰო, საიდუმლო ოთახი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. რისთვისაა? რა ხდება საერთოდ? საიდან გაჩნდა ეგ საიდუმლო ოთახი?
_მის შესახებ არავინ იცის, არცერთმა ცოცხალმა ადამიანმა, არადა მამაშენის დაბადებამდე ბევრად ადრე შეიქმნა. საჭირო იყო, რომ მის შესახებ გცოდნოდა, თუმცა თავადაც არ ვიცი, რატომ.
_არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი უბრალოდ მოგეყოლა და არ გამოგეკეტე?
_ემილი ჯენკინსის სიცოცხლე გადაწყვეტილია, ორ წელიწადში გოგონა გაუჩნდება და შენს საპატივცემულოდ მერიენს დაარქმევს. შემიძლია მოგიყვე როგორ წარიმართება პატარა მერიენის სიცოცხლე, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს. მისის ემილის უნდა ეცოცხლა, შენი სიკვდილი დაუშვებელი იყო, სხვანაირად როგორ დაგხმარებოდი? ღმერთში ეჭვი ნურასდროს შეგეპარება, მან ყოველთვის იცის, რა არის უკეთესი.
მის ამ სიტყვებს დუმილი მოჰყვა.
_მე ვფიქრობ, რომ შენ არ იმსახურებ იყო ის, რაც ხარ,-ვთქვი წყნარად.
_მასე იმიტომ ფიქრობ, რომ არ იცი როგორი ადამიანი ვიყავი. შენ არ იცი, რისთვის დავისაჯე ასე მწარედ.
_მაშინ მითხარი.
_ამას არასდროს მაპატიებ, მე თავადაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. ადამიანების მსგავსაც, მეც მინდა იმაზე უკეთესი გეგონო ვიდრე ვარ, თუ საერთოდ შეიძლება ჩემზე კარგი წარმოდგენა გქონდეს, მაგრამ შენ ხომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
_მე მაინც მინდა ვიცოდე. ხომ ვხედავ როგორ განიცდი რაც ჩაიდინე. მინდა შენი ტკივილი გავიზიარო, მეტი რა შემიძლია,-გულდაწყვეტილმა დავამატე ბოლო სამი სიტყვა. ის თითქოს ჩაფიქრდა.
_ღმერთის არ მწამდა. ვცხოვრობდი ფარისევლურად, ქარაფშუტულად, უდარდელი ცხოვრებით, შემდეგ კი... ყველაზე წმიდა შევრყვენი და წავბილწე... ამას კი უფალი ღმერთი არასდროს არავის პატიობს,-მის ბოლო სიტყვებში იმხელა მოწიწება და პატივისცემა იგრძნობოდა, წამით ხმის ამოღება ვერ შევძელი. შემდეგ კი ცნობისმოყვარეობამ მძლია:
_ღვთის ტაძარი დაანგრიე? წმინდანთა ქანდაკებანი დალეწე?-ვეკითხებოდი, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
_ეგ რომ მომხდარიყო... ნეტავ, ეგ მექნა...-წაიბურტყუნა სიმწრით. ამ ტკივლითსავსე ხმის გაგონებაზე უნებურად გამაჟრიალა, გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. ხმას ვერცერთი ვერ ვიღებდით.
_ხვალ წირვას უნდა დაესწრო, შემდეგ კი სააღსარებოში დამელოდე,-თქვა უცებ.
_ვერაფერი გავიგე.
_მოიქეცი, როგორც გითხარი,-ისეთი ხმით თქვა, თითქოს ვინმეს დანაბარებს გადმომცემდა.
_გიჭირს გაძლება?-ვკითხე პაუზის შემდეგ, რადგან ამ ღამეს ჩვეულებრივზე სევდიანი მეჩვენა.
_მერიენ, შენთვის არასდროს ვისურვებდი ამ სატანჯველს, მე კი ამას ვიმსახურებ და ვუძლებ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ჩემში ადამიანური გრძნობები სჭარბობენ. ოცნებაც კი გამიჩნდა და ყველაზე რთული სწორედ ესაა, სასოწარკვეთა, რადგან გამოსავალი არ ჩანს.
_რა გაწუხებს ასე ძალიან? მითხარი, გთხოვ. იქნებ დაგეხმარო,-მისი ეს ხმა უდიდეს ტკივილს მაყენებდა, ნეტავ რაიმე შემძლებოდა, რითაც ტკივილს შევუმსუბუქებდი.
