სარკეში გამომწყვდეული
სიარულისგან დაღლილი დაბლა ჩავჯექი. სახე ხელებში ჩავრგე და დავიწყე ლოდინი რა მოხდებოდა.
_იქნებ ეს სიზმარია?-წამოვიძახე უცებ. ასე ცხადად რომ არ ყოფილიყო ყველაფერი ვირწმუნებდი, რომ სიზმარი იყო, მაგრამ არა. ყველაფერი სრულიად აშკარა და ცხადი იყო, შეუძლებელია ასე ცხადი სიზმარი დაგესიზმროს. მაგრამ ის მაინც რატომ არ იყო ჩემთან, რატომ არ მამხნევებდა, რატომ არ მარკვევდა სიტუაციაში? უიმედო, სასოწარკვეთილი ვიჯექი და ველოდი. მე თვითონაც არ ვიცოდი რას. არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ დავინახე ბაცი სინათლე მოშორებით. ფეხზე წამოვხტი და იქით გავემართე. ძლივს! ძლივს გამოჩნდა რა უნდა მექნა! სინათლეს მალე მივუახლოვდი, მაგრამ ეს ის არ აღმოჩნდა, რაც მე გამახარებდა.
იქ დავბრუნდი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სარკესთან დავბრუნდი. იმ ადგილთან, საიდანაც ფეხი ამ გაურკვევლობაში შემოვდგი. ამ მხრიდანაც ზუსტად იგივე სარკე იდგა, როგორიც ოთახიდან გადმოსვლისას იყო. თუმცა ამ სარკეში მე კი არ ვირეკლებოდი, არამედ ჩანდა ოთახი, რომელშიც ის იდგა. ოთახში თენდებოდა. ფანჯრებიდან შემომავალი დღის სინათლე ამ უცნაურ სამყაროშიც აღწევდა. სწორედ ეს სინათლე დავინახე იმ წყვდიადში და თურმე მის სანახავად მოვედი აქ. შევეცადე როგორც შემოვედი ამ სიბნელეში, ისევე გადავსულიყავი ამ ოთახში, მაგრამ... ნეტავ, რატომ არ გამიკვირდა, როცა თითისწვერებით მინის გლუვი, გრილი ზედაპირი ვიგრძენი? ვიცოდი! გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს თავსატეხი ასე ადვილად არ ამოიხსნებოდა და რომ აქ უბრალოდ გადმოსვლა არაფრის გულისთვის, არ მოხდებოდა. სანამ რაღაც მისიას არ შევასრულებდი, სანამ რაღაც არ გაირკვეოდა. სარკეს მეორე მხრიდან შემოვუარე, არაფერი განსაკუთრებული. თითქოს შავ უსასრულობაში საიდანღაც ჩამოვარდა ოქროთი მოჩუქურთმებული დიდი სარკე. ისევ მის წინ დავდექი და ოთახის თვალიერება დავიწყე. ნამდვილად ჩემი სასადილო დარბაზი იყო, იგივე მაგიდა, სკამები და სხვა ავეჯი. ჯერ კიდევ ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული, როცა დარბაზის კარები უეცრად გაიღო და ოთახში ელამ შემოაბიჯა. ორივე ხელით ლანგარზე დაწყობილი ჭურჭელი მოჰქონდა.
_ელა! ელა!-მოვრთე ყვირილი.-ელა! მიშველე! აქ ვარ!-ვყვიროდი, მაგრამ მსახურმა საქმიანად დადო ლანგარი მაგიდაზე და სუფრის გაშლა დაიწყო.-ელა! გთხოვ! აქეთ გამოიხედე! მე ხომ აქ ვარ! გთხოოვ!-მუდარაზე გადავედი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ელას ჩემი ხმა არ ესმოდა. გოგონამ ერთ კაცზე გააწყო მაგიდა, ლანგარი იღლიაში ამოიჩარა და დარბაზი დატოვა. მე უიმედოდ დავრჩი სარკის წინ.
_ახლა ნახავენ, რომ საწოლში არ ვარ... ნახავენ, რომ გავქრი...გავუჩინარდი, მაგრამ ამით მე არაფერი მეშველება. ელამ თუ ვერ გაიგო ჩემი ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ გაიგებს. ნუთუ სამუდამოდ ჩავრჩები აქ?-ცრემლი მომერია, მაგრამ დავინახე, რომ ისევ გაიღო კარები და ოთახში... ააარა... ალბათ გავგიჟდი... ან სიზმარია... ან... ან... ან არ ვიცი.
