32. გრძნობის გავლენით დილას ბელას ნაზმა, ალერსიანმა ხმამ გამაღვიძა:
_ედვარდ... დღეს ნუ გამომივლი...-მითხრა ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით.
_რატომ?-მაშინვე წამოვყავი თავი.
_მე და ესმი სანადიროდ მივდივართ...-ამიხსნა ღიმილით.
_როდის დაბრუნდებით?
_საღამოს და დაგირეკავ.
_მპირდები?-მის გვერდით თავს ატუტუცებულ ბავშვად ვგრძნობდი.
_გპირდები,-გაეცინა და წასასვლელად შებრუნდა. მაჯაში ხელი წავავლე და ვთხოვე:
_სანამ წახვალ... კიდევ მითხარი, რომ გიყვარვარ...-ჩემ მუდარით გაჟღენთილ სიტყვებზე გაეცინა.
_მიყვარხარ, სულელო... დაიძინე... საღამოს დაგირეკავ...
_კიდევ მითხარი!-მიჭირდა გაშვება.
_მიყ-ვარ-ხარ!-დამიმარცვლა, საფეთქელზე ოდნავი შეხებით მეამბორა და გაქრა... მე ისევ ძილში ჩავიძირე...
დილას რომ გამეღვიძა, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ოთახი მიმოვათვალიერე და დავიძახე:
_ბელა! სად ხარ?-შეშინებული ვაცეცებდი თვალებს "სად წავიდა?!" შემდეგ გამახსენდა როგორ მითხრა, რომ სანადიროდ მიდიოდა, მე ეს სიზმარი მეგონა, თურმე მართლა წასულა! სააბაზანოში გავედი, თავი მოვიწესრიგე, თან იმაზე ვფიქრობდი, საღამომდე როგორ გამეყვანა დრო. საწოლი ავალაგე, მას შემდეგ რაც ჩავიცვი, ოთახიც შეძლებისდაგვარად მივალაგე (ყოველ შემთხვევაში საფერფლე გავანთავისუფლე ნაგვისგან და ფანჯარაც გამოვაღე გასანიავებლად, ელისი ასეთი მშვიდი დილის შემთხვევაში ყოველთვის აღებდა ფანჯარას, რათა ოთახში სუფთა ჰაერი დატრიალებულიყო) და დაბლა ჩავედი. კარლაილი უწესრიგობას ვერ იტანდა, მაგრამ მაინც დაგვეტყო ელისის წასვლა. ყველაზე ცუდი კი ის იქნებოდა, რომ მისი ჩამოსვლის შემდეგაც ასეთივე მდგომარეობაში ვიქნებოდით (ის და ჯასპერი ერთად იცხოვრებდნენ მათთვის შეძენილ პატარა სახლში), სანამ ჩვენს ოჯახს ახალი ქალი წევრი შემოემატებოდა.
სამზარეულოს ნიჟარაში გუშინ ჩემი ვახშმობის შემდეგ შემორჩენილ გასარეცხ თეფშს დავხედე. წყალი მოვუშვი, რომ გამერეცხა:
_არაა, ჯობია ვისაუზმებ და მერე ერთად გავრეცხავ!-გავიფიქრე ზიზღით და წყალი გადავკეტე. აი, კიდევ ერთი სარგებელი! თუ ვამპირი გავხდებოდი, თეფშების რეცხვა არ მომიწევდა! თეფში საერთოდ არ დამჭირდებოდა, ცხოველების სისხლს დავლევდი და ვიცხოვრებდი ბედნიერად ბელასთან ერთად! ყოველგვარი გასარეცხი ჭურჭლის გარეშე!
