ბლექბორნის უცნაური თავგადასავალი
მივრბოდი. თავდაუზოგავად მივქროდი, მაწვიმდა და ცივი ქარი უბერავდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. არ არსებობდა ფიქრი ჩემს გონებაში, გარდა ერთისა, სასწრაფოდ უნდა მენახა დენიელი და საუბარზე დამეყოლიებინა. ასე სირბილით მივედი ფორსეიქენჰოლამდე. ბოლოს, გალუმპულმა, გაწეწილმა, გულამოვარდნილმა და ტალახით კაბისბოლოდასვრილმა ავიარე ბარბაცით სახლის კიბეები და ორივე ხელით, მუშტებით დავაბრაგუნე. მანამ ვაბრაგუნებდი, სანამ ბოლოსდაბოლოს კარი არ გაიღო. დენიელმა ხელი მტაცა და სასწრაფოდ რომელიღაც პატარა ოთახში შემიყვანა.
_რას აკეთებ აქ, მერიენ?-მკითხა მკაცრად. მხოლოდ მას შემდეგ გამიშვა მკლავში უხეშად ჩავლებული ხელი, რაც კარები მჭიდროდ მოიხურა.
_მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ, თავს ვერ დაიძვრენ!-გავაფრთხილე წინასწარ.
_ვიცი და არც ვაპირებ შენთან საუბარს თავი ავარიდო, მაგრამ ახლა არა. ახლა უნდა წახვიდე.
_არსადაც არ წავალ! ახლავე დავილაპარაკებთ!-წამოვიძახე გაჯიუტებული ბავშვივით.
_მერიენ, ახლა უნდა წახვიდე! მეთვითონ მოვალ შენთან და გპირდები, ვილაპარაკებთ!-დამარცვლით მითხრა, თან თვალს არ მაშორებდა და ჩემს დარწმუნებას ცდილობდა.
_ისევ თავიდან მიშორებ,-ვთქვი გულდაწყვეტილმა და კარისკენ გავემართე. მან ხელში ჩამჭიდა ხელი და არც ისე დიდი ძალდატანება დასჭირვებია ჩემ მოსაბრუნებლად. იმედიანი მზერით მოვხედე.
_აქ ჯონათან საროუა და არ მინდა დაგინახოს, გაიგე! მე მოვალ შენთან, გპირდები!
_დაიფიცე!
_ჩვენს სიყვარულს და შენს თავს ვფიცავარ!
_კარგი!-უცებ ყველანაირი დარდი გაქრა.-ოღონდ დიდხანს ნუ მალოდინებ...-ვთხოვე ჩურჩულით. თავი დამიქნია, ხელი, რომელიც ამდენ ხანს ხელში ეკავა, ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე მაკოცა.
უსიტყვოდ გამაცილა გარეთ და მეეტლეს უბრძანა სახლში წავეყვანე. სიტყვის თქმა აღარ მაცალა, ეტლში ამაბრძანა და მეეტლეს ანიშნა დაძრულიყო, თვითონ კი მაშინვე სახლში შევიდა.
ამის მიუხედავად, მაინც იმედმოცემული ვიყავი და თავს ვირწმუნებდი, რომ ახლა მთავარი სიმშვიდის და მოთმინების მოკრება იყო, რადგან სანამ დენიელი მოვიდოდა, ალბათ კიდევ რამდენიმე დღე მომიწევდა მოცდა.
სახლთან მადლობა გადავუხადე მეეტლეს და სასწრაფოდ სახლში შევედი, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და გავმშრალიყავი.
_სად ხარ ამდენ ხანს?-ჰოლში კატრინას დავეჯახე.
_მისის ჯენკინსთან შევყოვდნი,-ამოვილუღლუღე მე.