_კატრინა, გთხოვ, სულ ერთი წუთით ჩამოჯექი, გთხოვ...-სახის ნაკვთები ამიცახცახდა, გავოგნდი, გავშეშდი, გავგიჟდი. ეს მე ვიყავი. მე ვიყავი სასადილოში, კატრინასთან ერთად შემოსული ქალი. ღია სადაფისფერი კაბა მეცვა, იდაყვამდე ზომის სახელოებით, რომლებიც მაქმანებით ბოლოვდებოდა. ეს კაბა დიდი ხანია არ მცმია, რატომღაც ბოლო დროს მუქ ფერებს ვანიჭებდი უპირატესობას. თმები უკან გადამევარცხნა და მხრებსა და ზურგზე მეფინებოდა მოხდენილი კულულები.
_მის, ხომ იცით, რომ...
_დაჯექი,-მზერით ვანიშნე და ისიც მორჩილად დაჯდა ჩემს ხელმარცხნივ. მანამდე ჩაი ჩამომისხა ჩაიდნიდან. მე დინჯად შევუდექი საუზმობას. სარკის მიღმა მე-მ კი ტანსაცმელზე დავიხედე, ნამდვილად ხალათმოცმული ვიდექი სიბნელეში, სადღაც ირეალურ სამყაროში და საკუთარ მე-ს ვუყურებდი ამ სამყაროში უადგილოდ გაჭრილი ფანჯრიდან.
_კატრინა! გთხოოოვ!! შემომხედე! როგორ ვერ მხედავ! აქ ვარ! კატრინა!!! როგორ ვერ ცნობ, რომ მე არ ვარ?! ნუ ელაპარაკები მაგ თვითმარქვიას! გთხოოოვ, დამეხმარე!-მთელი ტანით ავეკარი სარკეს და ვცდილობდი კატრინასთვის ხმა მიმეწვდინა, მაგრამ ის ისეთივე ალერსიანი ხმით ელაპარაკებოდა ჩემს ორეულს, როგორც მე მელაპარაკებოდა ხოლმე. -ეი, შენ! როდემდე ითამაშებ ვითომ მე ხარ? ნუ იკავებ ჩემ ადგილს! რატომ გამომამწყვდიე აქ? -ათას სისულელეს გავყვიროდი სანამ „მე“ სარკის მიღმა გემრიელად საუზმობდა. კატრინა წამოდგა და გავიდა.-შენ გელაპარაკები! გამომიყვანე აქედან! -შევკივლე უცებ და ჩემდა გასაოცრად, შევამჩნიე, რომ „მე“ შეკრთა. აშკარად შეკრთა! ჩემი ხმა ესმოდა! თვალები გამიბრწყინდა და უფრო აქტიურად დავიწყე ყვირილი.-გამომიყვანე აქედან! რა გინდა ჩემგან? რატომ დაიკავე ჩემი ადგილი?-მაგრამ ის წამოხტა და დერეფანში გავარდა. ესეიგი მას ჩემი ხმა ესმოდა! თუ მას ესმოდა, რატომ არ ესმოდათ სხვებს? ცოტა ხანში სისი შემოვიდა სუფრის ასალაგებლად.
_სისი! რატომ არ გესმის ჩემი ხმა? რატომ ვერ მხედავ? მე აქ ვარ... დამეხმარე, გთხოვ...-მაგრამ ის ისე გავიდა ოთახიდან, წამითაც არ მოუქცევია ყურადღება.
იმ ერთდერთს ესმის ჩემი ხმა, რა გამოდის? მისგან უნდა გავიგო რატომ მოვემწყვდიე ამ ჯურღმულში და რატომ დაიკავა ჩემი ადგილი მან. ეს უსამართლობაა.
საღამომდე მეტი აღარავინ შემოსულა ოთახში. ჩემდა გასაკვირად, არც შიმშილს ვგრძნობდი, არც წყურვილს, არც რაიმე ადამიანურ მოთხოვნილებას. თითქოს უსხეულო არსება ვიყავი, უხორცო სული ვახშმის დროს კი ისევ გამოჩნდა „მერიენი 2“ და კატრინა ელასთან ერთად. ელამ პირველ რიგში სანთლების ანთება დაიწყო და სულ მალე ოთახი დღესავით განათდა.
_ელა, გთხოვ, ეს ყვავილები გაიტანე, უკვე თავს მატკივებს,-როგორ ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს პრეტენზიული ხმა მე არ მეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც მე და კატრინა ვახშმობას შევუდექით, ელამ შემჭკნარი ყვავილები გაზიდა ოთახიდან.
