ეპისკოპოსი ლევენდერი
სახლში მისულებს მამა მოგვეგება.
_შეგაგვიანდათ!-გვითხრა უკმაყოფილოდ, შემდეგ კი სასადილო ოთახში გაგვიძღვა სავახშმოდ. სუფრა უკვე გაეშალათ. სანთლების ბაცი სინათლე ანათებდა მაგიდაზე დახვავებულ საჭმელსა და ხილს.
_მამა, აბა, გამოიცანი, რა სიახელა საროუებთან!-წამოიწყო ენმა, როცა სუფრას მივუსხედით და ჭამა დავიწყეთ.
_ენ, ჭამის დროს ლაპარაკი უზრდელობაა!-გადავულაპარაკე ხმადაბლა.
_გამოიცანი!-ენი თავისას აგრძელებდა, მამამ მხრები აიჩეჩა.
_ამჯერად რაღა მოიგონა,-გავიგონე როგორ ჩაიბურდღუნა, მაგრამ ენს არ გაუგონია.
_უსიმპათიურესი, უჭკვიანესი...
_ჰო, და უთავხედესიც...-ჩავაკვეხე ერთი სიტყვა, მაგრამ ენმა არც შეიმჩნია. მამას ამაყად შემართულ ულვაშებში ჩაეცინა.
_... მისტერ ჯონათან საროუ ჰყავთ სტუმრად. ჯონათანი ჰელენის კუზინაა, რომელიც თვითონ ჰელენმაც კი ახლა გაიცნო, წარმოგიდგენია?
_ვერა,-მოუჭრა მამამ და მე მომიბრუნდა.-გაუგზავნე მოწვევა ეპისკოპოსს?
_დიახ, მამა. გვთხოვს ხვალ 6 საათისთვის ეტლი გავუგზავნოთ.
_ამ საქმეს შენ მიხედე, არ დაგავიწყდეს ჯენკინსის გაგზავნა.
_დიახ, მამა.
_მერიენ, ხვალაც ხომ წავალთ საროუებთან?
_წახვალ, ოღონდ უჩემოდ,-ვუპასუხე გულგრილად.
_არავითარ შემთხვევაში!-გაკვირვებულები მივუბრუნდით მამას.
_ხვალ ეპისკოპოსს უნდა გაუწიოთ მასპინძლობა. ხოლო საროუებთან, მის ენ სტრატფორდ,-მკაცრად მიუბრუნდა ენს მამა.-დის გარეშე ვეღარ წახვალთ, როგორც აღმოჩნდა იქ ახლა ახალგაზრდა ჯენტლმენი ცხოვრობს და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასეთ სიტუაციაში შენი მარტო სტუმრობა, გასაგებია?
_მამა!
_მამა!-გავაპროტესტეთ ორივემ ერთდროულად.
_განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!-სერიოზული ტონით თქვა მამამ. მე და ენმა შეწუხებული გამომეტყველებით გადავხედეთ ერთმანეთს. არც მე მაწყობდა ენის ყოველ წამოვლაზე იმ შებერტყილთა ბუდეში სტუმრობა და არც ენს აწყობდა ყოველ ჯერზე, როცა წასვლა მოუნდებოდა ჩემთვის ხვეწნა წამომყევიო.
შესაბამისად, ვახშმის ბოლომდე მე და ენი დაბღვერილები ვუყურებდით მამას. ჭამას რომ მოვრჩი, წამოვდექი, ოთახში მყოფთ თავი დავუკარი, დაღლილობა მოვიმიზეზე და საძინებელში ავედი. სრული სიბნელე სუფევდა, მაგრამ სანთლების ანთება არც მიფიქრია. თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე იმის მოლოდინში, როდის გაჩნდებოდა უცებ არსაიდან. მოულოდნელობისგან შევხტი, როცა კარზე დააკაკუნეს. ოთახში სისიმ შემოყო თავი.
_დაგეხმაროთ, მის?
_არ არის საჭირო, სისი, გმადლობ.
_ღამე მშვიდობისა, მის!
_ღამე მშვიდობისა, სისი.
მსახურმა კარი გაიხურა. მე ძველი საქმიანობა განვაგრძე.
_აქ ხარ?-დავიჩურჩულე ალალბედზე.