კარადიდან ჯამი გამოვიღე, ბურღულეული ჩავყარე და მაცივრიდან გამოღებული რძე მოვასხი. კოვზი მოვიმარჯვე და ჭამა დავიწყე, თან ვფიქრობდი:
"ნადირობა ხომ ისედაც ჩემი ჰობია? ცხოველების ბუნებაც ასეთუისე, შესწავლილი მაქვს, არამგონია ნადირობა გამიჭირდეს. სამწუხარო ისაა, რომ ალბათ მთელ ცხოველებს გავწყვიტავ, ჩემი მსუნაგობის ამბავი რომ ვიცი. სამაგიეროდ, ბელა... ბელა იქნება მუდმივად ჩემთან ერთად... აღარ ექნება იმის შიში, რომ მოკლავენ... მე დავიცავ და თუ საჭირო იქნება თავსაც გავწირავ. ასე კი რა ვარ? არარაობა. რითი უნდა დავიცვა ვამპირი ჩვეულებრივმა ადამიანმა სხვა ვამპირებისგან? ხის კეტით? თუ ვერცხლის კოვზით?" -ჩემ კოვზს დავხედე და გამეცინა. -"რაც მალე გარდამქმნის ბელა, მით უკეთესი... მაგრამ ისევ უარი რომ მითხრას? მაშინ? მაშინ რა ვქნა? იქნებ ესმის ვთხოვო? თუ სიტუაციას ავუხსნი, ვეტყვი როგორ მიყვარს მისი ქალიშვილი... როგორ მინდა, რომ მარადისობა მასთან ერთად გავატარო?"-მაგრამ მაშინვე ჩავიფუშე.-"ესმი არასდროს არ გააკეთებს ამას, როცა ეცოდინება, რომ ბელა წინააღმდეგია. რამე სხვა უნდა მოვიფიქრო! მმ... თვითმკვლელობა რომ გავითამაშო?"-მომაფიქრდა.-"რომ ვერ მომისწროს და მართლა მოვკვდე?!"-დამარტყა უცებ თავში და სასწრაფოდ უკუვაგდე ეს აზრი. წამოვდექი, ჯამი ნიჟარისკენ წავიღე და ჩემთვის საძულველ საქმიანობას შევუდექი.
"საინტერესოა, როგორ ნადირობს... ნეტავ, ახლა დამანახა როგორ მისდევს რომელიმე ცხოველს..."-ვფიქრობდი და თან ჯაგრისით ვხეხდი თეფშს. -"როგორ სწვდება, ჩააფრინდება კბილებით ყელში და... რა სასაცილო იქნება ამ დროს ბელა! პატარა, გაავებული კნუტივით, რომელიც იმ ბრჭყალების გამოჩენას ცდილობს, რომელიც არ აქვს!"-გამეცინა ჩემ ნაფიქრალზე, მაგრამ უცებ დავსერიოზულდი.-საინტერესოა, ის ვამპირი სადაა, ვინც ბელას სიცოცხლე დაუმახინჯა? ნაწილობრივ მისი მადლობელი უნდა ვიყო, მის გარეშე ბელას ვერ შევხვდებოდი, ან მისის ანჯელასავით სახედანაოჭებულს, შვილიშვილებით გარშემორტყმულს ვნახავდი და ისეთივე "გამოჩერჩეტებულ მოხუცად" ჩავთვლიდი, როგორც მისის ანჯელას, რომელიც ისე დაბერდა, რომ მზესუმზირას და ტარაკანს ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან",-ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელზეც მისი რძალი, მისის ჯუდი ყვებოდა მეზობლებთან და მე შემთხვევით მოვისმინე. ეს შემთხვევა იმით დამთავრდა, რომ მისის შერინგტონ უფროსმა, მზესუმზირას ნაცვლად, ცოცხალი ტარაკანა შეჭამა!-"მეორე მხრივ კი",-განვაგრძე ფიქრი.-"მან ტკივილი მიაყენა ბელას. ვამპირი რომ გავხდები",-გამომივიდა იმ ბავშვივით, რომელიც კოსმონავტობაზე ოცნებობს.-"ვიპოვი იმ ვამპირს და პასუხს მოვთხოვ..."-შემდეგ წარმოვიდგინე ბნელ, უკაცრიელ ქუჩაზე თვალებაელვარებული მახინჯი როგორ უახლოვდება კუთხეში მიმწყვდეულ ბელას და...
კარი გაჯახუნდა, მთელი სხეულით შევხტი. კიდევ კარგი ბელა ვერ მხედავდა!
_ედვარდ, სახლში ხარ?-დაიძახა კარლაილმა.
_სამზარეულოში ვარ,-ჩავიბურდღუნე, კოვზს წყალი გადავავლე და ონკანი გადავკეტე. "სამსახურის პორტფელი მისაღების დივანზე დადო და სამზარეულოში შემობაჯბაჯდა." გავიფიქრე, მისი ჩვევები დაზეპირებული მქონდა.
_უკვე ისაუზმე?-მხიარული სახით მკითხა.
_კი. რა ხდებოდა წუხელ?
