კონტრა ეშმაკთან
|
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: ორშაბათი, 2011-03-21, 4:58 PM | შეტყობინება # 262 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ბზარი ამ შემთხვევის შემდეგ კი ნამდვილად მგლოვიარე დედაბერს დავემსგავსე. ფიქრებში ჩავიძირე, აღარაფერი მახარებდა და მონასტერში წასვლა ახლა უკვე გარდაუვალი ჩანდა. სხვა მაინც აღარაფერი დამრჩენოდა. ბლექბორნს ჩემი შესაცოდი არაფერი სჭირდა. ახლა ყველაზე მეტად საკუთარი თავი მეცოდებოდა და ჩემს გულუბრყვილობაზე მწარედ მეცინებოდა. უკვე ბარგიც ჩალაგებული მქონდა. რამდენიმე ხელი შიდა სამოსი და პირადი ნივთები. ფერად-ფერადი და ლამაზი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი კაბები მონასტერში არ გამომადგებოდა. რამდენჯერმე შევეცადე ენისთვის გაკვრით მაინც მეთქვა რასაც ვაპირებდი, მაგრამ რამდენჯერაც მონასტერი ვახსენე, იმდენჯერ განაცხადა ნეტავ მონაზვნებს რა აჩერებთ იმ მოსაწყენ და ერთფეროვან სიტუაციაშიო. ერთადერთ ადამიანს, ვისაც მინდოდა ჩემი მომავლის შესახებ სცოდნოდა, ელიზა რიჩმონდი იყო, რომელსაც სრულიად გაუაზრებლად მივწერე გულის ნადები. უფრო სწორად, წერილი დავწერე, მაგრამ რიჩმონდების მამულში გაგზავნა არც მიფიქრია. იქ ხომ ჯერ კიდევ ელეონორ რიჩმონდი, ჩემთვის საძულველი ქალი ცხოვრობდა. ბოლოს, ერთ შაბათ დღეს გადავწყვიტე ლევენდერისთვის მიმეწერა, რომ მეორე დღესვე წავსულიყავით. დილიდანვე შევუდექი სახლში დასატოვებელი წერილის წერას. უკვე მეშვიდე ფურცელი მოვჭმუჭნე და დანარჩენ ექვსს მივუდე გვერდით, რომ კარზე სუსტი კაკუნის ხმა გაისმა და ენი შემოვიდა ოთახში. მორიდებით მომიახლოვდა, თან თვალს არ მისწორებდა. ტუჩების კვნეტით ჩამოჯდა საწოლზე და მუხლებზე დალაგებულ თავი ხელებს დააჩერდა. _რა მოხდა?-რადგან ის ვერ იკრებდა გამბედაობას, გადავიწყვიტე მე დამეწყო საუბარი. _მერიენ, ვიცი ასეთ რაღაცეებს ვერ იტან, მაგრამ... გთხოოოოვ!-დააბოლოვა გულშიჩამწვდომი მუდარით. _ენ, ვერაფერი გავიგე. რას მთხოვ?-დავიბენი. _იცოდე, მოვკვდები უარი რომ მითხრა! _რა გინდა რომ გავაკეთო? _ჩვენი მხარის ყველა დიდგვაროვანი მიდის, ჩვენც წავიდეთ, გთხოოვ! _ენ, გამაგებინე, სად მიდიან? სად გინდა რომ წავიდეთ? _პორტსმაუთში! წარმოიდგინე ზღვისპირი... ლამაზი ტყეები... ოქროსფერი ქვიშა...-ოცნებებში წავიდა ენი. _ენ, არამგონია ახლა ამის დრო იყოს. მამაც სანადიროდ აპირებს წასვლას. _მამა თვის ბოლოს მიდის სანადიროდ, ჩვენ კი ხვალვე! თანაც მხოლოდ 3 დღით! გთხოვ, მერიენ! უშენოდ ხომ იცი, არსად არ გამიშვებს მამა, გთხოვ, ნუ ჩამიშლი ამ მოგზაურობას! პირველად წავალთ მე და შენ ზედამხედველების გარეშე სამოგზაუროდ! ულამაზეს ადგილებს დავათვალიერებთ. _ენ, ენ, ოცნებებში ნუ წახვალ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მამა ერთად მაინც გაგვიშვებს. ან იქნებ დაველაპარაკო და მარტოც გაგიშვას? მე... სხვა საქმეები მაქვს. _რა საქმეები? თუ გინდა, რომ უარი მითხრა, პირდაპირ თქვი,-თვალები აუცრემლიანდა.