_მერიენ, ძალიან სწორად მოიქეცი მისის ჯენკინსი აქ რომ გადმოაყვანინე, მაგრამ როგორ აპირებ ექიმის გარეშე მის განკურნებას?-მკითხა კატრინამ.
_მისის ჯენკინსი?-გამიკვირდა სიბნელეში მყოფ „მე“-ს.
_კატრინა, უბრალოდ მენდე... ყველაფერი კარგად იქნება.
_რა უყავი მისის ჯენკინსს?-ვიყვირე ხმამაღლა.
_მერიენ, შენც იცი, რომ გენდობი, მაგრამ მგონი წინდაუხედავი საქციელი იყო. რას იტყვის ლორდი ამ ამბავზე, როცა დაბრუნდება?
_არაფერსაც არ იტყვის,-ვუპასუხე სუფრასთან მჯდომმა, ჩანგლით მოხდენილად ჩავიდე პირში ლუკმა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ზემოთ ხსენებული ლუკმა გადავყლაპე, გავაგრძელე ლაპარაკი.-სანამ მამა და ენი დაბრუნდებიან, მისის ემილი უკვე გამოჯანმრთელებული დაბრუნდება თავის სახლში.
_მაოცებ, მერიენ.
_რა თქმა უნდა, გაოცებს, კატრინა! ეგ ხომ მე არ ვარ! ნუ მისცემ ნებას მისის ემილის რამე დაუშავოს, კატრინა!-ვკიოდი სარკის მიღმა, თუმცა ამაოდ.
_კიდევ უფრო გაგაოცებ, თუ გეტყვი, რომ დღეს მამა ჰარვუდს აღასრება ჩავაბარე...-ძალიან ხმადაბლა, უცნაური ღიმილით დაასრულა და... და სარკეში მე გამისწორა თვალი! წარბები შევიკარი და თვალებში ჩავაშტერდი.
_რა? რა უთხარი მამა ჰარვუდს? რა გინდა ჩემგან? გამომიშვი!!!-ვთქვი მკაცრად და გარკვევით.
_რა არის?-თვითმარქვიას მზერას გამოაყოლა კატრინამ და სარკეს დაუწყო თვალიერება. „მერიენმა“ მაშინვე მზერა მომაშორა, კატრინას მიუბრუნდა და უთხრა:
_გასაწმენდია, ელას სთხოვე, ხვალ გაწმინდოს.
_კარგი. ელიზაზე მოუყევი ჰარვუდს?
_ჰო, ელიზაზეც და სხვა მნიშვნელოვან რაღაცეებზეც...-ისევ მე გადმომხედა „მერიენმა“.-კატრინა, გთხოვ, სახლში მყოფთ სთხოვე აქ შეიკრიბონ, მანამდე ელამ მაგიდა აალაგოს, პიტერმა კი ცეცხლი დაანთოს,-კატრინამ თავი დაუქნია და გავიდა.
_რას უპირებ მისის ემილის? რატომ აკეთებ ამას? ნუ იქნები ბოროტი, შენც ხომ იცი, რომ ის კარგი ადამიანია, ერთგული, კეთილი... გთხოვ...-მშვიდად, მაგრამ ვედრებით ველაპარაკებოდი.
მერიენი წამოდგა, სარკეს ოდნავ მოუახლოვდა, თვალებში შემომხედა და ტუჩებზე თითი მიიდო, მანიშნებდა გაჩუმდი, ხელს ნუ მიშლიო.
_გთხოვ...-დავიჩურჩულე კიდევ ერთხელ, მაგრამ მან მზერა მომარიდა, რადგან ელა შემოვიდა. მერიენი მიბრუნდა და ბუხართან ახლოს ფუმფულა სავარძელზე ჩამოჯდა. სანამ ელა სუფრის ნარჩენებს ალაგებდა, პიტერი შემოვიდა გაშლილ ხელებზე დალაგებული ერთმანეთზე შეწყობილი შეშის ნაჭრებით. მერიენს მდაბლად დაუკრა თავი და ბუხართან დაიჩოქა.
_დღეს რაღაც განსაკუთრებულად ცივა, არა?-შეჰღიმა იქვე მჯდარ მერიენს და თან შეშის შელაგება დაიწყო.
_დიახ,-ზედაც არ შეუხედავს, ისე უპასუხა მერიენმა.
_კატრინამ თქვა, რომ რაღაც საქმე გაქვთ ყველა მსახურთან.