_წუწუნით ხომ არ აგიკლო? რახანია მოსაღამოვდა, როგორმე თავი უნდა დაგეძვრინა, თანაც სულ გალუმპულხარ! მარტო რამ წაგიყვანა? რატომ სისი ან ელა არ წაიყვანე? ხომ იცი, არ ეკადრება ლორდ სტრატფორდის ქალიშვილს სოფელ-სოფელ მარტო სიარული!
_კატრინა, სწორედ ახლა კაბის გამოცვლას ვაპირებდი, არ გინდა გამატარო?-ალბათ იმდენად დაღლილი გამომეტყველება მქონდა, რომ შევეცოდე და აღარაფერი აღარ უთქვამს, უბრალოდ თვალი გამომაყოლა კიბისკენ წასულს.
_სწრაფად მოემზადე, ენი და მისტერ ნაითინგეილი უკვე ვახშმობას აპირებენ.
_უილიამი? აქაა?-გამიკვირდა.
_დიახ! უკვე მთელი საათია არხეინად მასლაათობენ.
_მთელი საათი მარტონი იყვნენ ოთახში?
_არა, როგორ გეკადრებათ?! მე ვიყავი მათთან, როგორც ენის ძიძა.
_კარგი გიქნია! მალე დავბრუნდები,-ვთქვი და კიბეებს ავუყევი.
ჩემს ოთახში შესულმა ჯერ სველი ტანსაცმელი გავიხადე, შემდეგ ტანი გავიმშრალე რბილი, ხაოიანი პირსახოცით და შედარებით თბილი კაბა ჩავიცვი. მორთვაზე ბევრი არ მიწვალია, სადად შევიკარი თმების მცირე ნაწილი უკან დედის სახსოვარი თმისამაგრით.
სასადილო ოთახშო ჩავედი და რომ დავინახე როგორ ისხდნენ გვერდი-გვერდ უილიამი და ენი, გულთან რაღაც გამითბა. თბილად საუბრობდნენ და მორცხვად უღიმოდნენ ერთმანეთს. პატარა ბავშვებივით იყვნენ.
_მერიენ!-ფეხზე წამოდგა უილიამი ჩემი დანახვისთანავე. თავი დამიკრა და ხელზე მეამბორა.
_საღამო მშვიდობისა, უილიამ!-გავუღიმე და ის თავის ადგილს დაუბრუნდა, მე ენი პირდაპირ დავჯექი.
ცხელი კერძიც შემოიტანეს და ჭამას შევუდექით. ცოტათი უხერხულად კი ვგრძნობდი თავს მათთან ერთად, როცა ვხედავდი როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში. ერთმანეთს კერძებს აწოდებდნენ და მართალია არც ჩემთან საუბარზე ამბობდნენ უარს, მაგრამ მათ შორის რაღაც იდილია იგრძნობოდა, რომელსაც თითქოს ჩემი იქყოფნით ვარღვევდი. ვახშამი მალე დამთავრდა და ჩვენ ბუხართან გადავინაცვლეთ. მე წიგნებში ჩავეფალი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს მათ სრულებით არ ვაქცევდი ყურადღებას. ისინი ბავშვებივით გადმომხედავდნენ ხოლმე ხანდახან, თითქოს აინტერესებდათ, მათ ვუყურებდი თუ არა. მე გულგრილ გამომეტყველებას ვინარჩუნებდი. ბოლოს უილიამი მიხვდა, რომ უკვე საკმაოდ დაღამდა და მისი წასვლის დრო მოვიდა, კალთების დასახევად არავინ წამომხტარა.
_კიდევ გვესტუმრე ხოლმე,-ვუთხარი დამშვიდობებისას.
_აუცილებლად,-ენს გადახედა და ისე მიპასუხა მან.