_მთელი ღამე არცერთი პაციენტი არ შემოუყვანიათ და მე და ესმიმ საუბარში გავათენეთ...-თვალები დავაჭყიტე. აი, თურმე რატომაა ყურებამდე გაბადრული. მან არ შეიმჩნია ჩემი გაკვირვება, ჩაიდანი აიღო, წყლით აავსო და გაზქურაზე შემოდგა.
_შერიგდით?-თვალს ვადევნებდი მის ყოველ ქცევას.
_ნაჩხუბრები არც ვყოფილვართ. გუშინ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ... და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არაჩვეულებრივი ქალია!-აღფრთოვანებით დაასრულა ბოლო სიტყვები. "ოო, არ შემიძლია არ დაგეთანხმო. "ჩვეულებრივი" ვამპირი ბუნებაში არ არსებობს!"-გამეცინა გულში. კარლაილმა უცებ თვალებში შემომხედა და მკითხა.-იცოდი, რომ ბელა ნაშვილებია?
_ნაშვილები?-ეს რიღასთვის მოიგონეს?-კი, რა თქმა უნდა.
_მერე, რატომ არ მითხარი?
_არ მეგონა, რომ ეს ამბავი ასე დაგაინტერესებდა. რა მნიშვნელობა აქვს?
_შენთვის არ აქვს. სამაგიეროდ, ჩემთვის აქვს!
_კარლაილ, ახლა არ დაიწყო ცუდ გენებზე და ავადმყოფ მშობლებზე საუბარი, ძალიან გთხოვ... ძალიან მიყვარს და ჩემთვის არც მის გენებს, არც წინაპრებს და საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა,-დაღლილი ხმით ავუხსენი. სანამ ბელა საჭიროდ არ ჩათვლიდა, ვერც კი ვიფიქრებდი კარლაილისთვის სიმართლის თქმაზე. მისის ანჯელაზეც კი გამინაწყენდა და კარლაილისთვის რომ მეთქვა ჭორიკანა ლაწირაკად ჩამთვლიდა.
_ისევე, როგორც ჩემთვის. მე მაგაზე არ ვლაპარაკობ. ედვარდ, სერიოზული ამბავია... არ ვიცი, საიდან დავიწყო...-მორიდებით მომაჩერდა თვალებში, თითქოს მხარდაჭერას ელისო.
_თავიდან დაიწყე...-ვუთხარი გაკვირვებით.
_შენ ბელა გიყვარს, ხომ ასეა?
_ასეა,-დავუდასტურე.
_ამიტომ, იმედი მაქვს, რომ გამიგებ.
_კარლაილ, თქვი რისი თქმაც გინდა, ნუ აჯანჯლებ,-ბელასებური მოთმინებით ვერ გამოვირჩეოდი... ჯერ-ჯერობით.
_კარგი, მინდა ყურადღებით მომისმინო. შენ იცი, როგორ განვიცადე დედაშენის დაღუპვა და რომ ჩემს ცხოვრებაში აქამდე არცერთ ქალთან არ მქონია სერიოზული ურთიერთობა... და არც ვიფიქრებდი ამაზე, საქმე სერიოზულად რომ არ იყოს...-"აქამდე"? ბარემ თქვას, რომ შეუყვარდა ესმი, რაღას წელავს დროს?"-გავიფიქრე და მოთმინებით აღვიჭურვე, იმედი მქონდა საღამომდე მორჩებოდა ახსნას. ის ისევ აგრძელებდა.-ესმი რომ გავიცანი... მაშინვე მივხვდი, რომ საქმე ჩვეულებრივ, არაფრითგამორჩეულ ქალთან არ მქონდა. დიდი ინტერესი აღმეძრა მის მიმართ და დავუახლოვდი კიდეც...-"ოჰო, საინტერესო საკითხსაც მივადექიით!"-როცა უკვე ვიფიქრე, რომ შევძლებდი სხვა ქალთანაც მეპოვა მცირედი ბედნიერება... შენ მითხარი, რომ ბელა შეგიყვარდა!-"რა დრო შემირჩევია!"-და მაშინ ყველა გეგმა და ოცნება დამემსხვრა. ხომ არ გეტყოდი ბელას თავი დაანებე-მეთქი, როცა ამდენი წლის შემდეგ პირველად დაგინახე ბედნიერი. არც ის შემეძლო, ესმისთან ურთიერთობა გამეღრმავებინა, როცა მისი შვილი გიყვარდა. ეს ამორალურად მიმაჩნდა. მაგრამ ახლა... როცა დღეს გავიგე, რომ ბელა მისი შვილი არ არის...