_დიახ,-იმავე ტონით უპასუხა. ჩემი ცვლილებით ჩაფიქრებულმა პიტერმა თავი მიაბრუნა და ბუხარში შეწყობილ შეშას ცეცხლი წაუკიდა.
_მაშინ დავრჩები,-თქვა, როცა საქმეს მორჩა.
_დიახ, ოღონდ კართან ახლოს დაიცადეთ,-გულგრილად უპასუხა მერიენმა და ცეცხლს ჩააშტერდა. სახეგაქვავებული პიტერი კარისკენ გაემართა და მის გვერდით დადგა. მალე კარები გაიღო და მსახურები ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ. უკლებლივ ყველა პიტერის გვერდით გამწკრივდა. მერიენი ფეხზე წამოდგა.
_თქვენი აქ შეკრების მიზეზი ერთადერთია,-არ უნდა მიეკაროთ ჩვენს სტუმარს, მისის ემილი ჯენკინსს. ის მძიმედაა ავად და ჩემს გარდა, არავის, არცერთ თქვენგანს არ ექნება მასთან მიახლოების, მის ოთახში შესვლის საშუალება, გასაგებია?
_გასაგებია, მის,-მიპასუხეს ერთხმად ქალებმა.
_გასაგებია?-მერიენმა მდუმარე პიტერს შეხედა თვალებში.
_გასაგებია, მის,-უპასუხა მანაც ყრუდ.
_საჭმელსაც მე თავად შევუტან და მე მოვუვლი. თუ სიკვდილი არ გსურთ, ნურავინ გადააბიჯებთ მისი ოთახის ზღურბლს.
_მისის ფრიდა, რომ...-წამოიწყო ელამ, მაგრამ მერიენმა გააწყვეტინა.
_რაც შეეხება მისის ფრიდა ჯენკინსს,-დავინახე პიტერმა როგორ ცნობისმოყვარედ შეხედა მერიენს დედამისის ხსენებაზე.-თუ ის ესტუმრება მისის ემილის, მაშინვე ჩემთან შემოიყვანთ. კიდევ არის კითხვები?
_ყველაფერი გასაგებია, მის,-თქვა კატრინამ, დანარჩენებმა მორჩილად დახარეს თავი.
_შეგიძლიათ წახვიდეთ. ელა, ჭიქა რძე გაამზადე მისის ჯენკინსისთვის. ცოტა ხანში ოთახში ვესტუმრები.
_დიახ, მის,-თავი დამიკრა ელამ და პირველი გავიდა ოთახიდან. დანარჩენებიც მიყვნენ, მხოლოდ პიტერი ითრევდა ფეხს, მაგრამ ბოლოს ისიც გავიდა. ოთახში მხოლოდ კატრინა დარჩა, რომელიც კარისკენ ზურგით დამდგარ მერიენს მიუახლოვდა და ბუხრის წინ, მის გვერდით დადგა.
_მერიენ, მეტისმეტი სიმკაცრე ხომ არ მოგდის?
_კატრინა, ეს სერიოზული ამბავია. მკაცრად თუ არ გავაფრთხილებ, ამ ავადმყოფობას მისის ემილი თუ არა, სხვა ემსხვერპლება,-ძლივს გავიგონე ჩემი ჩვეული მშვიდი, თბილი ხმა.
_საკუთარ თავზე რას იტყვი? შენ რომ გადმოგედოს დაავადება?-მერიენი მიბრუნდა და შეშინებულ, მზრუნველ თვალებში ჩახედა მოხუცს.
_ნუ ღელავ, კატრინა, მე არაფერი მომივა.
_თავს უბრალო გლეხის ცოლისთვის სწირავ?-მერიენმა თავი დახარა, ცეცხლის ალს ჩააშტერდა.
_მის, რძე მზადაა,-ოთახში თავი შემოყო ელამ. ოთახიდან გავიდნენ. ისევ მარტო დავრჩი. მალე ალბათ ვინმე შემოვიდოდა სანთლების ჩასაქრობად, მე კი აქ სულ მარტო დავრჩებოდი. ვერ გამერკვია „მერიენს“ მართლა მისის ემილის განკურნება უნდოდა, თუ მისი მოკვლა? მოკვლა რატომ უნდა ნდომოდა? თანაც ისე დამარწმუნებლად საუბრობდა. მაგრამ კეთილი არსება რომ ყოფილიყო, ჩემს ადგილს არ დაიკავებდა.