ჩვენც დიდხანს აღარ დავრჩენილვართ სტუმრების მისაღებ ოთახში, ზემოთ ავედით და საძინებლებში გავნაწილდით. სისი ამოვიდა და კაბის გახდაში დამეხმარა, მაგრამ მალევე გავუშვი, ისედაც ძალიან იღლებოდა- საკუთარი ხელით ქარგავდა თავისი მომავალი ოჯახისთვის, მომავალი ბავშვისთვის თეთრეულს- მზითევს იმზადებდა. მე სარკის წინ დავჯექი ტუალეტის მაგიდასთან და სავარცხელი მოვიმარჯვე. დღევანდელი დღის შემდეგ ასე იოლად არ დამეძინებოდა. რბილი სავარცხლით მხარზე ჩამოფენილი თმის ვარცხნა დავიწყე. მთელი დღის განვლილ მოვლენებს რომ გადავავლე თვალი, და რთული არ იქნება იმის მიხვედრა, განსაკუთრებით რომელ მომენტზე შევჩერდი ყველაზე დიდი ინტერესით, მეხივით დამეჯახა კითხვა: რა უნდოდა ჯონათან საროუს დენიელთან, ფორსეიქენჰოლში? დენიელი ჩემ დამალვას ალბათ იმიტომ ცდილობდა, რომ საროუმ იმ წყეულ ბანდას არ გააგებინოს მისი ადგილ-სამყოფელი. დენიელმა აუცილებლად უნდა მითხრას რა ჩაიდინა უელსში. გავუგებ, რაც არ უნდა იყოს... ალბათ. ოღონდ უნდა მითხრას. უნდა ამიხსნას რამ განაპირობა ეს ქცევა. მთავარია, ის ისევ ისეთი იყოს, როგორიც შემიყვარდა, მზრუნველი, თბილი, პატიოსანი და გულკეთილი. სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. მის წარსულს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს და მითუმეტეს, მე ვერ განვსჯი მას, რა ცოდვაც არ უნდა ედოს კისერზე, რადგან არ დამვიწყებია ცოდვა, რომელიც ჩემი გოლგოთაა და სიკვდილამდე მიმყვება.
ელიზას გახსენებაზე საწერ მაგიდასთან დავჯექი და წერილის წერას შევუდექი: „ძვირფასო ელიზა,
მე ჯერ კიდევ გავურკვევლობაში ვარ, მაგრამ ამჯერად იმედი არის! ჰო, ვიცი რასაც ფიქრობ! ერთ დროს შენ გიშლიდი მსგავს საქციელს, ახლა კი თავად ვიმცირებ თავს კაცისთვის... ჰო, ვიღაც კაცისთვის, რომელიც საკუთარ სულზე მეტად მიყვარს... რატომ არ მრცხვენია ნეტავ, ამის აღიარების? ელიზა, რა სულელი ვიყავი... როგორ შემეძლო შენთვის იმის გაკეთება, რაც გაგიკეთე... ახლა არც კი მჯერა, რომ ეს მე ვიყავი. მე გიშლიდი შენთვის ისეთი ადამიანის ყვარებას, როგორიც ჩემთვის დენიელია! ნეტავ, შემეძლოს... ოღონდაც დროის დაბრუნება შემეძლოს... ეს წერილები გაქრებოდა, რადგან შენ იქნებოდი ჩემს გვერდით... ღმერთო, ჩემი სულელური საქციელით ხომ მე შენ მოგკალი!
ხელი ამიკანკალდა და წერა შევწყვიტე. ბოლოს ჩემი სახელი მივაწერე და კონვერტში ჩავდე. ალბათ ხვალ დავწვავდი სასაფლაოზე ამ წერილს.
სინდისის ქენჯნით ნახრავი წამოვდექი, სანთელი ჩავაქრე და საწოლში ჩავწექი. რაც შემეძლო მოვიკუნტე, თვალები მაგრად დავხუჭე და შევეცადე ძილი ყურით მომეთრია ჩემამდე, მაგრამ ამაოდ. სრულ სიბნელესა და მდუმარებაში უცნაური აზრები მებადებოდა.