_მინდა ადამიანი ვიყო და მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენს გულისცემას ვუსმინო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, შენს ოცნებებში, ფიქრებში, გონებასა და გულში ვიყო. შენ გვერდით, შენს სიახლოვეს ყოფნა შემეძლოს. თუნდაც მსახური ვიყო შენი, როგორც პიტერი, ოღონდ კი გხედავდე და შემეძლოს შეგეხო...-მისი ხმა ერთდროულად მტკიცედ, ნაზად და მგრძნობიარედ ჟღერდა. ამაზე ტკბილი სიტყვები მისგან არ გამეგონა, თუმცა კი ვნატრულობდი ყოველღამით. მაგრამ გაგონილი სიტყვებით აღფრთოვანება ვერ მოვასწარი- დადუმდა თუ არა, ყურისწამღები მსხვრევის ხმა გაისმა, თითქოს მილიონი ბროლის ჭიქა ერთდროულად დაიმსხვრა, თითქოს ზრიალით დაასკდა მიწას ბროლის უზარმაზარი ჭაღი, მაგრამ რაღაცნაირად, გუმანით ვგრძნობდი, რომ ეს ხმები ჩემს გონებაში გაისმა და არა რეალობაში. მაგრამ ხმები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც დავინახე- ფანჯრიდან შემომავალ სუსტ მთვარის შუქზე შავად მოსილი ფიგურა მუხლებზე დაეცა- თითქოს თაყვანს სცემდა რაღაც დიადს, მაგრამ სანამ მე რაიმეს გააზრებას მოვასწრებდი, ის უკვე გაქრა... სიბნელეში, გაურკვევლობაში, გულისგამაწვრილებელ სიჩუმეში ვიწექი და ველოდი რა მოხდებოდა შემდგომ, თუმცა არაფერი მომხდარა. გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე დამეძინა, მაგრამ აისის პირველივე სხივები შემოიპარა თუ არა ოთახში, გამეღვიძა. სახეზე მეცემოდა დღის სინათლე- ფარდების ჩამოფარება დამვიწყნოდა. თავთით დაბალ სადგამზე მოთავსებულ საათს გავხედე- თუ ვიჩქარებდი, წირვას მივუსწრებდი. სანამ ავდექი და შესაფერისი კაბა მოვძებნე, ქვემოთ ხმაურობა გაისმა. მსახურებმა გაიღვიძეს. ზარი გავაწკარუნე და მალე სისი მეახლა ოთახში.
_დილა მშვიდობისა, მის!-მითხრა და თავი დამიკრა.
_დილა მშვიდობისა, სისი! ჩაცმაში მომეხმარე, თუ შეიძლება,-სუნთქვა შევიკარი და ვიგრძენი როგორ შემომეჭირა კორსეტი.
_სისი, წირვაზე ვაპირებ წასვლას, წამოხვალ? მე არ გაძალებ, როგორ გინდოდეს, ისე მოიქეცი.
_მარტო ხომ ვერ გაგიშვებთ სოფელში, მის! რა თქმა უნდა, წამოვალ!-მხიარულად გამომეპასუხა და სალტეების გამოფსკვნა დაიწყო.
მზიანი დილა იყო, ამიტომ ჩემი ქოლგა მოვიმარჯვე და ეკლესიის გზას გავუყევი, სისიც თან მახლდა. ასე მის დანაბარებს აღვასრულებდი. მან მითხრა, რომ წირვის შემდეგ, სააღსარებოში ვნახავდი.
ნახევრადსავსე ეკლესიაში შევაბიჯე, აუჩქარებლად ჩავუარე მერხების რიგებს და ერთ-ერთ პირველ რიგში დავჯექი, გზად ვინც მომესალმა, ყველას თავის დაკვრით ვუპასუხე. სისი ჩემს გვერდით მოთავსდა (მას შემდეგ, რაც ჩემი ქოლგა სადღაც ეკლესიის კუთხეში დააბინავა). რამდენიმე წუთში ეკლესია თითქმის გაივსო და წირვაც დაიწყო. აბატი ჰარვუდი უმეტესად ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს ბუტბუტებდა.
_როგორ მოხდა, რომ მობრძანდა?-გავიგონე ქალის ჩურჩული ზურგსუკან. ნუთუ ჩემზე თქვეს?
_აქამდე არ კადრულობდა სოფელში გამოჩენას, ახლა რა ბზიკმა უკბინა?-თქვა მეორე ხმამ.
_თქვენ არ გაგიგიათ? ემილი ჯენკინსი მაგან განკურნა! თავისთან ჰყავდა წაყვანილი და ჯანმრთელი დააბრუნა, სამაგიეროდ, კინაღამ თვითონ მოკვდა. სასწაულია, რომ გადარჩა!-მესამე ხმა საოცრად კეთილი მომეჩვენა.
_რა სასწაულზე ლაპარაკობ? ემილის თუ უმკურნალა, საკუთარ თავს ვერ განკურნავდა?-უპასუხა შემცბარმა პირველმა ხმამ.