_...ამორალურად აღარ მიგაჩნია და გადაწყვიტე აფრები აუშვა?-დავასრულე მის ნაცვლად. გაკვირვებით შემომხედა.
_მმ... მიახლოებით... ანუ, წინააღმდეგი არ ხარ?
_რატომ უნდა ვიყო?-მხრები ავიჩეჩე და აწივლებული ჩაიდანი გადმოვდგი.
_არ ვიცოდი, როგორ მიიღებდი ამ ამბავს. მეგონა... მეგონა გამკიცხავდი იმისთვის, რომ დედაშენი დავივიწყე და მის შემცვლელს დავუწყე ძებნა...-კარლაილის ნათქვამმა გული მატკინა, რადგან ეს სიტყვები საკმაოდ ნაცნობი იყო ჩემთვის. მაგრძნობინა, როგორი ნაბიჭვარი ვიყავი მთელი ეს წლები, როცა სცენებს ვუწყობდი, როგორც კი ქალს დავინახავდი მის გვერდით. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ არ მიყვარდა, ახლა კი ვიცოდი რა იყო სიყვარული, რა არის როცა მაგნიტივით გიზიდავს ვინმე და მოშორდები თუ არა, მაშინვე თავისკენ გექაჩება. ემოციები მოვთოკე, თვალებში შევხედე, ხელი მხარზე დავადე და მტკიცე ხმით ვუთხარი:
_კარლაილ, მე მგონია, რომ იმსახურებ კიდევ ერთხელ განიცადო სიყვარული... არამგონია დედა ბედნიერი იყოს, როცა გხედავს როგორი უბედური ხარ მარტოსული... თან არც ისეთი ბებერი ხარ, რომ...
_ბებერი? ედვარდ, მე ბებერი არ ვარ!-მკაცრად შემომხედა.
_ჰო, მეც ეგ ვთქვი, რომ ისეთი ბებერი არ ხარ, რომ...
_საერთოდ არ ვარ ბებერი!-გამაწყვეტინა, ჩემი ხელი მოიშორა მხრიდან და მაცივრის გვერდით დაკიდებულ სარკისკენ მიბრუნდა.
სამზარეულოში დიდხანს აღარ დავრჩენილვარ, კარლაილს კიდევ ერთხელ ავუხსენი, რომ არანაირად არ ვიყავი წინააღმდეგი და პირიქით, ძალიანაც გამიხარდებოდა, თუ ის და ესმი ურთიერთობას ააწყობდნენ. კარლაილი მომიბრუნდა (მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მხოლოდ საფეთქლები შეჭაღარავებოდა ოდნავ) და ჩამიხუტა, რაც დიდი ხანია არ მომხდარა.
სახლიდან გარაჟისკენ გამავალი დატანებული კარი გავიარე, გადაწყვეტილი მქონდა, ჯეიკი მომენახულებინა. მანქანაში ჩავჯექი და გარეთ გამოვედი. გზაზე გასვლამდე, ჩემი ყურადღება, მოპირდაპირე სახლის ეზოში არსებულმა ხალხმრავლობამ მიიპყრო. მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და იქით გავემართე.
_დილა მშვიდობისა, მისის ჯორდან! რა ხდება?-მივმართე ერთ-ერთ მეზობელს, შუახნის ქალბატონს.
_რაღა მშვიდობა, ედვარდ, მისის შერინგტონი დაღუპულა!
_მისის ანჯელა?!-ყურებს არ ვუჯერებდი.-კი მაგრამ, როდის? როგორ?
_წუხელ... ძილში გაპარულა...-მითხრა, შემდეგ კი შემპარავი ხმით დაამატა.-ჯუდი ამბობს, რომ წუხელ შენთან დაგიპატიჟია მოხუცი. რამე ისეთი ხომ არ უთხარი, რომ ენერვიულა?
_ენერვიულა?-დამცეცხლა.-მმ... არა. ისე დავპატიჟე, უბრალოდ. ძალიან კეთილად მექცეოდა ყოველთვის და... თან ჩემი შეყვარებული გავაცანი. მეტი არაფერი.