თითქოს ვიღაცის სუნთქვა გავიგონე, თვალები გავახილე და მიმოვიხედე, მაგრამ არაფერი დამინახავს. უცებ საშინლად შემეშინდა! აი, ისე, როგორც „მასთან“ პირველი შეხვედრის შემდეგ მეშინოდა კიდევ არ მოსულიყო.
ახლა რომ მოსულიყო, რა უნდა მექნა? კანკალმა ამიტანა. „ის“ ალბათ თავისთან წამიყვანდა ჩემზე განრისხებული, რომ სხვაში გავცვალე, როცა სიყვარულს ვეფიცებოდი. მაგრამ მაშინ რატომ მიმატოვა?
მისი სიტყვები გამახსენა, ვხედავ, რომ მომავალში ბედნიერი იქნებიო. არა, ის ალბათ ღიმილით უყურებს ჩემი და დენიელის სიყვარულს. ალბათ ის გვმფარველობს...
თვალები დავაჭყიტე:“ ეშმაკი სიყვარულს მფარველობს!“ საიდან მოვიტანე ასეთი სისულელე?
საკუთარი თავის კიცხვის ფიქრებში გართულმა გავიგონე ჩემ ფანჯარას როგორ მოასკდა რაღაც და საშინელი ჭახანის ხმა გაიღო. შევკრთი და თვალებფართოდგახელილმა დავიწყე თვალების ცეცება რაიმეს დანახვის ან კიდევ ერთხელ გაგონების მიზნით. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიაზრე, რომ ქვემოდან ისროლეს ის რაღაც და საწოლიდან წამოვხტი. ფანჯარა გამოვაღე და დაბლა ჩავიხედე.
_დენიელ?!-აღმომხდა გაოგნებულს, თუმცა ისე ხმამაღლა არა, რომ მას გაეგონა. დენიელმა მანიშნა შიგნით შემომეშვა. სიბნელეში ძლივს ვიპოვე ხალათი, ჩავიცვი, შევიკარი და კიბეებზე დავეშვი. ორ წამში უკვე დენიელს ვეხვეოდი.
_არ ველოდი... არ მეგონა, რომ... ასე უცბად მოხვიდოდი... ისე ვღელავდი... -ვეუბნებოდი ჩურჩულით ის კი მაინც მაჩუმებდა.
_ისეთ ოთახში შემიყვანე, სადაც ჩვენს ხმას ვერ გაიგებენ,-მითხრა ჩურჩულით. ჰოლში დგომა სისულელე იყო, ამიტომ მაშინვე მისაღები ოთახისკენ წავიყვანე. კარები უხმაუროდ შევაღე, შევედი და ბუხრის თავზე დადებული სანთელი ავანთე, შემდეგ ბუხართან დავიხარე და შევეცადე ნაკვერჩხალი გამეღვივებინა.
დენიელმა კარი მოიხურა, შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა:
_შენ კარგად მოეწყვე, ხანგრძლივი საუბარი გვექნება, ამას მე მივხედავ,-და ბუხართან დაიხარა. მე ბუხართან სავარძელში მოვკალათდი, შიშველი ტერფები ქოშებიდან ამოვყავი და პერანგსა ხალათს შიგნით მოვიკეცე სავარძელზე. ბუხარს რომ გავხედე, მასში უკვე ცეცხლი გიზგიზებდა, დენიელი კი შეშას ალაგებდა ცეცხლის ალში, რომ შემდეგ ხშირ-ხშირად არ დასჭირვებოდა წამოდგომა. შემდეგ ჩემს პირდაპირ სავარძელში დაჯდა და თბილი მზერა მომაპყრო.
_მე დაგპირდი და მოვედი. ახლა შეგიძლია მკითხო, რაც გინდა.
_პირველ რიგში, მაინტერესებს, რას აკეთებდა დღეს საროუ შენს სახლში?-რაც თავში მომივიდა პირველი ის კითხვა დავუსვი.
