bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-02-02, 3:32 PM | შეტყობინება # 144 |
842
Offline
| მეთექვსმეტე თავი აბაზანის კარებში გავიყინე. ვერანაირ მოძრაობას ვერ ვაკეთებდი. თითქოს სუნთქვაც კი ძნელი გახდა. დაძაბულობა ჰაერში ტრიალებდა და მას კიდევ უფრო ამძიმებდა. მეგონა, თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინა. რატომღაც ძალიან მეშინოდა. ვუყურებდი ჩემს წინ მდგომი ადამიანის სახეს და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ვერ ვხვდებოდი ეს რატომ მემართებოდა. რობის რეაქციის ძალიან მეშინოდა. არ ვიცოდი რას მოიმოქმედებდა და გაურკვევლობა საშინლად მაწვალებდა. რობმა ჩემი ოთახი მთლიანად მოათვალიერა თვალებით და რა თქმა უნდა, ის ნივთებიც დაინახა, რომლითაც რბოლაზე ვიყავი. _ ეს რას ნიშნავს? _ კბილებში გამოსცრა მან. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, რომ ნორმალური ხმა მქონოდა. _ რობ, დაწყნარდი კარგი? ყველაფერს აგიხსნი, _ მისი დამშვიდება ვცადე. _ რა უნდა ამიხსნა, ბელა? შენ თვითონ მაინც გესმის რა გააკეთე? _ ის ძალიან გაბრაზებული იყო. _ კი, მესმის. მაგრამ... მაგრამ ჯერ დაწყნარდი და მშვიდად ვილაპარაკოთ, კარგი? _ შევეხვეწე. _ როგორ შეგიძლია დაწყნარება მთხოვო? როგორ? ტომის და ვითომ შერის რბოლას სიამოვნებით ვუყურებდი. მიხაროდა, რომ კიდევ ისეთი ვიღაც გამოჩნდა, რომელიც ტომს მოუგებდა. გიფიქრია მაინც რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადო, რომ ტომმა შენი მანქანის გადაყირავება არ სცადა. მე თვითონაც მიკვირს, რომ ეს არ გააკეთა. _ შენ თუ გგონია, რომ ჩემი მანქანა ჯერ არ გადაყირავებულა, ძალიან ცდები. ტომზე უარესებსაც შევხვედრივარ, _ ვუთხარი მას. მისი სახე უეცრად შეიცვალა. მისი თოთოეული ნაკვთი დაძაბული იყო. თვალები, რომლებიც მე ასე მიყვარდა, არაფერს არ გამოხატავდნენ. თითქოს გაყინულიყვნენ. მათ თავიანთი სიღრმე დაკარგეს და შუშასავით იყვნენ. მგონი ჯობდა არაფერი მეთქვა. ასეთ რობს ვერ ვუყურებდი. _ რა თქვი? _ შოკირებულმა მკითხა მან. _ ის, რომ რბოლის დროს ერთხელ უკვე დავშავდი. ჩემი მანქანა გადატრიალდა, _ მხრები ავიჩეჩე, თითქოს ეს უბრალო წვრილმანი იყო. რობი კიდევ უფრო დაძაბული სახით მიყურებდა. ალბათ ჩემი ნათქვამის დაჯერება უჭირდა, მაგრამ ეს სიმართლე იყო. მართალია ეს მაშინ მოხდა, როცა რბოლებზე სიარული ახალი დაწყებული მქონდა, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა. უბრალოდ ფეხი ვიღრძე და მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი მქონდა სახეზე. _ როდის? _ ის ისევ ისეთი დაძაბული იყო. _ ოჰ, ეს ძალიან ადრე მოხდა. რბოლებზე სიარული ახალი დაწყებული მქონდა, _ უდარდელად ვუთხარი. _ ვის ეჯიბრებოდი იმ დროს? _ ეს კითხვა არ მომეწონა. რაში აინტერესებდა? გადავწყვიტე სიმართლე არ მეთქვა. _ რაღა მახსოვს, _ ხელი ავუქნიე. _ ბელა, ვინ იყო? _ მას მომთხოვნი ტონი ჰქონდა. _ რაში გაინტერესებს? _ სწრაფად ვკითხე. _ ვინ იყო? _ თითქოს ჩემი კითხვა ვერ გაიგო, ისე გააგრძელა თავისი. _ მე რა ვიცი, ვიღაც ჯოში, თუ ჯონი... შენ გგონია ყველას სახელს ვიმახსოვრებ? _ გავბრაზდი. _ უნდა დაიმახსოვრო, _ მითხრა მან, მაგრამ ისეთი ხმა აღარ ჰქონდა როგორიც ცოტა ხნის წინ. ეტყობოდა, რომ დაწყნარდა და ახლა აღარ იყო გაბრაზებული. ამან გამახარა. რობი ჩემზე ზრუნავდა და ამიტომაც გაბრაზდა ასე. ჩვენს შორის დაძაბულობა თითქმის გაქრა. საკუთარ თავს უფლება მივეცი ოდნავ გამეღიმა. მასთან ახლოს მივედი, ჩემი პარიკი გამოვართვი და მარცხენა ხელით მის ლამაზ სახეზე მოვეფერე, მაგრამ მან ჩემი ხელი მოიშორა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გულში