_შენი შეყვარებული? ვიცნობ?-გაიცანით, შეილა ჯორდანი- უბანში ყველაზე განთქმული ჭორიკანა!
_არა, არ იცნობთ. უკაცრავად...-ვუპასუხე მოკლედ, გვერდი ავუქციე და შერინგტონების სახლში შევედი.
_მისის ჯუდი, ძალიან ვწუხვარ... როგორ მოხდა... წუხელ ხომ ჩემთან იყო, ძალიან ყოჩაღად და ხალისიანად გამოიყურებოდა...-მივმართე ქალს, რომელიც კიბის ძირში ვიპოვე, პირდაპირ შესასვლელში, მითითებებს აძლევდა ვიღაცეებს.
_მესმის, ედვარდ, გმადლობ რომ განიცდი... შენგან რომ დაბრუნდა, საკმაოდ აღელვებული იყო. რაღაცას ბოდავდა დაწოლამდე. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. სულ თავის ახალგაზრდობაში გარდაცვლილ კლასელს ახსენებდა, ალბათ გრძნობდა, რომ...-ცოტა ყალბად მომეჩვენა მისი ცრემლები იმის ფონზე, რაც შემდეგ თქვა. თავი ახლოს მომიტანა, ტუჩებზე ხელი მიიფარა, რომ სხვებს არ გაეგონათ და უცნაური ღიმილით მითხრა.-ისე, კი იყო დრო, არა?-შეწუხებული გამომეტყველება ერთბაშად ჩამომერეცხა სახიდან, სიტყვისუთქმელად გამოვბრუნდი და წამოვედი.
ჯეიკის სახლისკენ მიმავალი სულ იმაზე ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ბელას. ან როგორ მეთქვა. ეწყინებოდა, რომ ანჯელაც მოკვდა, თუ პირიქით? ახლა ხომ ვეღარ გასცემდა მის საიდუმლოს? ყოველ შემთხვევაში, იმედი მქონდა, ჯუდი შერინგტონივით ცრემლიანი თვალებით არ გაიცინებდა.
_ედვარდ! დაკარგულო!-ცალი მხრით მომეხვია ჯეიკი, როცა მის გარაჟში შევედი. ხელები მაზუთში ჰქონდა ამოსვრილი.
_შენ ისევ მაგ ჯაბახანას ეჩალიჩები?-ვკითხე ღიმილით.
_ვისთვის ჯაბახანა, ვისთვის ნამდვილი კლასიკა...-ნაწყენი კილოთი მითხრა. -აბა, როგორ მიდის შენი და ბელას საქმეები?
_მშვენივრად...-ღიმილად დავდნი ბელას გახსენებაზე.
_მაშინ აქ რატომ ვერ ვხედავ? -მანქანის კაპოტს ჩააშტერდა.
_სად მანდ? მაგ ე.წ. "მანქანის" ნაწილებს შორის?-დავცინე.
_არა, შენს გვერდით, ამ გარაჟში,-განმიმარტა, ისე, რომ არც მოუხედია.
_მმ... არ სცალია...-ვერც ჯეიკს ვეტყოდი მის საიდუმლოს... სამწუხაროდ.
_მაგრამ ყველაფერი რიგზე გაქვთ, ხომ ასეა?
_მხოლოდ ერთ საკითხში ვერ ვრიგდებით...-წამომცდა, რადგან ეს საკითხი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ჯეიკმა გაკვირვებით ამომხედა.
_მეგონა მართლა გიყვარდა...-მითხრა გაოგნებულმა. მისმა რეაქციამ გამაკვირვა.
_ასეცაა. ვერ მივხვდი...
_აბა, როგორ შეგიძლია სექსის გამო ეჩხუბო გოგოს, რომელიც გიყვარს?-გამაწყვეტინა მტკიცე ხმით.- ძალიან მიხარია, თუ მასეთი პრინციპი აქვს და არ აპირებს დროზე-ადრე დაგაჯილდოვოს... ახლა უფრო მეტად მომწონს ეგ გოგო!-ღიმილით დაასრულა.
_ჯეიკ...-დავიწყე მოთმინებით.
_რა ჯეიკ? ტყუილს ვამბობ?-მომაჩერდა გამკიცხავი გამომეტყველებით. არა, მაინც საიდან მოიტანა?! ვგავდი ახლა მე, მარტის კატას?
_ჯეიკ, სექსი ვახსენე სადმე?!