_ჰო,-გაისმა ჩემს ყურთან და მე კიდევ ერთხელ შევხტი. მოვტრიალდი და მის თვალებს წავაწყდი. ცეცხლის ალივით ელვარე, მბჟუტავ თვალებს, რომლებიც მზერით მბურღავდნენ. როგორც მითხრა, სიბნელეში ისეთივე შესახედაობა ჰქონდა, როგორიც ადამიანობისას- როგორც ჩანს, სიცოცხლეში საკმაოდ მიმზიდველი იყო.
_მომენატრე...-დავიჩურჩულე და შევეცადე მის კაპიშონში შემეღწია. ამაოდ, ის მაშინვე გაიწია უკან, თუმცა გამომეტყველება არ შეცვლია, ისევ თბილი მზერით მიყურებდა.
_მგონი ვიღაცამ თავი მოგაბეზრა, არა?-მკითხა ჩვეული ღიმილით.
_შენ საიდან იცი?-თვალები დავაჭყიტე.
_მე ყველაფერი მესმის და ყველაფერს ვხედავ,-სერიოზული ტონი ჰქონდა.
_ნეტავ, იქ ყოფილიყავი...-ამოვიოხრე.
_რომ გითხრა, იქ ვიყავი-მეთქი?
_გიპასუხებდი, მერე იმ პატივმოყვრულ სიფათში ერთი რატომ არ ხიე-მეთქი.
_მერიენ, შეიძლება შენთვის ძალიან ვგავარ ადამიანს, მაგრამ იმ იდიოტისთვის მართლაცდა პატივმოყვრულ სიფათში „ხევა“ არ შემეძლო, გასაგები მიზეზების გამო.
_სამწუხაროა,-ჩავიბურტყუნე.
_ჰო, მეც მწყდება გული,-მასაც მოწყენილი ხმა ჰქონდა და გამიკვირდა.
_რამე ახალია... იქ?-შევცვალე თემა.
_სად?-დაღლილი გამომეტყველებით შემომხედა, თითქოს მამოწმებდა გავბედავდი თუ არა თქმას.
_იქ, შენთან...-გაუბედავად წავიბლუყუნე და მაშინვე პირზე ავიფარე ხელი, მაგრამ მან მაინც შეამჩნია, რომ დამამთქნარა.
_დაწექი, დაიძინე,-მითხრა ღიმილით.
_ოღონდ არ წახვიდე, კარგი? მინდა გიყურო და ისე დავიძინო.
_აქ ვიქნები,-თავი დამიქნია, გავიბადრე.
_ამმ, როგორ გამოვიცვალო?-წამოვდექი. გაეღიმა.
_წავალ...-მაშინვე ხელები გავასავსავე.-...ცოტა ხნით. დაწექი და მაშინვე მოვალ,-თავი დავუქნიე და ჰაერში გალღვა.
5 წუთიც არ გასულა, უკვე საწოლში ვიწექი გასუსული. მის გამოჩენაზე გავიღიმე.
_ლამაზი ხარ...-დავიჩურჩულე ხანგრძლივი უხმო მზერის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ.
_შენ კიდევ არანორმალური!
_რატომ?
_იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ახლა ბედნიერი ხარ! ვგრძნობ, რომ ბედნიერი ხარ. როგორ შეგიძლია ბედნიერი იყო, როცა... პირდაპირ მაოცებ!
_ეს შენ მაოცებ, როცა ამდენ დროს კარგავ ჩემზე.
_ეს რომ დროის კარგვა იყოს, აქ არ ვიქნებოდი. ვინც აქ გამომგზავნა იმაზე უკეთ არავინ იცის დროის ფასი.
_მითხარი, შენ „ის“ გინახავს?-ვკითხე პაუზის შემდეგ გაუბედავად.
_ვინ?
_აი, ის... მთავარი... შემოქმედი....-თვალებში ჩამაშტერდა. უეცრად ქუთუთოები დამიმძიმდა და თვალები დამეხუჭა.
_მშვიდ ძილს გისურვებ...-გავიგონე რბილი ხმა და ძილმა წამიღო. დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გამაღვიძა. ფანჯრის კუთხეში ფარდა გავწიე და აღმოვაჩინე, რომ მშვენიერი, მზიანი დილა იყო. საწოლთან მიდგმული პატარა სადგამიდან ზარი ავიღე და გავაწკრიალე. ცოტა ხანში ოთახში სისი გამოჩნდა.