_საქმეც მაგაშია!-ოდნავ ხმამაღლა წამოსცდა "კეთილს", შემდეგ კი ისევ ჩურჩულით გააგრძელა.-მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოუჩნდა, ლოგინად ჩავარდა და როგორც ამბობენ, ბოდავდა. ასეთ მდგომარეობაში აბა, როგორ უმკურნალებდა თავს? თან იცით რას ბოდავდა? ლოცვებს ბუტბუტებდა თურმე და არა, ღმერთო, მერიენი არა-ს გაიძახოდა!
ჩურჩული შეწყდა. ქალები ხმას ვერ იღებდნენ. ზურგს მათი ცნობისმოყვარე მზერა მწვავდა, აბატი ჰარვუდი კი წირვას აგრძელებდა.
წირვის დამთავრების შემდეგ, სააღსარებოსკენ გავემართე. სისი დროებით დამემშვიდობა და მეგობარ გოგონასთან წავიდა სოფელში.
მთელი წირვის განმავლობაში ამ მომენტს ველოდი გულაფანცქალებული. დღის სინათლეზე პირველად ვნახავდი, ვკითხავდი რა დაემართა წუხელ. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ წუხელ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, რომ რაღაც შეიცვალა და დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ სააღრსარებოში შესულს "ის" დამხვდებოდა. თუმცა უყოყმანოდ შევაბიჯე და ხის ცხაურის გვერდით, მეწამული ხავერდის ფარდის უკან დავჯექი. ვიჯექი და ვუცდიდი როდის მოხდებოდა რაიმე. 2 წუთიც არ გასულა, რომ ვიგრძენი ცხაურს იქით ვიღაც იჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხაურის სარკმელი დახურული იყო და ამიტომ ვერ ვხედავდი მეორე მხარეს ვინმე იყო, თუ არა.
_მამაო, აქ ხართ?-ვთქვი და შევამჩნიე ხმა მიკანკალებდა.
_მერიენ, უკანასკნელად ვარ შენთან და ყურადღებით მომისმინე,-სწრაფად ალაპარაკდა ნაცნობი ხმა.-პირველ რიგში, შენს ხელმარცხნივ, ზიარების ღვინოს დაინახავ, დალიე,-სააღსარებოს მარცხენა კედლის პატარა შვერილზე ერთი ციდა თასით იდგა ღვინო. დაუყოვნებლივ ავიღე და მოვსვი. სხეულში მწველმა ჟრუანტელმა დამიარა, როგორც ზიარების ღვინომ იცის.
_მერიენ, შენ ალბათ საკმარისად გაძლიერდი, ამიერიდან ვეღარ მიხილავ, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანებში უნდა გაერიო. თუ გინდა, რომ გულწრფელნი იყვნენ, შენ უნდა იყო გულწრფელი, თუ ხალისიან ადამიანებთან გსიამოვნებს ურთიერთობა, შენ უნდა იყო ხალისიანი, თუ გსურს გაგიგონ, ჯერ თავად შეეცადე გაუგო სხვებს. ნუ მოგერიდება საკუთარი აზრის გამოთქმა, სამართლიანობის აღდგენა, გაჭირვებულთა დახმარება, აღსარების თქმა და ლოცვა.
_რატომ არ შეიძლება "ადამიანებშიც გავერიო" და შენც მოხვიდე ხოლმე?-მეუცხოვა საკუთარი ხმა.
_ეგ უკვე ვცადეთ და შენ თითქმის მომეჯაჭვე. ასეთია ღვთის ნება და ნუ ეცდები მას შეეწინააღმდეგო, მერიენ, რადგან სასჯელი მძიმე იქნება. მას უყვარს თავისი შვილები და გულმოწყალებას იჩენს მათ მიმართ, მშობლიურად ეალერსება მათ, ვინც ნუგეშს საჭიროებს, მიუტევებს მათ, ვინც ინანიებს, მაგრამ სჯის მათ, ვინც იმედს უცრუებს, რადგან არასდროს არავის აკისრებს იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე ამის ატანა შეუძლიათ.
_მაგრამ უშენოდ...
_შენ მშვენივრად გაძლებ უჩემოდ! უკვე ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ყოველგვარი დარდი გაივლის და ბედნიერი იქნები. მანამდე კი, როცა ყველაზე ძალიან გაგიჭირდება და აუტანლად მოგენატრები, მიხვდები სად უნდა მეძებო და სად მიპოვი...
_არ დამტოვო...-დავიჩურჩულე, თუმცა ვიცოდი, რომ სააღსარებოში უკვე მარტო ვიყავი...