ხანჯალი გამიყარეს. _ ბელა, ეს ხრიკი არ გაჭრის. ყველაფერი უნდა ამიხსნა,_მითხრა მან და მარჯვენა ლოყაზე ნაზად მომეფერა. _ რა ხრიკი? _ ვერ მივუხვდი. მას არაფერი უპასუხია, უბრალოდ ჩაიცინა. ხელი ჩამკიდა და ჩემს ოთახში მდგარი პატარა დივანისკენ წამიყვანა. მე დივანზე ჩამოვჯექი. მან კი სავარძელი წინ მოსწია და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. _ აბა, დაიწყე, _ მითხრა მან. _ რა დავიწყო? _ დავიბენი. _ ხომ მითხარი ყველაფერს აგიხსნიო?! ჰო და, მეც გელოდები, _ ამიხსნა მან. რა უნდა მეთქვა? ხომ არ ვეტყოდი, რომ ჩემი გეგმა სხვანაირი იყო. მე ყოველ რბოლაზე ვაპირებდი მისვლას და ტომის დამარცხებას. ამით მას სახელი გაუტყდებოდა და თავის სტატუსს დაკარგავდა. სწორედ ეს მინდოდა მეც. მაგრამ ამას რობს ვერ ვეტყოდი. ის კიდევ უფრო გაბრაზდებოდა. _ ბელა, ნუთუ გადაიფიქრე? _ დაეჭვდა ის. არა! ეს არ იყო გამოსავალი. მე მისთვის ყველაფერი უნდა მომეყოლა... თითქმის ყველაფერი. მისი მოტყუება არ მინდოდა, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ მქონდა. ოდესღაც ყველაფერს მოვუყვებოდი... ყველაფერს... რაც ამ თემას ეხებოდა და რაც არ ეხებოდა იმასაც. _ არა, არ გადამიფიქრებია. მკითხე რაც გინდა და გიპასუხებ. _ კარგი, _ მან პატარა პაუზა გააკეთა. _ ბელა, მითხარი რა მიზნით წახვედი რბოლაზე? ტომი დაამარცხე, მაგრამ ამით რა მოიგე? შეიძლებოდა გამოუსწორებელი შეცდომა დაშვებულიყო. ამ კითხვაზე პასუხი რომ გამეცა, ჩემი მთლიანი გეგმა უნდა მომეყოლა. რა თქმა უნდა, ტომის ერთი წაგება არაფერს ნიშნავდა. ეს რეგულარულად უნდა მომხდარიყო. ეს კი ნელ-ნელა შედეგს მოიტანდა. ტომის სტატუსი დაეცემოდა. _ მინდოდა ტომი დამემცირებინა, _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. თუმცა ამაში სიმართლის მარცვალიც იყო. _ და იმაზე არ გიფიქრია, რა შეიძლებოდა შენ მოგსვლოდა? _ ბრაზიანი ხმით მკითხა. თავი პატარა ბავშვი მეგონა, რომელსაც მშობელი ცუდი საქციელისთვის ტუქსავდა. _ დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი მომივიდოდა,_საცოდავად გავიმართლე თავი. _ დარწმუნებული იყო თურმე, _ თავისთვის ჩაიბურტყუნა რობმა, მაგრამ მე მაინც გავიგე. _ იცი, რატომ დაიჟინა შონმა ტომთან შეჯიბრება? _უეცრად მკითხა. _ რა? შენ რა იცი? _ შევშფოთდი. _ შენ არც კი იცი, რა რისკზე წახვედი, რომ ტომს შეეჯიბრე. მით უმეტეს, რომ მოუგე, _ მითხრა მან. . მე უკვე ვიცოდი რამდენად საშიში იყო ტომი. ამაზე უარესი რაღა უნდა ყოფილიყო? მან სასიკვდილოდ გაიმეტა მედი_ჩემი მეგობარი. ვინ იცის კიდევ ვის არ გაუკეთა ასეთი რაღაც. იქნებ მეც იგივეს მიპირებდა? _ რას გულისხმობ? _ დავინტერესდი. _ გეგონა ტომი მის დამარცხებას შეგარჩენდა? როგორ გგონია, შენთან რბოლის მერე რატომ უნდა დალაპარაკებოდა ტომი მის მეგობრებს? _ მხრები ავიჩეჩე. ამაზე არც კი მიფიქრია. _ იმიტომ, რომ მითითება მიეცა, თუ რა გაეკეთებინათ შენთვის, _ დავიძაბე. _ შენმა მეგობრებმა ყველაფერი კარგად გათვალეს. იქ დარჩენას კიდევ აპირებდი, არა? _ კი, სანამ ხალხი არ დაიშლებოდა იქ ვაპირებდი დარჩენას. ყოველთვის ასე ვაკეთებდი, _ მხრები ავიჩეჩე. გარეგნულად ალბათ არ მეტყობოდა, რომ ვნერვიულობდი, მაგრამ თავს მართლაც არ ვგრძნობდი კარგად. _ ახლა ვეღარაფერსაც ვეღარ გააკეთებ. იმიტომ, რომ რბოლაზე აღარასოდეს აღარ წახვალ. ამას მე არ დავუშვებ! რა თქმა უნდა, მომწონდა, რომ რობი ჩემზე ზრუნავდა, მაგრამ ვერ ვიტანდი, როდესაც ვიღაც რაღაცას მიშლიდა. აკრძალვები ჩემთვის არ იყო. ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშლიათ. ამის უფლება მხოლოდ მამაჩემს ჰქონდა და მასაც არ აუკრძალავს რამე ჩემთვის. მხოლოდ რჩევებს მაძლევდა ხოლმე. ამ ბოლო დროს კი, თითქოს მოდაში შემოვიდა ჩემთვის რაღაცის აკრძალვა. ყველა ამას აკეთებს. ვერანაირ აკრძალვებს და შეზღუდვებს ვერ ვიტან! _ რობ, ვიცი, რომ ჩემზე ზრუნავ და შენი მადლიერი ვარ, მაგრამ არაფრის აკრძალვა არაა საჭირო. ჩემი თავის დაცვა მეთვითონაც შემიძლია, _ რაც შემეძლო წყნარად ვუთხარი. _ ბელა, შენ ჯერ აკეთებ და მერე ფიქრობ ამ საქმის შედეგებზე. ასე არ შეიძლება.Mმე კი ასეთი უგუნური საქციელებისგან უნდა დაგიცვა. არ დავუშვებ, რომ რამე ცუდი დაგემართოს! _ ის ლოყაზე ნაზად მომეფერა. _ ჩემზე ასე რატომ ზრუნავ? _ დავუსვი ის კითხვა, რომელიც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა. მან მძიმედ ამოისუნთქა და ჩემს უკან, კედელზე ჩამოკიდებულ სურათს მიაშტერდა. მე კი ველოდი, როდის გამცემდა პასუხს. _ ბელა, ეს რაში გაინტერესებს? _ ის ისევ ჩემს უკან იყურებოდა. _ უბრალოდ მიპასუხე. რა არის ამაში ასეთი მნიშვნელოვანი? _ გულგრილად ვლაპარაკობდი. თითქოს ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა. არა და მის პასუხს მოუთმენლად ველოდი. მეშინოდა, რომ მისი პასუხი გულს მატკენდა, მაგრამ სიმართლის გაგება მაინც მინდოდა. _ ჩემთვის მნიშვნელოვანია, _ ჩუმად თქვა მან. _ ჩემთვისაც... მეგონა ჩემს ბუტბუტს ვერ გაიგებდა, მაგრამ შევცდი. მან თავი ჩემსკენ შემოატრიალა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. მე კი მის ზღვისფერ თვალებში ჩავიძირე. ვუყურებდი მის ლამაზ სახეს და გული სითბოთი მევსებოდა. _ ბელა, ამ კითხვაზე რომ გიპასუხო, ყველაფერი უფრო გართულდება. ისედაც გაურკვევლობაა ჩვენს შორის. _ ჰო და, ამ კითხვაზე თუ გამცემ პასუხს, ეს გაურკვევლობა გაქრება, _ უკვე აღარ ვიცოდი, როგორ დამეთანხმებინა, რომ ჩემს კითხვაზე პასუხი გაეცა. _ მეშინია... _ ჩაიბუტბუტა მან. რობს ასეთს პირველად ვხედავდი. ყოველთვის თავდაჯერებული, ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. მაგრამ ახლა... ახლა, ჩემს წინაშე სულ სხვა რობი იყო. მინდოდა მოვხვეოდი და მეთქვა, რომ არაფერი არ არის საშიში. რომ მისი მჯეროდა და ვენდობოდი. მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებდი. არ ვიცოდი ეს სწორი იქნებოდა თუ არა, ან რობს მოეწონებოდა ჩემი საქციელი? იქნებ მას არ უნდოდა, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი. _ იცი, როგორც კი დაგინახე, მივხვდი, რომ სხვებს არ გავდი. შენში რაღაც სხვანაირი იყო. ისეთი რამ, რაც სხვებს არ აქვთ. და ეს მიზიდავდა, _ ბოლოსდაბოლოს დაიწყო მან._ მაგრამ შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ ერიკის და იყავი, თითქოს ყველაფერი გაქრა... გული დამწყდა... ერიკის დაზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არაფერი კარგი. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ შენს შესახებ სრულიად არასწორი ინფორმაცია მქონდა. ძველი გრძნობა ისევ დაბრუნდა, მაგრამ ახლა ის უფრო ძლიერი იყო. შენგან შორს ყოფნა არ მინდოდა, მაგრამ იმ პერიოდში სხვა გამოსავალი არ მქონდა. მეგონა, რომ შენს ძმას დაუჯერე და მართლა ფიქრობდი რომ საშიში ვარ. შემდეგ კი საბედნიეროდ ყველაფერი გაირკვა. მინდოდა ტომისგან და მისი ბანდისგან დამეცავი. და ახლა, წარმოიდგინე, რა შეგრძნება მქონდა, როდესაც გავიგე, რომ ტომს შეეჯიბრე და შენი სიცოცხლე სასწორზე დადე, _ ის ისევ ძველ თემას დაუბრუნდა. _ მაპატიე, _ ჩავიბუტბუტე და თავი დავხარე. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ რობს ასეთი ტკივილი მივაყენე. ეს მის ხმაშიც იგრძნობოდა. ვიგრძენი, რომ რობმა ხელები სახეზე მომკიდა და თავი ზემოთ ამაწევინა. ასე პირდაპირ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. _ საპატიებელი არაფერი გაქვს, _ ნაზად მითხრა მან და ჩემი სახისკენ გადმოიწია. რამდენიმე წამში კი ჩემს ტუჩებზე მისი თბილი ტუჩების სითბო ვიგრძენი. მისკენ ახლოს მივიწიე და ვნებიანად ვაკოცე. _ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? _ ვკითხე რობს, როდესაც კოცნის შემდეგ ორივეს ჩვეულ რიტმში ჩაგვიდგა სუნთქვა. _ ამ კითხვის და შენი წინა კითხვის პასუხები ერთმანეთს ემთხვევა, _ უბრალოდ მიპასუხა მან. თან ჩემს თმებს ეთამაშებოდა. _ მერე? პასუხის გაცემას არ აპირებ? _ ეშმაკურად ვკითხე. _ პასუხი მხოლოდ ერთია: შენს გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია. მისი ნათქვამი-თითოეული სიტყვა, თითოეული ბგერა ძალიან კარგად გავიგე, მაგრამ მაინც მიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება. რამდენი ხანი ველოდი ამ სიტყვებს და ახლა, როცა ეს ბოლოსდაბოლოს მოხდა, გააზრება მიჭირს. გული საშინლად ამიჩქარდა. ნორმალურად ვეღარ ვსუნთქავდი. მეგონა გული საგულედან ამომივარდებოდა. რობს შევხედე და მის სახეზე დაძაბულობა ამოვიკითხე. რატომ? ის პირდაპირ სახეზე მიყურებდა და თითქოს რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. _ ბელა, შენ... მაპატიე... ამ პასუხს თუ არ ელოდი მაშინ... ის ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა. შემდეგ მძიმედ ამოისუნთქა და სახეზე ტკივილი გამოესახა. ახლა მივხვდი, რომ მან ჩემი დუმილი არასწორად გაიგო. _ სულელო, _ ვუთხარი ღიმილით. მისკენ გადავიწიე, ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე და ვაკოცე. რობმა ხელები წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. უეცრად კი მის კალთაში აღმოვჩნდი. _ ესე იგი... _ დაიწყო მან. _ ესე იგი, მე ზუსტად ამ პასუხს ველოდი, _ გავუღიმე. მან ხელები ძლიერად მომხვია წელზე და გულში ჩამიკრა. თავი მის მხარზე დავდე და ბედნიერად ამოვისუნთქე. _ ახლა მე მაქვს იგივე კითხვა, _ დაიწყო მან. _ რა კითხვა? _ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? _ მკითხა მან. გამეცინა. მან ზუსტად გაიმეორა ჩემი კითხვა. _ მმ... _ ჩავფიქრდი. _ ეს იმას ნიშნავს, რომ არც მე არ მინდა უშენოდ ცხოვრება, _ ვუთხარი და თავი მის მხარს უკან დავმალე. მან კი თავი ჩემს თმებში ჩამალა. _ ეს კარგია, _ ჩუმად თქვა მან. მე კი მხიარულად გადავიხარხარე. კარგია ოღონდ... ამ ამბავს ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი. _ ესე იგი, შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობა სკოლაში გამოვააშკარავოთ, არა? დამალვა აღარ მოგვიწევს, _ აი, ისიც, უარყოფითი მხარე. _ რობ, _ თალებში ჩავხედე. _ ეს კარგი იდეა არ მგონია. წარმოიდგინე, რას იზამს ერიკი, როცა ამას გაიგებს? _ ეს არ მაინტერესებს. აბა, რას მთავაზობ? სკოლაში მხოლოდ შორიდან გიყურო და შენთან ახლოსაც არ მოვიდე? იმიტომ, რომ შენმა ძმამ შეიძლება დაგვინახოს? ეს აბსურდულია, _ გაბრაზდა ის. _ მითხარი, როგორ გგონია, რას იზამენ ერიკი და მისი მეგობრები? რობ, ისინი შენ ისედაც ვერ გიტანენ და პატარა საბაბს ეძებენ, _ მის დარწმუნებას ვცდილობდი. _ მე მათი არ მეშინია, _ დაიწყო მან, მაგრამ გავაჩერე. უკვე კარგად ვიცოდი, რომ ისინი ადამიანს სასიკვდილოდ უბრალოდ გაიმეტებდნენ. ვერ დავუშვებდი, რომ რობს რამე დაშავებოდა. ვიცოდი, რომ ჩემი ძმაც იმ ბანდის წევრი იყო და გული საშინლად მტკიოდა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა- მუდამ მხიარული, კეთილი და საყვარელი ადამიანი, ისეთი გახდებოდა, როგორსაც ახლა ყოველდღე ვხედავ. _ ეს თემა დახურულია. ამ ამბის შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს. მორჩა