საუზმის შემდეგ ბაღში გავედი და ლანჩამდე იქ ვიყავი. ჯერ ჩემ ვარდის ბუჩქს მივხედე. ის იყო საქმიანობას მოვრჩი, რომ ჩემსკენ მომავალი ჯენკინსი შევნიშნე, თან ახალგაზრდა კაცი მოჰყვებოდა.
_დილა მშვიდობისა, მის მერიენ!-დამიძახა შორიდანვე. წელში გავიმართე და სამუშაო, რუხი ნაჭრის ხელთათმანები მოვიხსენი.
_დილა მშვიდობისა, ჯენკინს,-მომლოდინე მზერით ვუპასუხე.
_მის მერიენ, ეს ჩემი ძმიშვილი, პიტერია, ლორდმა ნება დართო აქ ემუშავა.
_ძალიან კარგი. გამარჯობა, პიტერ,-ხელი გავუწოდე და მხარბეჭიანი, ძლიერი აღნაგობის მქონე უცნობი შევათვალიერე. ღარიბულად ეცვა, ისევე როგორც მის ბიძას. თუმცა მაინც რაღაც მოხდენილობა ეტყობოდა. რუხი ფერის ზედატანის მკლავები იდაყვებამდე აეკაპიწებინა- მზად იყო მუშაობის დასაწყებად. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ჩემზე დიდი არ იქნებოდა, მუშაობისგან გაუხეშებული ხელით ჩამომართვა ხელი.-სასიამოვნოა შენი გაცნობა.
_გმადლობთ, ჩემთვისაც, მის,-თქვა ოდნავ ხრინწიანი, ოდნავ უხეში, ოდნავ მორჩილი ხმით.
_ჯენკინს, აჯობებს შენ ასწავლო რა უნდა გააკეთოს.
_რა თქმა უნდა, მის. თუმცა სწავლება რად უნდა, შეხედეთ როგორი ბიჭია, ყველაფერი ეხერხება!-ისეთი სიამაყით გადახედა თავის ძმიშვილს, თითქოს ჩვეულებრივი ბიჭი კი არა, ჯადოსნური საუნჯე, თვალისჩინი ყოფილიყოს. მაგრამ მზერა ჯენკინსის სიამაყის ობიექტზე რომ გავადავიტანე მისი რეაქციის სანახავად, შევამჩნიე, რომ თვალისდაუხამხამებლად მიყურებდა. მაგრამ ეს დავინახე თუ არა, მდაბლად დახარა თავი.
_აღარ მოგაცდენთ, მის,-გაბადრული დამემშვიდობა ჯენკინსი და წავიდნენ.
_სულელი ბავშვი...-ღიმილით ვთქვი, როცა გამშორდნენ და სახლში შევედი.
ცოტა ხანში კალათით ხელში დავბრუნდი. ყვავილების დაკრეფას ვაპირებდი. ეპისკოპოსის ხასიათი ზედმიწევნით მქონდა შესწავლილი და ვიცოდი, როგორ უყვარდა ყვავილების ნელსურნელება. საკმევლის სურნელს ამსგავსებდა და თავს უფრო შინაურულად გრძნობდა. არ მინდოდა მისი საყვედური კიდევ ერთხელ მომესმინა ბუნების საჩუქართან დაკავშირებით, თანაც მეც მიყვარდა ყვავილებით მორთულ სახლში ტრიალი, ამიტომ სახლში სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ყვავილებით სავსე კალათით დავბრუნდი.
_ლარნაკებში ჩავაწყო, მის?-მომეგება სისი კალათის გამოსართმევად.
_მე თვითონ, სისი. ჩემი და სად არის?
_მის ენი ლონდონში გასამგზავრებელ ბარგს ალაგებს.
_კი მაგრამ... როდის მიდიან?
_ხვალ, მის.
_გმადლობ, სისი. თავისუფალი ხარ, ყვავილებს მე მივხედავ.
ჰოლში, სარკის წინ დადგმული ლარნაკისკენ გავემართე. ფერების შეხამებით ჩავაწყვე ყვავილები და მრგვალი თაიგული გამომივიდა. თავმომწონედ შევათვალიერე ნამოქმედარი და ამ დროს სარკეში მოვკარი თვალი ჩემ თავს. მაღალი შუბლი, გრძელი წამწამები, მკვეთრად მუქი მწვანე თვალები, რომლებიც რატომღაც ერთდროულად გულუბრყვილო და თან ეშხიან იერს მანიჭებდა, მაღალი ღაწვები, გაბუშტული ტუჩები, რომლებიც ელფერით ლალის ქვებს მოგაგონებდათ. კმაყოფილი ვიყავი ბედის, რომ ასეთი გარეგნობა მომცა, თუმცა ამის გარეშეც არ ვიქნებოდი უკმაყოფილო. უფრო პირიქით, ვიქნებოდი მშვიდად, ჩემთვის. ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე. ყურებთან ჩამოშლილ პატარა კულულებში ჩაკარგული წვრილი საყურეები ნაზად ელვარებდა და ჩემს თეთრ სახეს ეხამებოდა.