უცნაურ ფიქრებში გართულმა დავინახე, რომ ოთახში ისევ მერიენი შემოვიდა. ალბათ მთელი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ოთახი დატოვა. სახე გაჰფითრებოდა. პირდაპირ სარკისკენ წამოვიდა. სანამ პირს გააღებდა რაიმეს სათქმელად, ცხვირზე მოისვა ხელი. ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა!
_ჯანდაბა!-წაიბურტყუნა და ჩემი მაქმანიანი ცხვირსახოცით მოიწმინდა სისხლი.-ესეც პირველი სიმპტომი!-ნაძალადევად გამიღიმა.-ერთ კვირას როგორ გავძლებ, შენ არაფერზე ინერვიულო,-მითხრა წყნარად.
_ერთი კვირის მერე რა იქნება? რას გულისხმობ? რას აპირებ? გამომიშვი აქედან!-დავტეხე ყვირილი, მაგრამ ის უკვე მოშორდა სარკეს. ცხვირსახოცი კიდევ ერთხელ მოისვა ცხვირზე და ბუხართან სავარძელზე დადო, შემდეგ ბუხრის მარჯვნივ, კედლის მთელ სიგრძეზე ერთ მწკრივად დაწყობილი წიგნებიანი თაროებისკენ წავიდა. გაიწია, თითქოს უნდოდა, რომ კარგად დამენახა რას აპირებდა, ქვემოდან მეოთხე თაროზე, კუთხესთან ყველაზე ახლოს დაწყობილი ორი წიგნი ერთდროულად გამოსწია, ირონიულად გამომხედა და... თარო გვერდით გადაქანდა, ჩინური კარივით გაიწია და საიდუმლო გასასვლელი გამოაჩინა! არ ვიცი, საიდან გაჩნდა თვითმარქვიას ხელში წითელი ვარდი, მაგრამ დამანახა და გასასვლელში გაიარა. ვხედავდი როგორ ჩადიოდა კიბეებზე, დავინახე რომ თანდათან გამკვეთრდა სარდაფიდან ამომავალი სინათლე, ალბათ სანთლებს ანთებდა. შემდეგ საიდუმლო კართან დაბრუნდა, შემომხედა, ტუჩებზე ისევ მიიდო თითი ირონიული ღიმილით, ანუ არსად გამთქვაო და კარები მიიხურა. სარდაფიდან ამომავალი სინათლე გაქრა. მის ამოსვლას ველოდი, იმედი მქონდა, მანამდე გაოგნება გამივლიდა და კითხვების დასმას შევძლებდი, მათზე პასუხებს მივიღებდი. მაგრამ საიდუმლო კარის ნაცვლად დარბაზში შემოსასვლელი კარი გაიღო და პიტერი შემოვიდა.
_მის მერიენ...-წამოიწყო მან, მაგრამ ოთახში რომ ვერავინ დაინახა, გაჩუმდა. ბუხარს მიუახლოვდა, გაკვირვებულმა გაიხედ-გამოიხედა და სავარძელზე დატოვებული ცხვირსახოცი შენიშნა. ხელში აიღო, მეც კი დავინახე მასზე სისხლის წვეთები. ჩემდა გასაკვირად, პიტერმა კარს გახედა ქურდულად და ჯიბეში ჩაიჩურთა ცხვირსახოცი, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
_ეს რა უბედურებაა ჩემს თავს?-გაკვირვებულმა წამოვიძახე. უცებ საიდუმლო კარი გაიღო, სიბნელიდან ორეულმა გამოაბიჯა, კარი მიხურა და მაშინვე ბუხართან მიდგმულ სავარძელს მიაბჯინა მზერა.
_უკვე წაიღო ცხვირსახოცი?-ღიმილით მკითხა. მე გაშტერებული მივაჩერდი, მაგრამ კივილი აღმომხდა, როცა სრულიად გულგრილი სახით ჩაყო ხელი ცეცხლის ალში, იქიდან ფერფლი ამოიღო მუჭით და ტუჩებთან მიიტანა. მეგონა გადაყლაპვას აპირებდა და ხავილი დავიწყე, ეს რაღაც ავი სულების, კუდიანების რიტუალი მეგონა, მაგრამ არა, ფერფლს თითქოს რაღაც უჩურჩულა, სარკეს მოუახლოვდა და გარკვევით მითხრა:
_ექვს დღეში შევხვდებით, მშვიდად იძინე!-შემდეგ ფერფლიანი მუჭი სარკისკენ გამოიშვირა და ფერფლს სული შეუბერა. ფერფლის ნაწილაკებმა სარკეში გამოიარა და მე უცნაურ, სიმშვიდის კვამლში გავეხვიე. კოშმარი დასრულდა.