ვედრება
_მერიენ!-დაიკივლა ენმა და დასთან დაიხარა. მაშინვე შემოეხვივნენ დაჭრილს და საწოლზე გადაიყვანეს.
_ხედავ, რა ჩაიდინე? პატივმოყვარე, ქედმაღალო იდიოტო!-საროუმ დანა დააგდო და მერიენის საწოლთან დახრილ ბლექბორნს დაადგა თავზე. დენიელი წამოიმართა, ფრაკის საყელოში წაავლო ხელები და კბილებში გამოსცრა:
_თვალით აღარ დამენახო! გამეცალე!-დერეფანში მიაბრძანა და კარები მიუხურა.
_ჰაერი სჭირდება! აჯობებს ყველანი გარეთ გავიდეთ! მე წავალ და კაპიტანს მოვიყვან, ექიმბაშობა ეხერხება,-თქვა ერთ-ერთმა მეზღვაურმა და ოთახიდან ყველა გაიკრიფა, მხოლოდ ენი, ბლექბორნი და პიტერი დარჩნენ. ენი სლუკუნებდა, რაღაცეებს ბუტბუტებდა და რაღაც ჩვარს აჭერდა ჭრილობაზე თავის დას. თვალცრემლიანი პიტერი სევდიანად უყურებდა ოთახის კუთხეში ატუზული. ბლექბორნს მერიენის ხელი ეკავა, თმაზე ეფერებოდა და სთხოვდა არ დამტოვოო.
_შეიძლება... შეიძლება ჩემი მალამო წავუსვა?-მორიდებით იკითხა პიტერმა.
_ჯერ ტყვია უნდა ამოიღონ, გმადლობ პიტერ,-წყნარად თქვა დენიელმა.
სულ მალე კაპიტანიც მოვიდა, დიასახლისს ჯამით თბილი წყალი, სპირტი და სუფთა ჩვრები მოატანინეს. ოთახში მხოლოდ ენი და კაპიტანი დარჩნენ და ოპერაციას შეუდგნენ.
მას შემდეგ, რაც ჭრილობა დაამუშავეს, პიტერის მალამო წაუსვეს და სქელი სახვევიც დაადეს, კაპიტანმა ოთახი დატოვა. დერეფანში ბლექბორნი დაეტაკა მათ და ჰკითხა როგორ იყო მერიენი.
_ვწუხვარ...-თქვა კაპიტანმა და სახედაღვრემილმა ჩაიარა. ბლექბორნი ოთახში შევიდა.
_როგორაა?-ახლა ენს ჰკითხა სასოწარკვეთილმა. მან მხრები აიჩეჩა, თან განუწყვეტლივ სდიოდა ცრემლები. წამოდგა, კარისკენ გაემართა და დენიელი დაჭრილთან მარტო დატოვა.
დენიელი ზემოდან დასცქეროდა მის ფერმიხდილ სახეს და ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა. წამში თვალები აუცრემლიანდა და მუხლებზე დაეცა.
_ღმერთო, ღმერთო დიდებულო!-ჩურჩულით, გულანთებული ამბობდა ის.-მე, შენი ურჩი, უძღები შვილი, კიდევ ერთხელ ვბედავ დაგიჩოქო და შეგთხოვო, შეგევედრო... არ ვიმსახურებ შენს შეწყალებას... ჰო, პირველად ვბედავ გესაუბრო და ისიც მაშინ გამახსენდი, როცა ყველაზე ძალიან მიჭირს. შენზე უკეთ ვინ უწყის ვინ ვარ და რა შეცოდებანი მადევს კისერზე. მე პატიებას არ ვითხოვ, არც შეწყალებას. შენ ყოველთვის ჩემზე უკეთ უწყოდი რა იყო უკეთესი და როგორ იყო საჭირო. ისედაც ვიცი, რომ არარაობა ვარ, ცოდვილი და ბიწიერი, ნუღარ დამიმტკიცებ, რომ ტანჯვისთვის ვარ გაჩენილი... ნუ მოკლავ მას, იმ ერთადერთს, ვისთვისაც ამ ცხოვრებისკენ შემომაბრუნე. მე ყველაფრის ღირსი ვარ, ათას ჯოჯოხეთს ვიმსახუებ, ოღონდ მან იცოცხლოს და მე ყველაფრისთვის მზად ვარ...ათასჯერ მომკალი, ათასჯერ მაწამე, მხოლოდ მას ნუ დამაშორებ, ნუ წაიყვან, ნუ წამართმევ! მუხლებზე დაჩოქილი, განადგურებული, გაცამტვერებული გევედრები, გთხოვ, შეისმინე ჩემი მუდარა და მე მხოლოდ შენ ნიშნებს გავუყვები. ნაბიჯს არ გადავდგამ შენი სურვილის გარეშე. ღმერთო... ღმერთო ძლიერო... ნუ გამწირავ, შემიწყალე... ის თუ მოკვდა... მე... მე...-თავდახრილ დენიელს ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან, შემდეგ თავი ასწია, თითები ერთმანეთს გადააჭდო და დაიწყო:
_მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან... ამინ!-მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო.-ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა... ღვთისმშობელო, დაიფარე ჩემი სიყვარული... შენ ხომ დედა ხარ, წმინდა ქალწულო, იცი, რას ნიშნავს, როცა შენი საყვარელი ადამიანი იტანჯება... კვდება... შენ კი ვერაფრით შველი... მაგრამ შენ იცოდი, რომ ასე იყო საჭირო კაცობრიობისთვის და ეს გაძლიერებდა, მერიენის სიკვდილი ჩემთვის სატანჯველი იქნება, რომელსაც ვერ გავუძლებ და რაღაც ისეთს ჩამადენინებს, რაც ჯოჯოხეთისკენ გამიკვალავს გზას... ნუ გამწირავ ღვთისმშობელო, გევედრები!-ლოცვას განაგრძობდა დენიელი...
მოგვიანებით ვერც ვიხსენებდი რამ მომაგონა „ის“, რატომ დამიდგა თვალწინ თავისი მოქუფრული იერით, პირქუში გარეგნობით და სევდიანი, მტკიცე ხმით. წამის მეასედში მივხვდი, რომ თუ ახლა დენიელი საროუს მოკლავდა, მასაც იგივე ბედი ელოდა, შესაძლოა ორმაგი ტანჯვით დასჯილიყო, როგორც ის. ამას ვერ დავუშვებდი, ამიტომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი- საროუს გადავეფარე, რომ ბლექბორნს არ ესროლა, მაგრამ მან ვეღარ მოასწრო გაჩერება. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა...
მხარს ქვემოთ რაღაც ძალიან დიდი სისწრაფით დამეტაკა და თითქოს აფეთქდა შიგნით, მუხლი მომეკვეთა და გონება დავკარგე...
შემდეგ კი პირველი, რაც გავიგონე „მისი“ ხმა იყო... სევდიანი, ოდნავ უხეში და თან მტკიცე...
_...დამსაჯე ყველა სასჯელით, რაც კი ადამიანებს გამოუგონიათ და რაც შენს ხელთაა, ოღონდ კი ნუ მოკლავ მას... იმ ერთადერთს... ვის გამოც დამაბრუნე იქიდან, საიდანაც არ ბრუნდებიან... მე კი დამაბრუნე, ამ ქალისთვის... მისი სიყვარული გულში ჩამისახე და მეორე შანსი მომეცი, შანსი გამოსწორებისა... გთხოოოოვ, ნუ წამართმევ... გე-მუ-და-რე-ბი!-თვალების გახელა არ მინდოდა... „ის“ დაბრუნდა... ჩემთან იყო!