_მის მერიენ,-მომესმა უცებ და შევხტი. სარკეში დავინახე ჩემს უკან ის, ახალმოსული, პიტერი იდგა.
_ამმ, დიახ, პიტერ,-მისკენ შემოვბრუნდი.
_თავლიდან მოვდივარ, ბიძაჩემმა დამხმარის გაგზავნა გთხოვათ. ერთ-ერთი ფაშატი მშობიარობს.
_აჰ, „ქარის მდევარი“ მშობიარობს?-გამოვცოცხლდი.-მომყევი,-ვუთხარი და სამზარეულოსკენ წავედი.
კატრინას დახმარებით ქვეყნიერებას ულამაზესი, დედასავით თეთრი კვიცი, „მებრძოლი სული“ მოევლინა. კატრინას გადმოცემით, კვიცი კინაღამ დაიღუპა დაბადებისას, მაგრამ იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ გადარჩა და ამიტომ ეს სახელი ვუწოდე.
სანამ კვიცი დაიბადებოდა, მე მისაღები დარბაზი, სასადილო და ბიბლიოთეკა ყვავილებით მოვრთე. ახლა ყველა ლარნაკში ნაირფერი ყვავილები იწონებდნენ თავს და სახლში მათი ნაზი სურნელება იფრქვეოდა. ეპისკოპოსი ნამდვილად კმაყოფილი დარჩებოდა.
ლანჩის შემდეგ, ჯერ ბიბლიოთეკაში გავედი და კითხვით შევიქციე თავი, შემდეგ ხელსაქმით დავკავდი, ცხვირსახოცებზე ყოველთვის საკუთარი ხელით ვქარგავდი ჩემს ინიციალებს, თუმცა ამჯერად ენს მოვუქარგე ისე, რომ ჯერ თვითონაც არ იცოდა. ამის შემდეგ თავლაში გავედი და კვიცი მოვინახულე. დაქანცული ჯენკინსი კუთხეში იჯდა, თუთუნს ეწეოდა და ასევე დაქანცულ კატრინას ელაპარაკებოდა ახალდაბადებულზე. მათაც კვიცთან ერთად იბრძოლეს მისი გადარჩენისთვის.
_ჯენკინს, აჯობებს სახლში წახვიდე, თავი მოიწესრიგო. 6 საათისთვის ეპისკოპოსს უნდა ეახლო ეტლით.
_დიახ, მახსოვს, მის, ახლავე წავალ, გამოვიცვლი,-წამოდგა, თავი დამიკრა და წავიდა.
_კატრინა, სახლში შემოდი, დაისვენე.
_და სადილს ვინ გაგიკეთებს?
_...თ, მის მერიენ,-შევუსწორე ღიმილით.-რას მივირთმევთ სადილად?
_თითქოს ძალიან გაინტერესებდეს. ეს ლორდის ზარის ხმაა?-იკითხა უცებ როცა სახლში შევედით.
_მგონი კი,-სწორედ ამ დროს ვიღაც კაბინეტში შევიდა და ღრიალის ხმა მოგვესმა.
_შეხედე! შეხედე რომელი საათია! ამდენი ხნით სადილის დაგვიანება როგორ შეიძლება?!
_მაგრამ, მისტერ სტრატფორდ...
_5 წუთს გაძლევთ! თუარადა ყველას დაგითხოვთ, გასაგებია? 5 წუთი!
_როცა შია, პირდაპირ მხეცდება,-გადავულაპარაკე კატრინას. მან უკმაყოფილოდ აძგიბა წარბები და სამზარეულოში წავიდა.
_საით?-დავადევნე მიმავალს.
