არჩევანი
გონზე ჩემს საძინებელში მოვედი, საწოლზე ვიწექი თავს ვიღაცეები დამდგომოდნენ, რომელთა სახეებიც ერთბაშად ვერ გავარჩიე. მესმოდა მხოლოდ კატრინას ქვითინის ხმა:
_რამდენი რამ გადაიტანა... ჩემი საწყალი პატარა გოგონა...-თან თმაში ვგრძნობდი მის თითებს და სისველეს შუბლზე.
_კატრინა, რა გატირებს, ყველაფერი კარგადაა,-ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ვთქვი და სველი საფენი მოვიშორე სახიდან.
_გული წაგივიდა და ამბობ, რომ ყველაფერი კარგადაა,-ამოისლუკუნა კატრინამ.
_იმიტომ, რომ ჭრილობის დანახვის შემეშინდა,-გონებაში ბოლოს ნანახი მომენტები ამოტივტივდა.-წაუსვით მალამო მისტერ ბლექბორნს?-ოთახში მყოფებს მოვატარე მზერა- პიტერი და სისი იყვნენ კატრინას გარდა.
_დიახ, მის, და მგონი უკვე უკეთ გრძნობს თავს. ელაა მასთან.
_გმადლობ, პიტერ, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას,-გრძნობით ვუთხარი.
_თქვენთვის სამსახურის გაწევა ჩემთვის დიდი პატივია, მის,-თავი დამიკრა.
_კატრინა, მე უკვე კარგად ვარ. შეგიძლიათ წახვიდეთ,-კატრინას ვუთხარი, მაგრამ ყველას გასაგონად ვთქვი.
_დავრჩები, კიდევ რამე რომ მოგივიდეს?-ცრემლიან თვალებს იწმინდავდა კატრინა.
_არა, არაფერი მომივა. თავს მხნედ ვგრძნობ. ალბათ ისევ მისტერ ბლექბორნს უნდა მიხედოთ?-ვკითხე.
_არა, უკვე მითხრა, რომ ღამის თევა აღარ სჭირდება და ოთახიდან დამითხოვა, მთხოვა შენთვის მომეხედა.
_მე მოსახედი არაფერი მჭირს,-გამეღიმა.-წადით, დაისვენეთ,-სამივეს მოვავლე მზერა.
_მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მის,-პირველი პიტერი გავიდა ჩემი საძინებლიდან, სისი რევერანსით დამემშვიდობა და პიტერს მიჰყვა. კატრინამ შუბლზე მაკოცა და გავიდა. კარი რომ დაიხურა, ფეხზე წამოვხტი. სიზმრის ნაწყვეტები მახსენდებოდა- მდელო, ბავშვები, ეკლესია, ღვთისმშობლის ქანდაკება და ბოლოს პატარა მახინჯი გოგონა. გამაჟრჟოლა. ფანჯარასთან მივედი და მთვარიან ღამეს გავხედე. სრული სიწყნარე სუფევდა. მსახურებს ალბათ უკვე ეძინათ. მამა და ენი გამახსენდა, ნეტავ მათაც ეძინათ?
ენის ოთახისკენ გავემართე. კარებს ქვემოდან სინათლის ზოლი არ გამოდიოდა, მაგრამ მაინც დავაკაკუნე ყრუდ და ოდნავ შევაღე კარები.
_ენ, გძინავს?-დავიჩურჩულე. მისმა დუმილმა მაცნობა, რომ ეძინა. საწოლს მივუახლოვდი და მძინარეს დავხედე. ტკბილად ეძინა. დავიხარე და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე. შემდეგ ფეხაკრეფით გამოვედი საძინებლიდან. სანამ ჩემს ოთახში შევბრუნდებოდი გულმა ბლექბორნის საძინებლისკენ გამიწია, მითუმეტეს, რომ ამ ოთახიდან სინათლე გამოდიოდა. სამჯერ დავაკაკუნე და კარი შევაღე. მასაც ეძინა. ღონემიხდილი სახე ჰქონდა. შუბლზე ფრთხილად დავადე ხელი- სიცხეს დაეკლო. შვებით ამოვისუნთქე. სკამზე ჩამოვჯექი, ცოტა ხნით დარჩენა გადავწყვიტე, სანამ მის თავთით დადგმული სანთელი ჩაიწვებოდა, ისედაც ბევრი აღარ უკლდა. მის ხელს დავაცქერდი და ხელის ზურგზე ფრთხილად გადავატარე თითები. თან ვაყურადებდი ხომ არ შეკრთა ძილში, მაგრამ არა, მშვიდი სუნთქვის ხმა მესმოდა. მესმოდა, მალე მოუწევდა აქედან წასვლა. მალამო გამოაჯანმრთელებდა და ალბათ აღარასოდეს იზამდა პირს აქეთ. ეს გულს მწყვეტდა. თუმცა ღმერთის მადლობელი ვიყავი, რომ სასწაული მოახდინა და მკვლელის საშინელი დამღა ამაცილა. ჩემი თითები მისი ხელის ზურგზე თამაშობდნენ, როცა კიდევ ერთხელ შევავლე თვალი სახეზე და გავიყინე. თვალებგახელილი მიყურებდა! შევკრთი, თითები მაშინვე მოვაშორე და სახეზე წამოვწითლდი. არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. მას გაეცინა.
_შეგიძლია განაგრძო,-მითხრა ღიმილით.