_ხომ გაიგონე მუქარა მაშინ? ჰოდა, ახლა გადაწყვიტა ყველაფერთან ერთად გამდიდრდეს კიდეც, ქონების ნახევარი მომთხოვა,-პირი დავაღე.
_აჰ, ეგ უსინდისო! როგორ ბედავს?! როგორ შეუძლია ასეთი უტიფარი იყოს? დენიელ, დუელზე უარი რატომ თქვი? ამით ხომ ყველა პრობლემას გადაჭრიდი?-ეს მე ვთქვი? დენიელმაც გაოცებულმა შემომხედა:
_შენ გინდა, რომ დუელი შედგეს?
_არ ვიცი... ეს უბრალოდ... წამომცდა... მაგრამ მართლა ვთვლი, რომ საროუს სიკვდილი ბევრ პრობლემას გადაჭრიდა.
_მერიენ, არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე... რა ვიგინდარაც არ უნდა იყოს ის,-დამრიგებლური ტონით მითხრა მან.
_და მაინც... ვინ და რატომ გააუქმა დუელი?
_არავის არ გაუუქმებია, მაგრამ მისი ჩატარება ასეთ პირობებში შეუძლებელია. სანამ სიტყვას დავძრავდი დუელზე, საროუმ თვითონ გამაფრთხილა, რომ ის არ შედგება და თუ მე მაინც დავიჟინებ, ის წერილს გაგზავნის თავის „მეგობრებთან“ და დუელი უკვე იმის გამო არ შედგება, რომ დანიშნული დროისთვის ცოცხალი აღარ ვიქნები.
_მე მგონი...-დავიწყე საშინელი, სერიოზული, ამაზრზენი ხმით.-ადამიანის მოსაკლავად დუელი აუცილებელი არ არის...-თავს საშინელ კუდიანად ვთვლიდი, მითუმეტეს, რომ თითქმის ჩურჩულით ვლაპარაკობდით.
_მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ყველანაირი გზა მომიჭრა, საროუ ამბობს, რომ მისის საროუს აქვს შენახული მისი წერილი და თუ მის მაზლიშვილს რამე დაუშავდება, იცის სად უნდა გააგზავნოს.
_ღმერთო, ეს რა ჩახლართულობაა! ჯონათან საროუს უკვე ყველაფერზე უფიქრია! ყოჩაღ! არ მეგონა ასეთი გამჭრიახი თუ იყო!-აღმომხდა გუნებაგაფუჭებულს. მცირე პაუზის შემდეგ ვკითხე.-და რა მოხდა ამისთანა უელსში არ იტყვი?-ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და სანამ რამეს იტყოდა დენიელმა გულიანად ამოიოხრა.
_მაგ თემასაც მივადექით... კარგად მოკალათდი, გრძელი ისტორიაა.
_მზად ვარ მოსასმენად,-იმდენ ხანს ველოდი ამ მომენტს, რომ ახლა მღელვარებამ მომიცვა.
_მერიენ, მე უელსში დავიბადე, გავიზარდე. დიდგვაროვანთა შვილი, ერთი ფუქსავატი ჭაბუკი ვიყავი. კარგი გარეგნობის წყალობით ქალების ყურადღება არ მაკლდა. გართობასა და ღრეობაზე არასდროს ვამბობდი უარს. ფულსაც ბევრს ვფლანგავდი და ამაზე არც არავინ მიჯავრდებოდა. დედისერთას ვინ რას დამიშლიდა? ჩემს მეგობრებთან ერთად დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე განცხრომას ვეძლეოდი და ვერ წარმომედგინა, რომ სხვანაირი ცხოვრებაც არსებობდა.
_მაშინ უილიამიც შენთან ერთად იყო?
_არა. ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.