_ხომ გაიგონე, 5 წუთიო!-თქვა უკმაყოფილო კილოთი. გამეღიმა. მიყვარდა ეს ფუმფულა, ხან ბრაზიანი, ხან საყვარელი, ხან მკაცრი, ხარ თვინიერი ქალი. ის მიწევდა დედის მაგივრობას, ის მიშუშებდა სულიერ ჭრილობებს, ის მანუგეშებდა, როცა ყველა მეჩხუბებოდა და ის მიმითითებდა ჩემს შეცდომებზე, როცა ყველა მეუბნებოდა, რომ იდეალური ვარ.
ასეთ სიტუაციაში მამასთან მიკარება არ ღირდა, ამიტომ ზემოთ გავემართე. ენის ოთახში შევიჭვრიტე. ის ისე იყო გართული საქმიანობით, რომ ვერც შემნიშნა.
_მის მერიენ,-სამაგიეროდ დამინახა ელამ და რევერანსით მომესალმა.
_მერიენ!-წამოიძახა ენმა.-დამეხმარე, გთხოვ, თორემ ვერაფერს ვერ ვასწრებ. ვერ მომიფიქრებია რომელი კაბები წავიღო. ყველა ხომ არ წამეღო?-მართლაც შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა. თითქოს ინგლისის ყოფნა-არყოფნის საკითხს წყვეტდა.
_ენ, ყველა კაბა რომ წაიღო, ეტლში შენი ადგილი აღარ დარჩება!-ვუთხარი სიცილით.-ახალი ამბავი იცი?-ვკითხე მხიარულად, მაგრამ მას ისე გაუბრწყინდა თვალები, აშკარად არასწორად გაიგო ჩემი მხიარულების მიზეზი.
_არ არსებობს! არ მითხრა, რომ მამამ ჯონათანი დაპატიჟა ვახშმად და ის სულელი ბერიკაცი ამაღამ ლაპარაკით ყურებს ვეღარ გამოგვიჭედებს! ო, ღმერთო, ჩემო, სერ ჯონათან საროუ გვიხსნის ამ ტანჯვისგან!
_ვწუხვარ, ენ, მაგრამ „სერ ჯონათან საროუ“ არაფერ შუაშია ამ ამბავთან. ეპისკოპოსის „კლანჭებისგან“ ვერაფერი გვიხსნის. „ქარის მდევარმა“ სულ თეთრი, ფითქინა კვიცი გააჩინა. იცი, რა საყვარელია? წამოდი, ვნახოთ. სადილამდე კიდევაა დრო.
_კვიცი?-ისეთი გამომეტყველებით მკითხა, აშკარად შეეპარა ეჭვი ჩემს საღ გონებაში.-
_ჰო, ენ, თეთრი, პატარა, უსუსური, საყვარელი კვიცი.
_მაპატიე, არ მცალია,-თქვა და თავის კაბებს მიუბრუნდა.
_ხან რა უჟმური ხარ!-ვუთხარი და გამოვბრუნდი.
_მერიენ, სადილის მერე ვნახოთ, კარგი?-დამადევნა. ალბათ დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო, რადგან ის დიად ლონდონში, თავისი ოცნების ქალაქში მიდიოდა, მე კი აქ, მისი აზრით მოწყენილობის სავანეში ვრჩებოდი.
_კარგი, -დავიძახე უხალისოდ. სანამ ქვემოთ ჩავდიოდი სადილის ზარიც დაირეკა და სასადილო ოთახში მოვიყარეთ თავი. მამა ისევ ბუზღუნებდა.
_...ჩემს მამულში ამას ვერ ავიტან! როგორ ჩემს საკუთარ სახლში სადილს მიგვიანებენ? კიდევ ერთხელ თუ დაიგვიანებს ასე სადილი, ყველაფერი ცუდად დასრულდება ამ უსაქმურებისთვის...-და კიდევ ათასი უაზრო რამ თქვა. მაგრამ მე სრულიად მშვიდად მივუბრუნდი და ვუთხარი.
_მამა, თქვენ საზრისს მოკლებულ, ბუზღუნა მოხუცს ემსგავსებით. როგორ არ გესმით, რომ სადილზე მნიშვნელოვანი პატარა კვიცის დაბადება იყო? კატრინა ეხმარებოდა ჯენკინსს, სწორედ ამიტომ შეაგვიანდათ და მგონი არ ღირს საკვების ოდნავ დაგვიანებით მიღების გამო ამხელა აყალმაყალის ატეხვა!-ბოლოში ცოტა გამკიცხავი კილო მქონდა.