და გათავდა! _ მკაცრად ვთქვი. რობი კი გაკვირვებული მიყურებდა. მერე, უცბად სიცილი ატეხა. ხასიათის ასეთი მკვეთრი ცვლა არასოდეს არ მქონდა ნანახი. სულ რამდენიმე წამის წინ გაბრაზებული იყო. ახლა კი, მხიარულად ხარხარებს. _ იქნებ მეც გამაცინო? _ გაღიზიანებულმა ვკითხე. _ ბელა, როცა ასე მელაპარაკები, თავი პატარა ბავშვი მგონია, რომელსაც მშობელი რაღაცას უკრძალავს,_ამიხსნა მან. _ არაუშავს, გადაიტან, _ ღიმილით ვუთხარი. ჩემს ოთახში სიმღერის ხმა გაისმა. ტელეფონი მირეკავდა. ავდექი და ჩემს ჩანთასთან მივედი. მობილურის ძებნა დავიწყე და როცა ძლივს ვიპოვე, ეკრანს დავხედე. ჩემი ძმა მირეკავდა. საათს გავხედე. უკვე ღამის ორი საათი იყო. ნეტავ ასე გვიან რატომ მირეკავს. რამე ხომ არ მოხდა? რობი უკნიდან მომეპარა და ხელები წელზე შემომხვია. მისმა სიახლოვემ დამამშვიდა. მობილურის ეკრანს დავხედე, რომელიც გაუნძრევლად მეჭირა გაშეშებულ ხელში და რომელიც ისევ რეკავდა. რობმა ჩემი დაძაბულობა იგრძნო და უფრო მაგრად მომხვია ხელები. _ უპასუხე, _ ნაზად ჩამრჩურჩულა ყურში. მეც მას დავემორჩილე და ზარზე ვუპასუხე. _ ჰო, ერიკ. _ ბელა, სად ხარ? _ რატომღაც ანერვიულებული მომეჩვენა. _ სახლში, სად უნდა ვიყო. რა მოხდა? _ ნუთუ მას რაღაც ეჭვი გაუჩნდა? ოღონდ ეს არა! _ არაფერი. უბრალოდ ახლა მე, ენრიკე და ჯეინი სახლში მოვალთ. ჯერ არ დაიძინო, კარგი? ჯეინს უნდა დაელაპარაკო. დაქალები ხართ და შენ უფრო დაგიჯერებს. _ რა? ჯეინს რამე მოუვიდა? რა მოხდა? _ შევშინდი. რა ჩაიდინეს ამ იდიოტებმა? _ ერიკ, იცოდე თუ ჯეინს რამე... _ ბელა, დაწყნარდი. მას არაფერი სჭირს, _ გამაწყვეტინა მან. _ აბა, რა ჯანდაბა მოხდა? _ საშინლად გავბრაზდი. ყველაზე ნაკლებად ამ საქმეში ჩემი დაქალების ჩარევა მინდოდა. _ უბრალოდ... მან ზედმეტი გაიგო. მოკლედ, ტელეფონით ვერ გეტყვი. თხუთმეტ წუთში მანდ ვიქნებით და ყველაფერს აგიხსნი. ზედმეტი პანიკები და კონცერტები საჭირო არ არის, კარგი? _ ერიკ მონტერ, იცოდე ყველაფერს დეტალურად ამიხსნი. და რა არის საჭირო და რა არა, ეგ მე ვიცი, _ მობილური გავთიშე. საშინლად გაბრაზებული ვიყავი ჩემს ძმაზე და ენრიკეზე. ნუთუ ის მაინც არ ფიქრობდა თავის დაზე? მას ხომ პირველ რიგში უნდა დაეცვა ჯეინი ამ საქმისგან. ჩემი და ჯეინის ხასიათები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. თუ რამე დაიჟინა, ვერავინ ვერ გადააფიქრებინებს. იმედი მქონდა, რომ ამ საქმეში ჩარევას არ გადაწყვეტდა. _ რა მოხდა? _ მკითხა რობმა. მისკენ მივბრუნდი და ჩავეხუტე. ახლა რობის ჩემთან ყოფნა ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან აქ ერიკი და ენრიკე მოდიოდნენ. _ რობ, სასწრაფოდ უნდა წახვიდე. მალე აქ ჩემი ძმა და ენრიკე მოვლენ. აქ თუ დაგინახეს... ამის წარმოდგენაც არ მინდა, _ უსიამოვნოდ გამაჟრიალა. ერიკი ნამდვილად მდგომარეობიდან გამოვიდოდა, რობი რომ აქ ენახა. მან გულში მაგრად ჩამიხუტა და თავი ჩემს თმებში ჩამალა. _ რა მოხდა? _ მკითხა მან. _ კარგად მეც ვერ გავიგე. მათთან ერთად ჯეინი მოდის. ერიკმა მითხრა ზედმეტი გაიგოო, მაგრამ ვერაფერს ვერ მივხვდი, _ მხრები ავიჩეჩე. შემდეგ კი მას შევხედე. _ რობ, ახლავე უნდა წახვიდე. მალე აქ იქნებიან. _ არა, ერიკი შენ ოთახს ხომ არ გაჩხრეკს? _ გამორიცხული არაა, _ ვუთხარი სიცილით და კარისკენ ვუბიძგე. _ მოიცა, _ უეცრად შევძახე, როცა მან კარის სახელურს მოკიდა ხელი. _ აქ როგორ შემოხვედი? ვინმემ ხომ არ დაგინახა? _ ემმ... _ დაიბნა ის. _ ნინამ შემომიშვა? _ ისე თქვა, თითქოს კითხვას სვამდა. _ ნინამ? მერე? რა უთხარი, ბელასთან ასე გვიან რატომ მივდივარო? _ დავპანიკდი. რა თქმა უნდა, თუ ნინას ვთხოვდი, რომ არაფერი არ ეთქვა ამის შესახებ, ასეც მოიქცეოდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. _ არაფერი არ უკითხავს, უბრალოდ შემომიშვა, _ წყნარად თქვა მან. _ ეტყობა ძალიან უყვარხარ, _ გამიღიმა რობმა. _ ჰო, მეც ძალიან მიყვარს. მან გამზარდა. ფაქტიურად დედა შემიცვალა, _ გამეღიმა. ნინასთან ჩემი ბავშვობის კარგი მოგონებები მაკავშირებდა. რობმა გაკვირვებულმა შემომხედა. მე კი უბრალოდ გავუღიმე. _ კარგი, ახლა კი წადი, თორემ ვეღარ მოასწრებ. _ არ გამაცილებ? _ ღიმილით მკითხა. თვალები გადავატრიალე და ოთახიდან გავედი. პირველი მე მივდიოდი, რობი კი უკან მომყვებოდა. კიბეზე ჩავედით და ჰოლში აღმოვჩნდით. შემოსასვლელი კარისკენ წავედი, გავაღე და თავი გარეთ გავყავი. აქეთ-იქით გავიხედე. არავინ არ ჩანდა. _ მორჩა. წადი, სანამ მოსულან, _ რობს მივუბრუნდი. მან თავის ხელებში მომიქცია და მაკოცა. _ ხვალ ხომ გნახავ? _ მკითხა მან. _ ალბათ კი. რობის ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი ამას რამდენად მოვახერხებდი. ალბათ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება, როდესაც ჩემი ძმა, ჯეინი და ენრიკე მოვლენ. რობმა კიდევ ერთხელ მაკოცა და გულში ჩამიკრა. მეც მაგრად მოვხვიე ხელები. არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. თავისი მკლავებისგან გამათავისუფლა და გარეთ გავიდა. თავის მანქანაში ჩაჯდა და ჩემი სახლის ეზოდან გავიდა. ამოვისუნთქე. ახლა საშიში აღარაფერი იყო. ჰოლში მდგარი დივანისკენ წავედი და ნახევრად წამოვწექი. თავი ბალიშზე დავდე და თვალები დავხუჭე. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მაგრამ სრული ბედნიერებისათვის ხელს მაინც მიშლიდა რაღაც. ნუთუ ასეთი გრძელი და საშინელი გზაა ჭეშმარიტ ბედნიერებამდე? თავი ბალიშზე უფრო კარგად დავდე და ალბათ ჩამეძინებოდა, რომ არა... _ იდიოტებო! დებილებო! ჭკუა სად გაქვთ? _ ჯეინი. დივანიდან მაშინვე წამოვხტი და მათკენ წავედი. ჩემი დაქალი სიბრაზისგან გაწითლებული, გულხელდაკრეფილი იდგა. ერიკი და ენრიკე კი შეწუხებული სახით უყურებდნენ. _ რა მოხდა? _ ვიკითხე. სამივემ მე შემომხედა. ალბათ ვერ შეამჩნიეს რომ აქ ვიყავი, რადგან მთელ სახლში სიბნელე იყო. ერიკი შუქის ასანთებთან მივიდა და ოთახიც განათდა. მკვეთრმა შუქმა სამივეს თვალი მოგვჭრა, მაგრამ მალევე მივეჩვიეთ. _ ბელა, მითხარი, რომ ეს შენ არ იცოდი, _ მითხრა ჯეინმა. _ რას გულისხმობ? _ ვერ მივხვდი. _ ყველაფერს, _ მან ხელები მაღლა აიქნია. _ რბოლას, ტომს, ჩვენი დებილი ძმების როლს ამ ყველაფერში და ვინ იცის კიდევ რას. ერიკს გავხედე. მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა. _ აი, ამას ვამბობდი, _ მან ხელი ჯეინისკენ გაიშვირა. _ ჯეინ, მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი, კარგი? ოღონდ ახლა დაწყნარდი. წამოდი, ჩემს ოთახში ავიდეთ. კიბისკენ წავედი და ჯეინიც უხმოდ გამომყვა უკან. ჩემს ოთახში შევედით. მე მაშინვე საწოლზე წამოვკოტრიალდი. ჯეინიც ჩემთან ახლოს დაჯდა. _ გისმენ, _ მითხრა მან. _ ჯობია შენ კითხვები დამისვა, მე კი გიპასუხებ. _ კარგი, _ უცბად დამთანხმდა. _ მითხარი რას წარმოადგენს სინამდვილეში ტომი? ერიკის არ მჯერა. მან ტომი კარგ, საყვარელ ბიჭად დამიხასიათა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის. რამდენიმე წამი გავჩერდი. როგორ ამეხსნა მისთვის ისე, რომ ძალიან არ შეშინებოდა? _ ჩემი მეგობარი მედი ხომ გახსოვს? _ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ამის შემდეგ მოვუყევი ყველაფერი, რაც ტომზე ვიცოდი. ისიც, თუ რა მოუვიდა ენრიკეს ლონდონში და რატომ ვერ იტანს ჩემი ძმა რობს. დღევანდელ რბოლაში ჩემი მონაწილეობის შესახებ გავჩუმდი. და იმაზეც, რომ სულ ცოტა ხნის წინ აქ რობი იყო. დროთა განმავლობაში ყველაფერს მოვუყვებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ერთად რომ მეთქვა, ეს მისთვის ნამდვილი შოკი იქნებოდა. ისედაც ძალიან ემოციურია. _ რა საშინელებაა. როგორ შეუძლიათ ისეთ ადამიანთან იმეგობრონ, როგორიც ტომია? _ ის აღშფოთებული იყო. _ არ ვიცი. ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ პასუხი მაინც ვერ ვიპოვე. _ ბელა, ამ ყველაფერს რატომ გვიმალავდი მე და ემილის? ნუთუ არ გვენდობი? _ მკითხა ჯეინმა. _ არა, არა. რას ამბობ. რა თქნა უნდა, გენდობით, მაგრამ ეს სახიფათო საქმეა და არ მინდოდა თქვენც ჩამერიეთ,_ავუხსენი. მართლა არ მსიამოვნებდა ის ამბავი, რომ ჩემს საუკეთესო დაქალებს რაღაცას ვუმალავდი, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე. _ კარგი, გასაგებია, _ გამიღიმა. _ ახლა რა ვქნათ? ემილის უნდა ვუთხრათ ეს ყველაფერი? _ არ ვიცი... მოდი, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მე და შენ, ასე თუ ისე, მაინც უფრო გვეხება ეს საქმე, რადგან ჩვენი ძმები არიან აქ ჩარეულნი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ემილისთვის რაღაც უნდა დამემალა, მაგრამ ახლა სხვანაირად არ შეიძლებოდა. _ ჰო, მაგრამ ჩემი ძმა რომ არ ყოფილიყო ჩარეული, მაინც უნდა გეთქვა ჩემთვის, _ მან თავი დახარა. _ რა, ისევ? _ ვკითხე. _ კი, თან ძალიან, _ მას თავი ისევ დახრილი ჰქონდა. _ ჯეინ, ხომ იცი, რომ ეს ამბავი მიხარია. ასე რომ, ნუ გრცხვენია, _ გავამხნევე. მისი გრძნობების შესახებ ყოველთვის ვიცოდი. გარკვეულწილად ეს ერიკმაც იცოდა, მაგრამ რადგან ის ლონდონში ცხოვრობდა, არაფერი გამოსდიოდათ. ამ თემაზე მე და ჩემს ძმას გულახდილად არასდროს გვილაპარაკია, მაგრამ ვიცოდი, რომ არც ის იყო ჯეინის მიმართ გულგრილი. _ როგორ გგონია, მას... _ ამაზე არასდროს გვილაპარაკია, მაგრამ მგონია, რომ კი. ჯეინმა გაიღიმა. მის თვალებში სიხარულის ნაპერწკალმა გაიელვა. _ ახლა ქვემოთ ჩავიდეთ, კარგი? _ მკითხა მან. _ რა თქმა უნდა, _ დავეთანხმე და ორივე გავედით ჩემი ოთახიდან. ტელევიზორის წინ, დივანზე ენრიკე და ერიკი ისხდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ჩვენ რომ დაგვინახეს, მაშინვე გაჩუმდნენ.Eეს არც გამკვირვებია. მათთან მივედით და სავარძლებში დავსხედით. _ ახლა დაწყნარდი? _ ჰკითხა ენრიკემ დას. _ ჰო, აბა რა, _ ირონიულად ჩაიცინა ჯეინმა. _ ყველაფერი მოვუყევი, _ განვუცხადე მათ. _ ყველაფერი? _ დააზუსტა ჩემმა ძმამ. _ კი, ყველაფერი, _ დავუზუსტე. _ კარგი, ახლა, ესე იგი ყველაფერი იცი და... _ გააგრძელა ჩემმა ძმამ. _ რა ,,და?” გგონია საქციელს მოგიწონებთ და გეტყვით, რომ მაგარი ბიჭები ხართ? ასე თუ ფიქრობ, ესე იგი საერთოდ არ მიცნობ, _ ჯეინი ერიკს უხეშად ელაპარაკებოდა. _ ჯეინ, გთხოვ დაწყნარდი, _ სთხოვა ენრიკემ. _ შენ საერთოდ გაჩუმდი. სახლში დაგელაპარაკები,_დაემუქრა. ოთახში ტელეფონის ხმა გაისმა. ნეტავ ასე გვიან ვინ რეკავს. ყურმილი ავიღე და ზარზე ვუპასუხე. _ გისმენთ. _ ბელა, როგორ ხარ ძვირფასო? ძალიან მომენატრე, _ არ მჯერა. _ კლერ, შენ ხარ? ასე გვაინ რამ დაგარეკინა? როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება, _ სიხარულისგან ლამის ხტუნვა დამეწყო. ჩემს ბიძაშვილს ყოველთვის შეეძლო კარგ ხასიათზე დავეყენებინე. _ შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს. აბა, გამოიცანი მთელი ოჯახი ორშაბათს სად მივდივართ? _ მკითხა მან. ცოტა ხანი დავფიქრდი. საიდან უნდა მცოდნოდა სად მიდიოდნენ ისინი... მაგრამ ამ კვირას ხომ მადლიერების დღეა! ამ გაწამაწიაში როგორ დამავიწყდა. _ ასე მალე მოდიხართ? რა