_მე უკვე არაფერი არ მესმის! შენ თქვი, რომ უელსში დაიბადე, არადა მე ვიცი, რომ ბლექბორნების პატარა ბიჭი აქ დაიბადა და მერე გადაიყვანეს სხვაგან. მაგრამ წეღან აღარ შეგაწყვეტინე.
_მერიენ, ცოტა მოითმინე და ყველაფერს მიხვდები, გთხოვ. ნუ გამაწყვეტინებ,-თავი დავუქნიე.-მოკლედ, როგორც გითხარი ისე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, სანამ ერთ დიდ წვეულებაზე 15-16 წლის ერთი ქალიშვილი არ გავიცანი. მთელ უელსში ერთ-ერთი უმდიდრესი დიდგვაროვანის შვილი იყო, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. მე მისმა გარეგნობამ მომხიბლა. ოქროსფერი თმა და ცისფერი, ნამდვილად ზღვისფერი თვალები ჰქონდა. საშინლად მორცხვი და თავშეკავებული იყო. ჯერ კიდევ ნამდვილი ბავშვი. მე 20 წელი არ შემსრულებოდა ჯერ. ამით განა იმის თქმა მინდა, რომ ჭკუა არ მომეკითხებოდა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ვცდილობ, უბრალოდ... მინდა იცოდე, რომ მაშინ სხვა ვიყავი... გათამამებული, ეგოისტი და თავქარიანი... მოკლედ, გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს მორცხვი გოგო ხელში ჩამეგდო. ოღონდ ქორწინებაზე არც მიფიქრია... ცოლის მოყვანაზე უკვე სიბერეში ვფიქრობდი, რომ მარტო არ ვყოფილიყავი, ვაპირებდი მანამდე გართობისთვის მიმეძღვნა ცხოვრება. მაგრამ მარიბელი ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა და ყველა ჩემი მცდელობა, მისთვის თავი შემეყვარებინა, ფუჭად მიდიოდა. ანუ ისე ვიქცეოდი, როგორც საროუ შენთან, ოღონდ ბევრად ამაზრზენად. მე თავდაჯერებული, საკუთარი თავით კმაყოფილი იდიოტი ვიყავი და ვერ ვიჯერებდი, რომ პატარა ცინგლიან გოგოს თავი ვერ მოვაწონე. თუმცა, გვიან გავიგე, რომ მიზეზი მე კი არა, სხვა რამ იყო. რამდენიმე კვირა ისე გავიდა, მარი, მარიბელი არ მენახა. უკვე სერიოზულად ვაპირებდი მისი ძებნის წამოწყებას, როცა შემთხვევით გავიგე, რომ მონაზვნად აღკვეცილა.
_რა?-თვალები გამიფართოვდა. ჩემთვის მტკივნეული იყო მისი სიტყვები, როცა მარიბელს და მისდამი თავის გრძნობებს აღწერდა, მაგრამ ვცდილობდი ამაზე არ მეფიქრა და გულისყურით მომესმინა.
_ბევრი არ მიფიქრია, მეორე დღესვე დავადექი მონასტრის გზას. გაგონილი მქონდა, რომ საეკლესიო პირებს არ უშლით ხელს ეს სტატუსი სასიყვარულო ურთიერთობების გაბმაში და ფარ-ხმალს არ ვყრიდი, იქნებ ასე მაინც მომეხერხებინა რამე. მონასტერში მალე მივედი, მაგრამ მაშინვე არ შევხვედრივარ, ჯერ კარგად დავაკვირდი იქაურობას, მოვიფიქრე რა მეთქვა, როგორ შევხვედროდი, როგორ დავლაპარაკებოდი. მოკლედ, ყველაფერი კარგად დავგეგმე და ისე მოვაწყვე, ვითომ შემთხვევით შევხვდით და მეც ვაპირებდი ბერად აღკვეცას ან რაღაც მსგავსს ვაპირებდი,-დენიელმა პაუზა გააკეთა და ოხვრას ამოაყოლა:-მარის ძალიან გაუკვირდა ჩემი იქ დანახვა, მაგრამ მაინც გულუბრყვილო ბავშვი იყო დარწმუნება არ გამჭირვებია. მონაზვნის სამოსში გამოწყობილი ჩემს ავხორც გუნებას კიდევ უფრო მოეწონა და მე უკვე ყველაფერს ვაკეთებდი მისი ნდობის მოსაპოვებლად. მონასტერში დავრჩი და წინამძღოლის ნებართვით „იქაურ ცხოვრებას ვაკვირდებოდი“. მე მგონი ყველაზე სანიმუშოდ ვიქცეოდი იმ მონასტერში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ფარული მიზანი მამოძრავებდა და ვხედავდი, რომ დღითიდღე ვუახლოვდებოდი ამ მიზანს და ერთ დღესაც მივაღწიე კიდეც. მარი ვერც ხვდებოდა რას აკეთებდა, ყველაფერში ჩემ თავს ვადანაშაულებ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ფიზიკური ძალა არ მიხმარია. გონებრივად ვიძალადე მასზე და ის ჩავადენინე, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა და რაზე ფიქრსაც კი ვერ გაბედავდა. თუმცა ის იმღამესვე საშინელმა სინდისის ქენჯნამ შეიპყრო, თუმცა ეს მე უკვე აღარ მადარდებდა. რახან საწადელს მივაღწიე მეორე დღესვე დავტოვე მონასტერი და ჩვეული ცხოვრება განვაგრძე. მშობლები და ახლობლები დიდი სიხარულით შემხვდნენ. მაგრამ ეს ცხოვრება დიდხანს აღარ გაგრძელებულა. მალე ჩვენს ქალაქში ამბავმა ჩამოაღწია, რომ მარიბელი კლდეზე გადაიჩეხა. მონასტერი თვითონ მთის თავზე იყო და თავის მოსაკლავად შორს წასვლა არ დასჭირვებია. ჰო, მე წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მან თავი მოიკლა. თავიდან თავს ვიმშვიდებდი, რომ მე დამნაშავე არაფერში არ ვიყავი, რომ მე კი არ შემიცდენია, მას თვითონ უნდოდა ეს და რომ მის სიკვდილში ბრალი არ მიმიძღვოდა. მაგრამ შემდეგ საშინელება დაიწყო. არ ვიცი, როგორ, მგონი მარიბელმა წერილი დატოვა, სადაც მე მახსენებდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გაიგეს, რომ მარი შევაცდინე და მისმა ოჯახმა ჩემი დადანაშაულება დაიწყო. სადაც მნახავდნენ უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ. სოფლელებთან ერთად შეიარაღებულებიც კი მოადგნენ ჩემს სასახლეს. ჩემი მშობლები თავიდან არ იჯერებდნენ, მაგრამ ჩემი უტიფარი გამოსვლების შემდეგ, როცა უარყოფასაც ვერ ვახერხებდი ამ ყველაფრის, მათ დაიჯერეს და ჩემი გაკიცხვა დაიწყეს. საბოლოოდ, გამდევნეს კიდეც. რამდენიმე თვე სხვადასხვა მეგობართნ ვიცხოვრე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არც მათ სიამოვნებდათ ჩემი სიახლოვე. მეც