-მთელი დღეები უქმად ხარ, მაინცდამაინც ახლა გამოგიჩნდა საქმეები? ოღნდ ამჯერად ნუ გამიცრუებ იმედს და გპირდები, აღარასდროს აღარაფერს გთხოვ,-მისმა ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა. იქნებ მართლაც ასე მომხდარიყო, მე მონაზონი გავხდებოდი და ენი აღარასდროს არაფერს მთხოვდა. როგორ არ შემესრულებინა მისთვის ეს ბოლო სურვილი. _კარგი, შევეცდები მამა დავითანხმო გაგვიშვას. ვნახოთ რა გამოვა,-ენი ჩამეხუტა და ბარგის ჩასალაგებლად გაიქცა, მე ლევენდერთან გასაგზავნი წერილი მოვკუჭე და დანარჩენ ქაღალდებთან ერთად დავწვი. მთლად გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ამას მხოლოდ ენის ხათრით ვაკეთებდი, რომ მხოლოდ მის გამო ვფიქრობდი, რომ 3 დღე არაფერს წყვეტდა და თუ ამ სურვილს შევუსრულებდი ჩემს პატარა დაიკოს, არაფერი დაშავდებოდა. დიახ, მე ისევ მქონდა ბლექბორნის ხილვის სურვილი, მაგრამ ამაზე ფიქრს ჯიუტად არ ვაპირებდი. მე პორტსმაუთში ენის გამო მივდიოდი და თუ ბლექბორნსაც ვნახავდი, ჩემი ბრალი არ იქნებოდა. მითუმეტეს შესაძლო იყო, ბლექბორნი საერთოდაც არ წამოსულიყო. ამაზე ფიქრი გულს უსიამოდ მიკუმშავდა. მამასთან სრულიად იოლად მოვაგვარე ყველაფერი. ის თანახმა იყო გავეშვით, თუ ეს მე გამახალისებდა, თუნდაც ერთი კვირით, მაგრამ მე მაშინვე ხელები გავასავსავე და დავპირდი, რომ სამ დღეში დავბრუნდებოდით. მე და ენი სამზადისს შევუდექით. ჩვენთან ერთად ემზადბოდნენ სისი და პიტერიც, რომლებიც თან უნდა წამოგვყოლოდნენ. იმავე საღამოს ეტლზე პატარა ურიკა გამოაბეს, რომელზეც დილით ბარგს და სურსათს დავალაგებდით. ენი ისეთი აჟიტირებული და გახარებული იყო ამ მოგზაურობის გამო, რომ მისი აღტაცება მეც გადმომედო და სრული მოუთმენლობით ველოდი დილის დადგომას. სმგზავრო კაბა კაბა გამზადებული, სკამის საზურგეზე გადაფენილი მელოდა. იქვე ეწყო ქუდი და ხელთათმანებიც. სანთლის ჩაქრობის შემდეგ კიდევ დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რაც შესაძლოა წინ მელოდა. მოგზაურობის 3 დღე ალბათ ძალიან ლამაზად ჩაივლიდა, მაგრამ შემდეგ ისევ ჩემს მიერ არჩეულ გზას გავყვებოდი. გზას სენტ ბართლომეს მონასტრისკენ. დილით ენმა გამაღვიძა. ძალიან ადრე ამდგარიყო და მაშინვე ჩემს გასაღვიძებლად გამოქცეულიყო, რომ არ დაგვეგვიანა. მას შემდეგ, რაც ჩავიცვით (მსახურების დახმარებით), ისევ ჩემთან შემოირბინა და თმის დავარცხნაში დამეხმარა, თავისი გემოვნებით შემიკრა თმა (ცალ მხარზე ჩამომიყარა მთელი კულულები), მარგალიტის საყურეები გამიკეთა, ქუდი თავზე დამამხო, ხელთათმანები მომაჩეჩა და დაბლა ჩამაქცუნა. ეტლს მიბმული ურიკა სრულიად დაეტვირთათ, ჩემი და ენის პირადი ბარგიც ზედ მოეთავსებინათ, სისი კი პიტერს მისჯდომოდა გვერდით კოფოზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეტლი დაიძრა, მივხვდი, რომ მეღვიძა. შემდეგ ჩვენი ცხენების ხმას უცხო ცხენების ფლოქვების თქარათქური დაემატა და ეტლის ფარდა რომ გადავწიე, ჯონათან საროუ დავინახე, თუმცა ის სრულებით არ გვაქცევდა ყურადღებას, ცხენდაცხენ მიჰყვებოდა თავისი ბიცოლას ეტლს და მას და მის ქალიშვილს ესაუბრებოდა. შემდეგ უკან გავიხედე: უამრავი ეტლი მოდიოდა ჩვენს უკან, წინაც იგივე სიტუაცია იყო. გზა მთლად აემტვერებინათ ცხენებს და საშინელი გნიასი იდგა, რაც მეეტლეების, მათი ცხენების და ამავდროულად ლაქლაქის ხასიათზე მოსული მათი ბატონების დამსახურება იყო. ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, დასცინოდნენ. ენიც ფანჯარაში გადამძვრალიყო და ნაცნობ-უცნობს ესალმებოდა, თან ხელს უქნევდა. _ელეონორ, როგორ ხარ?-ყურში მომხვდა მისი ხმა. მისი პასუხი არ გამიგია, სამაგიეროდ ენი მომიბრუნდა და მახარა: _მერიენ, ბლექბორნიც წამოსულა! აგერ ელეონორს ელაპარაკება! უმშვენიერეს შავ ტაიჭზეა ამხედრებული! ერთი შეხედე, რა მოხდენილად ზის!-ასეთი შეძახილები ენისგან მრავლად ისმოდა დღეს, მაგრამ ჩემთვის რატომღაც გამორჩეულად საყურადსაღებო იყო ეს სიტყვები. თვალი გავაპარე ენის ფანჯრისკენ, მაგრამ მხედრის ზურგის მეტი ვერაფერი დავინახე, ამიტომ ისევ ჩემი ფანჯრისკენ მივბრუნდი. ენმა პირვანდელი საქმიანობა განაგრძო. ეტლი მტვრიან გზაზე მირახრახებდა. მზე ამოდიოდა და უფროდაუფრო აცხუნებდა. შუბისტარზე რომ ავიდა, მოგზაურებმა შესვენება გადაწყვიტეს. ერთ წყნარ მდელოზე, სადაც ალაგ-ალაგ უზარმაზარი ნეკერჩხლის ხეები იდგა, „დასცეს კარავი“. ტაფობზე გააშლევინეს მსახურებს სუფრა და გადაწყვიტეს წაეხემსათ. მეეტლეებმა ცხენები გაუშვეს საბალახოდ, რომ სანამ გზას გააგრძელებდნენ, მათაც მოესწროთ ძალების აღდგენა. ეტლიდან ჩამოსვლისთანავე ყველასგან მოშორებით მდგარი უზარმაზარი ნეკერჩხლისკენ წავედი და ქუდი მოვიხადე. მგზავრობას ძალიან დავეღალე და ახლა თვალდახუჭული, ხის ვარჯს მიყრდნობილი სახეს ვუშვერდი გრილ ნიავს. ზურგსუკან ხალხის ჟრიამული მესმოდა. ვიღაცეებს ბავშვები წამოეყვანათ და ახლა პატარა გოგო-ბიჭები ბადიანი ჩოგნებით დასდევდნენ პეპლებს. როცა ვიგრძენი, რომ გამოვცოცხლდი, ხალხისკენ გავემართე. ნაცნობებს მივესალმე, ინგლისისთვის უჩვეულო, სასიამოვნო ამინდსა და ზღვის ნესტიან ჰაერზე ვესაუბრე. უილიამ ნაითინგეილის გვერდით მოკალათებულმა ენმა თავისკენ მიმოხმო და მეორე გვერდზე მომისვა. მას შემდეგ, რაც ნაითინგეილს მივესალმე, ენმა მითხრა: _მე და უილიამი ახლა იმაზე ვლაპარაკობდით, თუ რამდენ ხანში ვიქნებით პორტსმაუთში. უილიამი ამბობს, რომ ხვალამდე ვერ მივალთ, მე კი მგონია, რომ საღამოს უკვე ოკეანის ნაპირზე გასეირნებას შევძლებთ. ვერ ვითმენ ისე მინდა, მალე ვნახო ოკეანის გამჭვირვალე წყალი. შენ რას იტყვი, მერიენ? შენი აზრით, მალე მივალთ? _მე ვიტყვი, რომ... წარმოდგენა არ მაქვს!-სამივეს გაგვეცინა.-რატომ ამ ექსკურსიის ორგანიზატორს არ ჰკითხავთ? ჰო, მართლა! ვისი იდეა იყო პორტსმაუთს გამგზავრება?-ჯერ ენს შევხედე, შემდეგ ნაითინგეილს და გამიჩნდა შეგრძნება, რომ მტკივნეულად ნაცნობ გვარს გავიგონებდი, მაგრამ ენი დაიჯღანა და მითხრა: _ჯონათან საროუსთვის არაფრის კითხვას არ ვაპირებ! _ჯონათან საროუ? მაგან მოაწყო ის ყველაფერი?-გამიკვირდა. _ჰო, მაგრამ ამის გამო უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი ოკეანის ნახვაზე,-ღიმილით გადახედა ენმა უილიამს. ამ დროს ბლექბორნი მოგვიახლოვდა, თავი ცივად დაგვიკრა მე და ენს და მეგობარს მიმართა: _მე და მის რიჩმონდი ტყეში გასეირნებას ვაპირებთ. სწრაფად დავბრუნდებით, უჩვენოდ ნუ წახვალთ. _კარგი,-დაეთანხმა ნაითინგეილი და დენიელი მომლოდინე ელეონორისკენ წავიდა, რომელმაც მიახლოებისთანავე ხელკავი გამოსდო და ტყისპირისკენ წავიდნენ. სევდიანი მზერა გავაყოლე. _ჭამე რამე, არ გშია?-მკითხა ენმა, თან მადიანად შეექცეოდა შემწვარ მწყერს. მწვანე ვაშლი ავიღე და ჩავკბიჩე. ცოტა ხანში ხალხი დაიშალა, ყველა სასეირნოდ წავიდ-წამოვიდა, ენი და ნაითინგეილიც სადღაც წავიდნენ. ბლექბორნი და რიჩმონდი ჯერაც არ დაბრუნებულიყვნენ და მე ერთმა აზრმა შემიპყრო- ბლექბორნი მისი კლანჭებისგან უნდა მეხსნა და ელეონორისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა. მხსნელი მისიით გაძლიერებული და გამბედაობაშემატებული წავედი ტყისკენ, რომელიც სრულიად გაუვალი აღმოჩნდა. სადღაც საცალფეხო ბილიკი შევნიშნე და იქით წავედი. არ მახსოვს რამდენ ხანს მივდიოდი, ალბათ 10-15 წუთს, სანამ ელეონორის ოქროსფერ თმას მოვკრავდი თვალს. ისინი ერთ-ერთი მაღალი ხის ძირში, მწვანე ხავსზე ისხდნენ გვერდი-გვერდ. ელეონორი რაღაცას უყვებოდა გაცხარებით. საკმაოდ ახლოს ვიყავი იმის გასაგონად, თუ როგორ თქვა ბლექბორნმა მობეზრებული კაცის კილოთი თავისი სასიამოვნო ხმით: _აჯობებს დავბრუნდეთ, უკვე დიდი ხანია აქ ვართ, სადაცაა გზას განაგრძობენ ალბათ. _კარგი,-ჟღურტულა ხმით დაეთანხმა ელეონორი. ჯერ ბლექბორნი წამოდგა, შემდეგ ქალს მიეშველა. ახლა მარჯვნივ წამოვიდოდნენ, ბილიკზე ჩამოვიდოდნენ და დამინახავდნენ! სასწრაფოდ უნდა გავცლოდი იქაურობას! შემოვბრუნდი, ფეხი ხავსს წამოვკარი და რომ არ დავცემულიყავი უახლოესი ხის პატარა ტოტს ჩავებღაუჭე, რომელიც დაუყოვნებლივ მოტყდა და მე მიწაზე გართხმული აღმოვჩნდი. მაშინვე თავი წამოვყავი და ბუჩქის ტოტებს შორის გავხედე წყვილს. ბლექბორნს დაბნეულობა აღბეჭდვოდა სახეზე, ალბათ ტოტის მოტეხვის ხმა გაიგონა, ელეონორი კი მისთვის სრულიად ბუნებრივი ანუ სულელური სახით უყურებდა ბლექბორნს. სანამ წამოდგომას მოვახერხებდი და ისევ მათ შევხედავდი, ისინი უკვე ერთმანეთს კოცნიდნენ გრძნობით. ფარ-ხმალი დავყარე. ბლექბორნს ჩემი ხსნა არ სჭირდებოდა. მას ეს ცრუპენტელა უყვარდა და მე ვეღარაფერს შევცვლიდი. თვალები ამიცრემლიანდა და ახლა ყველაფერს გადღაბნილად ვხედავდი. _მერიენ?-მომესმა ბლექბორნის გაოცებული შეძახილი. ცრემლების გამო ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მოვტრიალდი და საპირისპირო მხარეს გავიქეცი. _მერიენ!-მესმოდა ძახილი, მაგრამ არ გავჩერებულვარ. კაბის კალთები წამოვწიე, რომ ხელი არ შეეშალა. _დენიელ!-გავიგონე ელეონორა რიჩმონდის აღშფოთების გამომხატველი შეძახილი. _მერიენ! მოითმინეთ! ნუ გარბიხართ!-საკმაოდ ახლოს გავიგონე მისი ხმა და შევეცადე უფრო სწრაფად მერბინა, მაგრამ გული ისედაც ამოვარდნას მქონდა. მეტი აღარ შემეძლო და ალბათ სწორედ ამიტომ, სულ მალე ვიგრძენი როგორ ჩამავლეს მკლავში ხელი და მომაბრუნეს. _ნუ გამირბიხარ. რა დაგემართა?-მკითხა აქოშინებულმა. _არაფერი,-ამოვისლუკუნე. _არაფრის გამო არ ტირიან. _თქვენ... თქვენ არაფერი არ გესმით! _მაშინ შენ გამაგებინე!-გაეღიმა. ხელი გავაშვებინე, ცრემლები მოვიწმინდე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი. _არც კი იცით ვინაა ის ქალი!-ვთქვი მტკიცედ. _რატომ გგონია, რომ არ ვიცი? ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ მან მოიტყუა, როცა თქვა, რომ მასზე ძალადობას ვცდილობდი? _მაშინ... არ მესმის... როგორ შეგიძლიათ ასეთი გაიძვერა გიყვარდეთ? _მთავარია, რომ მას ვუყვარვარ,-თქვა პირქუშად. _დამიჯერეთ, არ ღირს მისი ნდობა, მისნაირი ქალი არ შეგეფერებათ. _რატომ გაწუხებთ ის მეყვარება თუ არა? განა ეს თქვენთვის სულერთი არაა?-მკითხა და თვალებში ჩამაცქერდა. _რა თქმა უნდა, არა! როგორ შემიძლია გიყუროთ როგორ იუბედურებთ თავს და... _ამდენ ლაპარაკს არ ჯობია უბრალოდ მითხრათ, რომ ეჭვიანობთ? _ვეჭვიანობ? რა სისულელეა! სულ მთლად გაგიჟდით!-აღვშფოთდი. _რადგან ასეა... ნება მიბოძეთ თავად გადავწყვიტო, ვინაა ჩემი შესაფერისი,-უკმაყოფილო ტონით მითხრა და წავიდა. მიმოვიხედე, მაგრამ ბილიკი არსად ჩანდა. იმ იმედით, რომ ბლექბორნი სწორად მიდიოდა, მას მივყევი რამდენიმე მეტრის დაშორებით. 10 წუთიც არ გასულა, რომ მდელოზე გავედით, სადაც უკვე ჩაბარებულიყვნენ და ეტლებში სხდებოდნენ. სახეალეწილი მივადექი ჩვენს ეტლს და ჩავჯექი. ყურადღება არ მიმიქცევია ეტლთან მდგარი ენისთვის, რომელიც ნაითინგეილს ელაპარაკებოდა და რომელმაც ჩემს დანახვაზე გაკვირვებულმა შესძახა: _სად იყავი, მერიენ? რამდენიმე წუთში, როცა ისიც შემომიერთდა და ეტლი დაიძრა, მისკენ არც გამიხედავს ისე ვუთხარი: _არაფერი მკითხო!