_ჰმმ... არა... ანუ... არასწორად გავიგე?-დარცხვენილი მომაშტერდა და გამურული ხელით კეფა მოიქექა.
_სრულიად. სხვა საკითხზე გეუბნებოდი.
_რა საკითხია?
_ბელა გამიბრაზდება თუ ამაზე ვისაუბრებთ... ძალიან პირადულია...
_სექსზე უფრო?
_ნუ...მთლად არა...მაგრამ ჯობია თხოვნა შევუსრულო, კარგი?
_როგორც გინდა,-თავი დამიქნია და მანქანის კაპოტს მიუბრუნდა, ნაწყენი კილო არ ჰქონია, ესეიგი ყველაფერი რიგზეა. გვერდით მივუდექი და მეც "დიდი ინტერესით" ჩავხედე ძრავას.
_ბილი ისევ ჰარისთანაა?-ვკითხე.
_არა, სახლშია, ავადმყოფობს.
_სერიოზულია რამე?
_არ ვიცი, იმედია არა, თორემ რა გაუძლებს ამას კიდევ დიდხანს თუ ჩაწვა.
_თუ გინდა, კარლაილს დავურეკავ, ვინმეს წამოიყვანს და გაასინჯვინებს.
_ჯობია, ბილი წაიყვანონ საავადმყოფოში,-გაბუტულივით ჩაიბუზღუნა.
_გეჩხუბა?
_უკვე ჩვეულებად ექცა.
_ელზე ამბობს რამეს?
_"ელეონორა სტეფენსი საშენო გოგო არაა!" მეტს არაფერს,-მამამისს გააჯავრა ჯეიკმა.
_და მაგის გამო ხარ მასე?
_კიდევ იმიტომ, რომ ელმა ჩემთან დაშორება გადაწყვიტა.
_რატომ?-გამიკვირდა.
_იმიტომ, რომ დედამისმა დაამუშავა.
_გინდა, დაველაპარაკები?-ბელამ ისე შემცვალა, მზად ვიყავი კუპიდონად ვქცეულიყავი.
_აზრი არ აქვს,-სევდიანად მიპასუხა.
_მაშინ მოვიტაცოთ!-შევთავაზე ენთუზიაზმით.
_დედამისი გვიჩივლებს,-ისე მიპასუხა, ეტყობა მარტო მე არ მომსვლია ეს იდეა.
_წამო, უბრალოდ დაველაპარაკოთ. აქ თუ იჯდები, არამგონია თავისი ფეხით მოგადგეს. უნდა იბრძოლო, ძმაო, სიყვარულისთვის!-დამრიგებლური ტონით ვუთხარი, თან მეცინებოდა.
_ეგ როდის ისწავლე? მიკროფონში რომ გასჭყიოდი გალეშილი, მაშინ?-სიცილით მითხრა, მაგრამ თან ხელების ჩვრით გაწმენდა დაიწყო.
_აჰაა, ზუსტად მაშინ! წავედით!-ხელით კარისკენ ვუბიძგე და გამოვედით.
_ტანსაცმელს გამოვიცვლი,-სახლისკენ წავიდა.
_კარგი აზრია, თუ გინდა ელი ერთი კილომეტრის მანძილზე მაინც მოგიახლოვდეს, ჯობია წყალიც გადაივლო!-ვუთხარი სიცილით და უკან მივყევი.
სანამ ჯეიკი გამოეწყობოდა მე ბილი მოვინახულე. უცნაური ვინმე იყო, უკიდურესად სერიოზული, სიტყვაძუნწი. როცა თვალები დახუჭული აქვს და ადამიანს გეგონება, რომ სძინავს, ჩურჩულით დასმულ კითხვაზეც კი პასუხს გაგცემს, ხოლო თვალგახელილს, თუ კონტაქტი არ სურს, თუნდ ყურში ჩაყვირო, პასუხს მაინც ვერ ეღირსები. მისი ყოველი ნახვისას, ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ მამაჩემი არ იყო. მოკითხვის და ჩვეულებრივი, სიტყვაძუნწი საუბრის შემდეგ, მისაღებში დავბრუნდი და იქ დავიწყე ლოდინი. ჯეიკიც მალე გაემზადა (აყროლებული ოდეკოლონიც იპკურა) და წავედით.
ნადირობის შემდეგ სახლში დაბრუნებულს ორი ახალი ამბავი დამხვდა. ორივე ცუდი.