უკვე დაფიქრება დავიწყე და რაღაც დანაშაულის გრძნობისმაგვარი გაჩნდა ჩემში, მაგრამ არც იმდენად, რომ მენანა ჩადენილი. მე მიჩვეული ვიყავი ბილწ, უხამს და გარყვნილ სამყაროში ცხოვრებას და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი მომხდარში,-დენიელი ისევ გაჩუმდა, ჩაფიქრდა. მე ვერაფერს ვგრძნობდი და არაფერზე ვფიქრობდი, მთლიანად სმენად ვიყავი ქცეული და უბრალოდ შეძრწუნება მიპყრობდა და ხანდახან ყურებს არ ვუჯერებდი. პაუზის შემდეგ მან ისევ ოხვრით განაგრძო. უკვე დიდი ხანია მე ვეღარ მიყურებდა, ცეცხლს მიშტერებოდა.-გადავწყვიტე გადავკარგულიყავი. მაგრამ ეს ალბათ ჩემი გადაწყვეტილება ნაკლებად იყო. ხმა დაირხა, რომ მარიბელის უფროსი ძმა ბრუნდებოდა ამერიკიდან, სადაც კოლონიზატორებს გაჰყოლოდა თავგადასავლების საძიებლად. მოკლედ, ყველა მხრიდან მაფრთხილებდნენ, რომ სიკვდილი არ ამცდებოდა, თუ სასწრაფოდ არ გადავიხვეწებოდი. ასეც მოვიქეცი. ინდოეთში ვაპირებდი გაქცევას, მაგრამ გეგმები ჩამეშალა. მარიბელის მშობლებმა საიდანღაც გაიგეს, რომ გაქცევას ვაპირებდი და დაქირავებული ხალხი დამადევნეს. ზღვაში გასული გემის ჩაძირვა ჰქონდათ დავალებული და სწორედ ამ გემზე ვიყავი მე. სულ ახალი გასულნი ვიყავით პორტიდან, როცა გემი წამოგვეწია და ქვემეხებიდან სროლა დაიწყო. ჩემი გემის ეკიპაჟია აირ-დაირია, დაიბნა და სანამ რამეს მოახერხებდა, გემი ფსკერისკენ წავიდა. არ ვიცი, ვიღაცეებმა შესაძლოა მოასწრეს ნავებით ნაპირზე დაბრუნება, მაგრამ მე კაიუტაში ვგორაობდი და სანამ სხეულზე არ ვიგრძენი წყალი, არც გავნძრეულვარ. შემდეგ კი წამოვხტი საწოლიდან, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კაიუტა მთლიანად წყალში იყო მოქცეული, წყალზე ტივტივებდნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, სკამები, მაგიდა. გემბანზე ავედი, ხალხი ყვირილით ხტებოდა წყალში და ცდილობდა ნაპირამდე ცურვით მისულიყო, მაგრამ ნაპირამდე ძალიან შორი იყო. ამის მიუხედავად, სხვა გამოსავალი ვერც მე დავინახე და წყალში ვისკუპე. მეორე გემიდან სროლას არ წყვეტდნენ და ახლა უკვე ტყვიების სროლაც დაიწყეს, როცა მე დამინახეს წყალში. ისინი ჩემი მიმართულებით ისროდნენ, მე ჩავყვინთე და მივხვდი, რომ ამოყვინთვაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა, სანამ კარგა მანძილით არ მოვშორდებოდი მათ. არც ისე კარგი მოცურავე ვიყავი, ამიტომ მალე დავიღალე, ხელ-ფეხი გამიშეშდა და ფსკერისკენ დავიწყე დაშვება...-დენიელი გაჩუმდა. პაუზა ძალიან გაიწელა. ის ცეცხლს მიშტერებოდა და მგონი არც ახსოვდა ჩემი იქყოფნა.
_მერე?-იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ამომეღო ხმა, ოდნავ ჩახრინწული ხმით ვკითხე მე. ვგულისხმობდი, მერე ვინ გადაგარჩინა ან როგორ გადარჩი-მეთქი, მაგრამ პასუხმა ადგილს მიმალურსმა. დენიელმა ცეცხლს თვალი მოაშორა, თითქოს მისი თავგადასავლის ყველაზე საინტერესო ნაწილს მივადექითო ისე შემომხედა თვალებში უცნაური, თან სითბოს მომლოდინე, თან გამომცდელი მზერით და სრულიად ჩვეულებრივი ხმით მითხრა:
_მერე მოვკვდი.