შეტყობინება შეასწორა AnasteishA - ორშაბათი, 2011-03-21, 5:31 PM | |
|
|
|
|
|
|
|
|
☆AnasteishA☆ | თარიღი: პარასკევი, 2011-03-25, 4:07 PM | შეტყობინება # 269 |
Love is an inscrutable kind of magic
1075
Offline
| ოკეანე როცა უკვე იმდენად დაღამდა, რომ ფარნების მიუხედავადაც კი ჭირდა გზის გაგრძელება, ყველა ეტლი გაჩერდა და კვლავ ჩამოხდნენ მგზავრები. მთვარიან ღამეში კოცონი დაანთებინეს მსახურებს და მის სიახლოვეს გაშალეს სახელდახელო დასაწოლები. ვახშმობისას თითქმის უძრავად ვიჯექი ცეცხლთან და ალს ჩავცქეროდი. მხოლოდ ერთხელ მომიახლოვდა ენი და საჭმლიანი თეფში მომიტნა. ხალხი ერთობოდა, მხიარულობდა, იცინოდა. ერთნი ბანქოს თამაშობდნენ. საიდანღაც მზერას ვგრძნობდი, გავხედე- ბლექბორნი მიყურებდა. მზერა მოვაშორე და სევდიანად დავხარე თავი. რამდენიმე საათში დავწექით კიდეც. ღამით საკმაოდ ციოდა და კარგა ვრცელ ტერიტორიაზე დაწოლილი, საბანში გახვეული ადამიანების ნახვა ალბათ ერთი სანახაობა იყო, მაგრამ მე ეს არ მინახავს, სულ სხვა რამემ გამაოცა. ალბათ შუაღამეს კარგა ხნის გადაცილებული იყო, როცა უეცრად ჩურჩულმა გამაღვიძა: _ვერ გატყობ, რომ შენც იმავეს გრძნობ, რასაც მე! რატომ იქცევი ასე? ჩვენი გეგმა აღარ გიზიდავს? გადაწყვიტე ყველაფერი დაივიწყო? _ეგ რამ გაფიქრებინა? განა ყველაფერი შენი იდეა არ იყო? რაც შემომთავაზე, იმას ვაკეთებ! _მე არ მითხოვია, რომ ასე ღრმად შეგეტოპა!-ამ დროს ვიღაცამ ჩაახველა მოშორებით და ჩურჩულა მიწყდა. დილას მცირე წახემსების შემდეგ ადრიანად გავაგრძელეთ გზა და შუადღისთვის უკვე ადგილზე ვიყავით. ბედად, ამინდიც მშვენიერი იყო. კრიალა ლურჯ ცაზე ცხრათვალა მზე ანათებდა და სითბოთი და ხალისით ავსებდა ყველას. პირველები ბავშვები გავარდნენ და შედგაფუნდნენ გამჭვირვალე ზურმუხტისფერ წყალში. მათ უკან დედები და ახალგაზრდა ქალიშვილები დაედევნენ ძახილით და წივილ-კივილით. მათთან ერთად იყო ენიც, რომელიც მეძახდა და წყალში მიხმობდა. მე ჩვეულებრივი ღიმილით დავუქნიე ხელი და სანაპიროს დავუყევი. ფეხსაცმლის ქუსლები ქვიშაში მეფლობოდა, ამიტომ გავიხადე და ხელში დავიკავე. მცხუნვარე მზეს მაცოცხლებელი ნიავი აგრილებდა, რომელსაც წყლის სურნელი მოჰქონდა და შიშველ მკლავებსა და ყელზე მელამუნებოდა. იგივე ნიავი თმას მიფრიალებდა, მაგრამ ეს არ მაწუხებდა. უცებ ვიგრძენი შიშველ ფეხებზე როგორ გადამიარა თბილი წყლის ნაკადმა. სასიამოვნო შეგრძნებამ დამიარა სხეულში და ანცობის ხასიათზე მოვედი, კაბის კალთები წამოვიწიე და წყალში შევედი. სასიამოვნოდ მელამუნებოდა ფეხებზე წყლის ნაკადი. კაბა ლამის წელამდე დამისველდა და ძონძივით ჩამომეკიდა. ალბათ თამაშს გავაგრძელებდი, მაგრამ გრილმა ნიავმა დაუბერა და გამაკანკალა, ამიტომ სასწრაფოდ გამოვედი წყლიდა და ზევით წამოწეული კაბის სწორებაში გართულს შლაპა გამტაცა ქარმა. ალბათ ყურებში ქარის წუილის გამო გვიან გავიგონე მოახლოებული ცხენი ხმა. ეს იყო შავი, ნახშირივით შავი რაში. მხედარი წინ გაიჭრა და ჩემი ქუდი ჰაერში