_მეგონა გეძინა,-წავიბურტყუნე.
_ვიცი. რატომ მეპყრობი მძინარეს უფრო კარგად? მირჩევნია, როცა მღვიძავს მაშინ იყო ასეთი გულისხმიერი.
_მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, მისტერ...-სკამიდან წამოვხტი.
_მოიცა!-ხელზე დამებღაუჭა ბალიშიდან წამოუწევრად. მოვიხედე. -ნუ წახვალ...-წარბები შევყარე.-...ვიგულისხმე, ცოტა ხანს დარჩით-მეთქი.
_უკვე გვიანია, აჯობებს დაისვენოთ,-ვთქვი თავდახრილმა.
_კარგი,-თვინიერი კილოთი მითხრა, შემდეგ ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა აკოცა. სანამ მისი ბაგეები შემეხებოდა მისი ცხელი ამონასუნთქი ვიგრძენი კანზე და ჟრჟოლამ დამიარა. დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი. გაუგებრობაში ვიყავი. მისი სიახლოვე მაღელვებდა და მაინც მსამოვნებდა. ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს ჩემი სამყარო მის გარშემო იწყებდა ტრიალს. თავი გავაქნიე აბეზარი ფიქრის მოსაშორებლად და ფანჯარას მივუახლოვდი. სიბნელეს გავყურებდი როცა ჩემი სიზმრის ყველაზე ძვირფასი მონაკვეთი გამახსენდა. „ის“ იყო ჩემს სიზმარში! ის ისევ მოვიდა! ჩემს გონებაში შემოვიდა! დამესიზმრა! არ მივუტოვებივარ! იმ ღამეს ტკბილად მეძინა.
რამდენიმე დღე ისე გავიდა, სულ რამდენჯერმე ვესტუმრე ბლექბორნს, ისიც სხვების თანდასწრებით, სადაც სრულ ეტიკეტს ვიცავდით და პირადი საუბრებისგან თავს ვიკავებდით. გული სიხარულით მევსებოდა, როცა ვხედავდი, დღითიდღე როგორ უმჯობესდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პიტერი ყოველ დილას და საღამოს უსვამდა თავის მალამოს და ჭრილობა სწრაფად ხორცდებოდა. ორი თუ სამი დღის შემდეგ ბლექბორნს უკვე ფეხზე ადგომა და სიარული შეეძლო, იმავე დღეს მისმა მეგობარმა ნაითინგეილმა ფორსეიქენჰოლში წაიყვანა. გამომშვიდობება არ იყო სენტიმენტალური. ბლექბორნი მადლობას უხდიდა მისტერ სტრატფორდს ამდენხნიანი პატრონობისთვის და ბოდიშს უხდიდა შეწუხებისთვის. მეც ასევე, თავი დამიკრა და მითხრა:
_თქვენგან სიცოცხლით ვარ დავალებული, მის მერიენ სტრატფორდ!-ხელზე მეამბორა, დაგვემშვიდობა, ეტლში ჩაჯდა და წავიდა. ცრემლი არ მომდგომია თვალზე და არც გული დამწყვეტია. მე გადაწყვეტილება მქონდა მიღებული. სენტ ბართლომეს მონასტერში ვაპირებდი წასვლას.
გადაწყვეტილება სიზმარმა განაპირობა. „მან“ შემიღო ეკლესიის კარები, ეს ნიშნავდა, რომ მას ასე სურდა. შესაძლოა ასე დამბრუნებოდა. მართალია ბლექბორნი ინტერესს იწვევდა ჩემში, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ გრძნობასთან შედარებით, რასაც „მის“ მიმართ ვგრძნობდი.
მიზნის მისაღწევად მზადება უკვე დაწყებული მქონდა. სოფლის ეკლესიის წინამძღვართან ვიყავი და დაველაპარაკე. მსურდა გამეგო, რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მონაზონი გავმხდარიყავი. იგი, რა თქმა უნდა, აღაფრთოვანა ჩემმა გადაწყვეტილებამ და სიხარულით მომაწოდა ცნობები მონაზვნობის შესახებ. ასევე მირჩია სხვადასხვა მონასტრები, მონაზონთა ლავრები. ჩემთვის ყველაზე მისაღები ლონდონში მოქმედი მონასტერი სენტ ბართლომე აღმოჩნდა. ის მეტ-ნაკლებად ახლოს იყო პოპლარჰოლთან, მამა და ენი მაშინ მომინახულებდნენ, როცა ენდომებოდათ, თუმცა არც ისე ახლოს, რომ ნებისმიერ ნაცნობს შევხვედროდი (მაგალითად, ბლექბორნს ან ელეონორს), თუმცა აქვე იყო რამდენიმე პრობლემა: სენტ ბართლომეს წინამძღვართან მაღალ საეკლესიო პირს რეკომენდაცია უნდა გაეწია ჩემთვის, რომ თავის მონასტერში მივეღე. ასევე, უნდა გადამეწყვიტა მემკვიდრეობის საკითხები, გადაწყვეტილება მეცნობება ახლობლებისთვის, მანამდე კი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნებულიყავი. ზემოჩამოთვლილთაგან არცერთი არ იყო ჩემთვის იოლი შესასრულებელი, თუმცა მე რუდუნებით დავიწყე თითოეული პრობლემის გადაჭრა დასახული მიზნის მისაღწევად.