მაგარია! _ ძალიან გახარებული ვიყავი. _ ჰო, მამამ გადაწყვიტა ასე. ბელა, რომ იცოდე რამდენი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლი. გაგიჟდები! _ გავიცინე. კლერს მართლაც ბევრი ახალი ამბავი ექნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა კარგი იქნებოდა. _ მეც მაქვს ახალი ამბები, _ გადავწყვიტე ყველაფერი თუ არა, რობზე მაინც მეამბო მისთვის. _ კარგი, რომ ჩამოვალ დეტალურად მომიყვები ყველაფერს. ახლა კი, უნდა წავიდე, მეჩქარება. ახალი ამბის სათქმელად დაგირეკე. ყველას მოკითხვა გადაეცი ჩემგან. _ რა თქმა უნდა. ჩემგანაც მოიკითხე ყველა. აბა, შენ იცი, კარგად იყავი. _ კარგად, ბელს, _ მან ტელეფონი გათიშა. _ ვინ იყო? _ მკითხა ჩემმა ძმამ, როდესაც ჩემს ადგილს დავუბრუნდი. _ კლერი. ორშაბათს ყველანი ჩვენთან ჩამოდიან, _ ახალი ამბავი ვაცნობე. _ ძლივს, ერთი კარგი ამბავი, _ წამოიყვირა ჯეინმა. ჯეინიც და ემილიც კლერთან ძალიან კარგად იყვნენ. ბავშვობიდან ვმეგობრობდით ერთმანეთთან. _ ვაუ, მაგარია. ესე იგი პატარა კლერი გაგვართობს,_მხიარულად თქვა ერიკმა. _ ჰო, _ ღიმილით დავეთანხმე. _ ეს ძალიან კარგია, მაგრამ თქვენთან რაღაც კითხვა მაქვს,_ ხმა ამოიღო ენრიკემ. _ რა კითხვა? _ ერთდროულად ვკითხეთ მე და ჯეინმა. _ იმედია, ამ ყველაფერს ემილის არ ეტყვით, არა? არ მინდა ისიც ამ საქმეში ჩაერიოს. ორი გადარეული უკვე საკმარისია, _ ღიმილით დაამატა მან. _ რაო? გადარეულიო? შენ ვისზე ამბობ? _ ვუთხარი. _ ენრიკე, ეგ ჩვენი საქმეა ვის რა ვეტყვით, თანაც ემილი ჩვენი დაქალია, _ ვიცოდი, რომ ჯეინს ძმის გაბრაზება უნდოდა. _ თქვენ რა გაგიჟდით? შენ რაღა დაგემართა ბელა? ემილი უნდა ჩარიოთ ამ საქმეში? _ ის აშკარად ზედმეტად გაბრაზდა. _ ჰეი, დაწყნარდი კარგი? ემილის ჩარევას არ ვაპირებთ, მაგრამ ამ საიდუმლოს დიდხანს ვეღარ შევინახავთ. თუ ჯეინმა გაიგო, ემილისაც აქვს სიმართლის გაგების უფლება, _ ჯეინმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ენრიკეს აშკარად კიდევ უნდოდა გაპროტესტება, მაგრამ ჯეინმა არ დააცადა. _ მორჩა! ახლა მე და ბელა დასაძინებლად მივდივართ და თქვენც იგივეს იზამთ, _ მან ორივეს თვალები დაუბრიალა. მე სიცილს ძლივს ვიკავებდი. აი, ბიჭები კი ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდნენ. კარგად იციან, რომ ჯეინის დღეში მეორედ გაბრაზება ნამდვილი ბომბი იქნება. ოთხივენი წამოვდექით და კიბისკენ წავედით. მე და ჯეინი წინ მივდიოდით, ისინი კი უკან. _ ჯეინ, _ დაიძახა ჩემმა ძმამ, როცა ჩვენ უკვე ერთი ფეხი პირველ საფეხურზე გვქონდა. ჯეინმა მისკენ მიიხედა და მეც იგივე გავაკეთე. ერიკს ხელები ჯინსის ჯიბეში ჩაეწყო და რაღაც უხერხულად გამოიყურებოდა. ჩემი ძმა და უხერხული? ეს რაღაც ახალია. _ შენთან სალაპ... _ რა თქმა უნდა, ჯეინმა გააწყვეტინა. _ საშინლად მეძინება და არაფრის თავი არ მაქვს, _თავისი სიტყვების დასტურად მან დაამთქნარა. _ კარგი, _ დაეთანხმა ერიკიც. სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. მე და ჯეინი მეორე სართულზე ავედით. ბიჭები ქვემოთ დარჩნენ. საშინლად დაღლილი ვიყავი. ძალიან მძიმე დღე მქონდა, მაგრამ რობი გამახსენდა და გამეღიმა. _ ჯეინ, შენ ამ ოთახში დაიძინე, მე კი ჩემთან წავალ კარგი? _ კარგი. ეს უკვე ჩემ ოთახად ითვლება. რამდენჯერაც აქ დავრჩი, იმდენჯერ ამ ოთახში დავიძინე, _ ორივემ გავიცინეთ. _ კარგი, ძილინებისა, _ დავემშვიდობე. _ ძილინებისა, ბელს, _ ოთახში შევიდა. მე ჩემი ოთახისკენ გავაგრძელე გზა. როგორც კი შევედი, მაშინვე გავიხადე სპორტულები და პიჟამო ჩავიცვი. ჩემს თბილ ლოგინში კარგად მოვკალათდი და დასაძინებლად მოვემზადე. სულ რამდენიმე წუთში ჩამეძინა.
| |
|
|