დაიჭირა, შემდეგ ჩემთან მობრუნდა და გამომიწოდა. ქუდი გამოვართვი, მაგრამ ხელი არ ჩამოუშვია. ბლექბორნი ხელგამოწვდილი, თვინიერი თვალებით მიყურებდა და ელოდა როდის ჩავუდებდი ხელში ხელს, რომ ცხენზე ავეტაცებინე. ბევრი აღარ მიფიქრია და სულ მალე მის ზურგსუკან აღმოვჩდი. წელზე ხელების მოხვევა ძლივს მოვასწარი, რომ ცხენი გაჭენდა. სახე მის მხარსუკან ჩავმალე და მივენდე. რამდენიმე ქროლვიანი წუთის შემდეგ ცხენმა სვლა შეანელა. ზედ წყლის პირას მისეირნობდა. მე ბლექბორნის ზურგს მიხუტებული თავი წამოვწიე და გავსწორდი. ისიც კი მოვახერხე, რომ ცალი ხელით ბლექბორნის წელს ჩაბღაუჭებულს შემეკავებინა თავი და მეორით შლაპა დამეხურა თავზე. თვალებდახუჭული ვტკბებოდი მომენტით. წყლის, ცხენის ოფლის (რასაც მიჩვეული ვიყავი) და ჩემთვის ძვირფასი მამაკაცის სუნს ვგრძნობდი. _მიყვარხარ...-არ ვიცი, ქარმა მოიტანა ბგერები, უბრალოდ მომესმა თუ მართლა დაიჩურჩულა მან. იმით გაბრაზებულმა, რომ არ ვიცოდი მართლა თქვა თუ არა, წამოვიძახე: _დავბრუნდეთ!-უხმობდ შემოაბრუნა ცხენი და უკან დავბრუნდით. დანარჩენებს რომ მივუახლოვდით, რომელნიც უკვე მადიანად ილუკმებოდნენ და ღვინოს აყოლებდნენ, ცხენიდან ჩამოვხტი და უკანმოუხედავად გავშორდი დენიელს. არ დამდევნებია, არც რაიმე მომაძახა, უჩემოდ განაგრძო ჭენება წყლისპირზე. მე გაოგნებული ვიდექი მოშორებით და ვუყურებდი, ვხედავდი როგორ მშორდებოდა თანდათან და ამაში რაღაც უფრო მეტს ვხედავდი, ვიდრე ოკეანის პირზე მოჯირითე მხედარსა და ცხენს, მითუმეტეს როცა ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდნენ, მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი საქციელის გამო ბლექბორნი აღარ დაბრუნდებოდა, აღარ იქნებოდა ისეთი ჩემთან, როგორიც თუნდაც რამდენიმე წუთის წინ იყო: მდუმარე, მაგრამ მზრუნველი და „ჩემიანი“, ერთდროულად უცხოც და ნაცნობიც, გულღიაც და მისტიურიც. ეს შეგრძნება არ მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე სასწრაფოდ მემოქმედა. ფეხსაცმელები ჩავიცვი, რომელიც მთელი ჭენების განმავლობაში ხელში მეკავა და იქით გავიქეცი, სადაც მეეტლეებმა ცხენები გაუშვეს საბალახოდ. _მის სტრატფორდ!-სულ ახლოს გაისმა ხმა.-რატომ ჩვენთან არ მოხვალთ და არ ინებებთ დანაყრდეთ? წინ დიდი გართობა გველის...-როგორ ეტყობოდა, თავის სტიქიაში იყო ჯონათან საროუ. ვერც კი შემიმჩნევია ისე ახლოს ჩამივლია მწვანე ბალახზე გაშლილ „სუფრასთან“, იქ მსხდომთა უმეტესობა მე მიყურებდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არავითარ ყურადღებას არ მაქცევდნენ, მაგალითად, უილიამ ნაითინგეილი და ენ სტრატფორდი, რომლებიც მხიარულად ეჭუკჭუკებოდნენ ერთმანეთს. _თუ ნებას დამრთავთ, მირჩევნია...-წამოვიწყე, მაგრამ ჯონათანმა გამაწყვეტინა. _გთხოვთ, მის! უარს არ მივიღებ!-საროუ მომიახლოვდა და მკლავი მიჩვენა, რომ ხელკავი გამომედო. მოშორებით მობალახე ცხენებს უსუსური მზერით გავხედე და საროუს ნებას დავყევი. _მთელი მგზავრობის განმავლობაში გაკვირდებით და ძალიან სევდიანი მეჩვენებით. ჩემო მშვენიერო ქალბატონო, შეყვარებული ხომ არ ხართ?