_მერიენ!-აღშფოთდა მამა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, უკვე თავადაც სინდისი ქენჯნიდა საჭმლის გამო ამხელა ალიაქოთის ატეხვისთვის. გამარჯვება მიღწეული იყო, ამიტომ გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
_ესეიგი, ლონდონს ხვალ მიემგზავრებით?
_დიახ, თუმცა არ მინდა შენი აქ დატოვება,-დაამატა წყნარად.
_ჩემი დარდი ნუ გექნება, გთხოვ, თითქოს ბედის ანაბარა მტოვებდე. ამდენი მსახური მახვევია გარს,-მამა საეჭვოდ ჩაჩუმდა.
_ჯენკინსი ჩვენ მიგვყავს,-გაუბედავად თქვა ენმა.-უფრო სწორად მას მივყავართ.
_რაა?-ურწმუნო მზერით მივაჩერდი ჯერ ენს, შემდეგ მამას. ეს უკანასკნელი რატომღაც თვალს მარიდებდა.-მამა! მართალია რასაც ენი ამბობს?
_მერიენ, ჰერსტი უნდა დავტოვო, საქმეებს უნდა მიხედოს და სხვა ვინ წაგვიყვანს?-დაიწყო თავის მართლება მამამ.
_არა, მამა, ვინც გინდა ის წაიყვანე! თუნდაც ელამ მართოს ეტლი! ოღონდ ტობიას ჯენკინსი ჩემთან დარჩება!-განვაცხადე კატეგორიულად.
_მერიენ, სულ ერთი კვირით...
_არავითარი!
_შენთან პიტერი დარჩება და...
_აი, თურმე რაში გჭირდებოდა ეს პიტერი! არავითარ შემთხვევაში! ტობიასი რჩება! პიტერი თქვენ წაიყვანეთ!-გავანჩხლდი, ფეხზე წამოვხტი და კარისკენ გავემართე.
_მერიენ!-წამოიკნავლა ენმა.
_თავი დამანებე!-შევუღრინე და ოთახიდან გავვარდი.
როგორც ყოველთვის, ცრემლები მომადგა თვალებზე. ყოველთვის, როცა ვბრაზდები, ცრემლები მახრჩობს და შემდეგ ამაზე ვბრაზდები. ჯენკინსს იმდენად შევეჩვიე, რომ ის გახდა ჩემი ძირითადი დასაყრდენი, ჩემი მარჯვენა ხელი და, რა თქმა უნდა, ჩემი მესაიდუმლე. ჩემი გაანჩხლების ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო. ელიზას წერილებს ვერავინ მიუტანდა ჯენკინსის გარდა. სხვა ვერავინ გაიგებდა ამ ყველაფერს. ჯენკინსს მხოლოდ იმიტომ ესმოდა, რომ თვითონ იყო ამ ამბის თანამონაწილე. ფეხებმა თავისით მიმიყვანა თავლაში. მივედი და თივაში მოკუნტული კვიცის გვერდით ხის გრძელ ძელზე ჩამოვჯექი.
_მომინდომეს აქ...-ჩავიბუზღუნე.
_რამე მითხარით, მის?-თავი გამოყო უცებ ერთ-ერთი ცხენის ბაგიდან პიტერმა.
_ამმ, არა, ჩემთვის ვლაპარაკობდი რაღაცას...-მაგრამ ის მაინც წამოვიდა ჩემკენ.
_მის, მინდოდა მეთქვა, რომ... ვიცი ბიძაჩემს როგორ ენდობით და შეგიძლიათ ჩემშიც დარწმუნებული იყოთ, მის. ხვალ ბატონთან და ქალბატონთან ერთად წასვლა უნდა ლონდონში და სწორედ ამიტომ მომიყვანა დღეს აქ. უნდა, რომ მისი მაგივრობა გაგიწიოთ, მის.
_ჯენკინსს ლონდონში წასვლა უნდა?
_დიახ, მის. ჩემი ავადმყოფი ბიცოლასთვის წამალი უნდა ჩამოიტანოს,-აი, ჯანდაბა! მე კი ნამდვილი ეგოისტი, მის აქ ძალით დატოვებას ვფიქრობდი. სულელი, ბოროტი, პატივმოყვარე ეგოისტი.
_პიტერ, გმადლობ, რომ ეს მითხარი. შენი იმედი მექნება,-ფეხზე წამოვდექი. მან თავი დამიქნია.
საღამოს ეპისკოპოსი დიდის ამბით მოვიდა. როგორ ვერ ვიტანდი მის მლიქვნელურ საუბარს, პატივმოყვარე გამოხედვას.
_ო, ძვირფასო ლორდ!-წამოიძახა მამაჩემის დანახვაზე.
_ქალბატონებო!-შემდეგ ჩვენ მოგვმართა. მე და ენი რევერანსით მივესალმეთ საგანგებოდ ძვირფას კაბებში გამოწყობილნი. არითმეტიკასთან, მართლწერასთან, ლათინურ ენასა და ისტორიასთან ერთად გვასწავლიდნენ ტაქტს, საზოგადოებაში სწორად მოქცევის წესს, პროტოკოლს და ასე შემდეგ. ამგვარად, ჩვენ ვიცოდით, რომ თუ კომპანიის შესაფერისად არ ჩაიცვამ, ეს ამ კომპანიის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას ნიშნავს. ჩვენ კი ნამდვილად პატივს ვცემდით ეპისკოპოს ლევენდერს. უფრო სწორად, გვაიძულებდნენ პატივი გვეცა.
_როგორ იმგზავრეთ, თქვენო უწმინდესობავ?-მუდმივი კითხვა ჩემის მხრიდან.
_მშვენივრად, ჩემო გოგონა, მშვენივრად. თუმცა თქვენი ეტლი ცოტას ჯაყჯაყებს, მეეტლე საშინლად ატარებს ეტლს, ცხენები კი გულისამრევად ზოზინები არიან, სხვამხრივ, მშვენივრად ვიმგზავრე.
_დაიწყო...-ამოიოხრა ენმა.
_შენ რაღაც გაზრდილი მეჩვენები პატარა ქალბატონო!-სწორედ ენს მიმართა უცებ ეპისკოპოსმა. ენს მზერა გაუნათდა.-თუმცა ამაში სასიხარულო არაფერია. ზრდასრულობას სილამაზე მოაქვს, სილამაზე კი ცოდვის, სიბილწის, უწმინდურების ბუდეა!
_ჰო, შენ ამ მხრივ ნამდვილი წმინდანი გამოდიხარ...-ამოიბუზღუნა ენმა, კიდევ კარგი, ამ დროს სუფრასთან მიგვიწვიეს და მისი ნათქვამი არავის გაუგონია.
ვახშმის პირველი 15 წუთის განმავლობაში ეპისკოპოსმა სამი სახის თევზს წირვა გამოუყვანა, მისმა „უწმინდესმა“ სტომაქმა აითვისა ორნაირად შეზავებული ქათამი, ბატის მსუყე ნაჭერი, სხვადასხვანაირი სალათი, წითელი ღვინო, ტკბილეული, ხილი. მე და ენი, როგორც ყოველთვის, განცვიფრებამ მოგვიცვა. არადა, მსუქანი ნამდვილად არ იყო ეპისკოპოსი, ფერხორციანიც კი არ ეთქმოდა.
ამ ყველაფრის უხმოდ დანთქმის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეფშიდან თავი აიღო და მისი მზერის ღირსნიც გავხდით. მის სათნო წარმოსახვას მე ვემსხვერპლე.
_მერიენ, მონაზვნობაზე არ გიფიქრია?-მკითხა სერიოზული ტონით. მამამ ბრაზით გადახედა ეპისკოპოსს, ენმა პირი დააღო რაღაცის სათქმელად. მე თვალებში ჩავაშტერდი „გამძღარ-გამომეტყველებიან“ ეპისკოპოსს და ის იყო რაღაც მის წარმოსახვასავით „სათნო“ უნდა მეპასუხა, რომ ოთახი ერთბაშად ჩაბნელდა. სანამ ყველაფერს გავიაზრებდი, უკვე ვიღიმოდი. თუ სიფათში „ხევა“ არ შეუძლია, სხვაგვარად მაინც მეხმარება.
სიბნელე დიდხანს არ გაგრძელებულა, ოთახში მყოფმა მოახლემ ასანთს მიაგნო და ოთახი გაანათა.
_ღმერთო დიდებულო, ასეთი რამ ხშირად ხდება?-იკითხა „მისმა უწმინდესობამ“ მას შემდეგ, რაც ოთახი განათდა.-ეს ცუდის ნიშანია.