-მხიარული ლაყბობით მკითხა ყველას გასაგონად, მეც მოვირგე მასხარას კილო და სიცილით ვუპასუხე: _იმედია მომიტევებთ თუ გეტყვით, რომ თქვენზე ნამდვილად არა! _რაოდენი სილამაზეც გაქვთ, იმდენივეა ენამახვილობა თქვენში!-მიპასუხა მას შემდეგ, რაც ხალხმა სიცილი შეწყვიტა. _გმადლობთ, ამას ქათინაურად მივიღებ!-ვუთხარი და ბალახზე ფრთხილად დავჯექი. აჯობებდა სწრაფად მეჭამა, შემდეგ რამე მომემიზეზებინა, რომ დავსხლტომოდი ამ ყურადღებიან „მასპინძელს“. _მერიენ, როგორც გატყობ მშვენიერ დროს ატარებ ლორდ ბლექბორნთან?-საკმაოდ მოშორებით მჯდარი ელეონორის ხმა მომესმა. _მე კი მგონია, რომ მასთან შენ უკეთეს დროს ატარებ, რიჩმონდ!-ვუპასუხე და თვალი თვალში გავუყარე. ახლო-მახლო ვიღაცამ გაიცინა, მაგრამ გვერდით მჯდომისგან მუჯლუგუნი მიიღო. _ოო, ქალების ორთაბრძოლას პირდაპირ ვაღმერთებ!-წამოიძახა საროუმ. _სამწუხაროა, რომ ესოდენ სიხარულს ვერ მოგანიჭებთ, მე არავისთან ბრძოლას არ ვაპირებ, მისტერ საროუ. მხოლოდ ერთს გთხოვთ- სუფრის ყველაზე გემრიელი ნუგბარი ჩემს თეფშზე აღმოჩნდეს. ვიღაცეებმა ისევ გაიცინეს, ვიღაცეებმა ჭამა განაგრძეს, ენმა ახალაღა დამინახა და ხელის ქნევა დამიწყო ჩვენთან დაჯექიო, მაგრამ მე სწრაფად გაცლას ვაპირებდი, გადაჯდომის დრო არ იყო. საროუმ ნაირ-ნაირი კერძები დამიხვავა თეფშზე და შექების იმედით მომაჩერდა. ასე ჩემი ძაღლი მიყურებდა ხოლმე ბავშვობაში, როცა ჯოხს გადავუგდებდი და მას ელვისისწრაფით მოჰქონდა. ძაღლს პეგი ერქვა და ერთმა საზიზღარმა, ბებერმა მეჯინიბემ მომიკლა, როცა ერთ ღამეს კატრინას მისი სამზარეულოში შეშვება დაავიწყდა, უფრო სწორედ კარები ადრე ჩაკეტა, ძაღლი გარეთ დარჩა წვიმაში და ყურისწამღები წკმუტუნი ატეხა. „პატივცემულ“ მეჯინიბეს ძილში შეუშალა ხელი და მანამდე ურტყა საწყალ ცხოველს, სანამ სული არ გააცხებინა. მაშინ ათიოდე წლის თუ ვიქნებოდი. გული ძალიან დამწყდა, იმდენად, რომ მზად ვიყავი იმავე ჯოხით მეცემა ის მეჯინიბე. იმას მაინც მივაღწიე, რომ მამამ იმავე დღეს დაითხოვა, თუმცა ჩემი პეგი ამით არ გაცოცხლებულა. არასდროს დამავიწყდება როგორი ვნახე იგი მკვდარი. თვალები გახელილი ჰქონდა და ცრემლებით დასველებული. მათში უსუსურობას, ბოღმას, იმედგაცრუებას და კიდევ ათას რამეს ვხედავდი, რასაც მაშინ სახელს ვერ ვარქმევდი. „მთელი ცხოვრება ვკარგავ მათ, ვინც მიყვარს“-გავიფიქრე და გული შემეკუმშა. საროუს ისე მოვაშორე თვალი, რომ შექება არც გამხსენებია და ჭამა დავიწყე. ვჭამდი სწრაფად და მგონი უტაქტოდაც, მაგრამ დაჟინებული მზერა არავისგან მიგრძვნია, მხოლოდ საროუ მეხმიანებოდა დროდადრო და მეკითხებოდა კიდევ ხომ არაფერს ვინებებდი. _სიგარეტი ხომ არ გაქვთ?