_არ მეგონა, თქვენც თუ აქცევდით ყურადღებას ცრურწმენებს, თქვენო უწმინდესობავ,-ვთქვი ხმამაღლა და რაც შემეძლო ტკბილად გავუღიმე, მან მომნუსხველი მზერა მტყორცნა, თუმცა არავითარი მონუსხვა არ მიგრძვნია. ახლა მის სიახლოვეს ვგრძნობდი და ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებდა.
_ეპისკოპოსო, გადასახადების აკრეფის საქმე როგორ მიდის? კიდევ ხომ არ გექმნებათ პრობლემები?-ჰკითხა მამამ და შემდეგ მთელი საღამო ჩვენთვის აღარ მოუქცევიათ ყურადღება. თუმცა წასვლის წინ, რა თქმა უნდა, მაინც მოგვიწია დალოცვა გვეთხოვა „მისი უწმინდესობისთვის“ და მშვიდი ძილი გვესურვებინა.
_ვილოცებ თქვენი სულებისთვის, ვილოცებ, რომ საკუთარი თავისგან დაგიცვათ მაღალმა ღმერთმა...-სათითაოდ დაგვადო თავზე ხელი და პირჯვარი გარდაგვსახა.
_ჰო, მართლა, მერიენ,-მომაძახა, სანამ კარებში გავიდოდი. თვალები ავატრიალე და შემოვბრუნდი.
_დიახ, თქვენო უწმინდესობავ!
_დიდი მადლობა ყვავილებისთვის, ჩემო გოგონავ!-ოჰო!
_არაფრის, თქვენო უწმინდესობავ!
_მაგრამ შემდეგისთვის გაითვალისწინე, რომ მინდვრის ყვავილებზე ალერგია მაქვს! იასამანი ჯობია ყველას!-ლამის კბილები გავახრჭიალე, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. ნაძალადევად გავუღიმე.
_გავითვალისწინებ, თქვენო უწმინდესობავ და ვეცდები შემდეგისთვის ვახშამი იასამნის ხის ქვეშ მოგიწყოთ! მამა!-თავი დავუკარი მამას და კიბესთან მომლოდინე ენს წამოვეწიე.
_ბებერი შერეკილი!-ამოიბუზღუნა ენმა, კიბეზე რომ ავდიოდით.
_ენ!-საყვედურის კილოთი ვთქვი, მაგრამ მაინც ჩამეღიმა.
_როგორ მეძინება, დილას კი ადრე უნდა ავდგე...-დაამთქნარა და თავის ოთახთან გაჩერდა.
_ოოჰ, თავად ლონდონში მიბრძანდებით, მე კი ამ „ბედის საჩუქარს“ მიტოვებთ!-წავიწუწუნე.
_ლონდონიდან საჩუქარს ჩამოგიტან!
_ორი საჩუქარი! „ღვთიურ წყევლას“ რომ მიტოვებთ ეგ არ დაგავიწყდეს!
_კარგი, ორი იყოს...-უცებ დასერიოზულდა ენი.-მერიენ, იცი რა...
_რა?
_მომენატრები...
_შე სულელო...-მივედი და გულში ჩავიკარი.-მეც მომენატრები, მაგრამ ერთი კვირა საოცრად მალე გავა. უჩემობას ვერც შეამჩნევ, მაღაზიებში ივლი, წვეულებებზე, შეხვედრებზე. ერთი კვირა სულ 7 დღეა, არც კი გეყოფა ლონდონის დასათვალიერებლად,-მესმოდა, რომ პირველად მიდიოდა სახლიდან ასე შორს და შესაძლოა უცხო სიტუაციისაც ეშინოდა. ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს, მითუმეტეს, როცა ვინმეს კალთას ხარ გამოკერებული, შემდეგ კი დაშორება გიწევს.
_ასეა თუ ისე, მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ. ვიცი, რომ ხანდახან აუტანელი ვარ, მაგრამ... ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ხან მინდა კიდეც, რომ აუტანელი ვიყო...
_კარგი, კარგი, გაჩერდი... ყველაფერი კარგადაა. მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ მათქმევინებ, რომ ხანდახან მეც აუტანელი ვარ! არ გამოგივა!-ვუთხარი სიცილით, შუბლზე ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ წავედი.
_არც ვცდილობდი, არანორმალურო!-მომაძახა მან.
_გამოუმშვიდობებლად არ წახვიდე!-ვუთხარი, სანამ კარს მოვიხურავდი.