-ვკითხე უცებ. _ამმ... თქვენ ეწევით? არ ვიცოდი. _საერთოდ არ ვეწევი, მაგრამ ახლა მომინდა. _მაშინ განსაკუთრებულ სიგარეტს მოგართმევთ. ლონდონიდან გამოვიწერე, საოცარი რამეა. ახლავე მოგართმევთ. _დიდად დამავალებთ,-ვუთხარი ღიმილით და ის შებრუნდა თუ არა, ფეხზე წამოვხტი და შევეცადე შეუმჩნევლად გავპარულიყავი. დიდი ყურადღება არავის მოუქცევია, ამიტომ თავისუფლად მივედი ცხენებამდე, მაგრამ თურმე დიდი სიურპრიზი მელოდა. არცერთი ცხენი არ იყო შეკაზმული! ეს როგორ ვერ გავითვალისწინე?! ისევ სუფრისკენ წამოვედი. მალე ალბათ ბლექბორნიც დაბრუნდებოდა, რაღა აზრი ჰქონდა გაკიდებას. სევდიანი და ყურებჩამოყრილი მივდიოდი, როცა უცებ რაღაც ხმები მომესმა. გვერდით გავიხედე და მაშინვე ხელი ავიფარე თვალებზე- სისი და პიტერი ერთმანეთს კოცნიდნენ. ეტლსუკან გამობმულ პატარა ურიკაზე ისხდნენ გვერდი-გვერდ და... წამიერად პიტერმა მომკრა თვალი, სისის თავი ანება და ფეხზე წამოხტა. _ამმ... მე ხომ არ მეძებდით, მის?-სისიმ ახლაღა შემნიშნა, ფეხზე ადგა, თავი დამიკრა და დატუქსვის მოლოდინში გაყუჩდა. მათ ასეთ ქცევაზე გამეღიმა. დანაშაულზე წასწრებულ ბავშვებს ჰგავდნენ. _ჰო, შენ გეძებდი. მინდა სასწრაფოდ შემიკაზმო ერთ-ერთი ცხენი!-ვუთხარი და ისიც მაშინვე ბრძანების შესასრულებლად გაიქცა. სისი ისევ ისე, მორჩილად იდგა და ელოდა რას ვეტყოდი. _გიყვარს?-ვკითხე ღიმილით. მან თავაუღებლად დამიქნია თავი.-ბედნიერებას იმსახურებ. ერთგული მსახური და კარგი ადამიანი ხარ,-ვუთხარი და იქით წავედი, სადაც წუთის წინ პიტერი გაუჩინარდა. მალევე ვიპოვე, „წაბლას“ კაზმავდა. _პიტერ, ხომ იცი, რომ გოგონას შეცდენა დიდი ვაჟკაცობა არაა,-ვუთხარი ხმადაბლა. ალმურმოდებულმა გადმომხედა შეშფოთებით, შემდეგ ისევ საქმიანობა განაგრძო და მიპასუხა: _მე სისის შეცდენას არ ვაპირებ, მის. დავპირდი, რომ ცოლად მოვიყვან და ასეც მოვიქცევი. თუმცა ჩვენს შორის ჯერ არაფერი ყოფილა. _ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე. მთელი სულითა და გულით ბედნიერებას გისურვებთ, მაგრამ თუ არ გიყვარს ალბათ აჯობებს მანაც იცოდეს ეს, რომ შემდეგ იმედი არ გაუცრუვდეს. _მიყვარს! რა თქმა უნდა, მიყვარს, ოღონდ ჩემებურად. მართალია ჩემი გული და გონება სხვა ქალს ეკუთვნის, მას, ვისაც არაფერში სჭირდება და ვისთვისაც მხოლოდ ერთგული მსახური ვარ და სხვა არაფერი...-დაძაბული სიჩუმე გაიწელა, არ ვიცოდი დამეტუქსა ამ კადნიერებისთვის, თუ... თუ... თუ რა უნდა მექნა? გული ამიჩქროლდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიბრალული იყო და კიდევ გულის აჩუყება, რადგან საკუთარი განცდები ასე ნაზად გამიმჟღავნა.-მაგრამ სისი ჩემი ცოლი გახდება,-გააგრძელა მან.-პატივს ვცემ და ვიზრუნებ მასზე, სანამ შემეძლება. ალბათ ყველასთვის ასე აჯობებს,-თქვა და შეკაზმული ცხენი აღვირი გამომიწოდა. _ბრძნული გადაწყვეტილებაა, პიტერ!-ვუთხარი სერიოზულად, აღვირი გამოვართვი, მისი დახმარებით უზანგში ფეხი გავყავი და ცხენს მოვახტი. ცხენისთვის საკუთარი სურვილის გადასაცემად მათრახს არ ვიყენებდი. ამჯერადაც, ფეხის ქუსლები ოდნავ მივაჭირე თუ არა მუცელზე, ადგილს მოსწყდა და სულ მალე პიტერიც გაქრა, სუფრასთან მსხდარი ხალხიც და წყალში მოჭყუმპალავენიც უკან ჩამოვიტოვე.
| |
|
|
|