bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-03-21, 11:13 PM | შეტყობინება # 89 |
842
Offline
| მეშვიდე თავი
მის რეაქციაზე გამეცინა. ისეთი დაბნეული და საყვარელი სახე ჰქონდა... - ქართული საიდან იცი? - ვკითხე ქართულად. ის კი ისევ ისეთი გაოცებული სახით მიყურებდა. - ეგრე ნუ მიყურებ, მოჩვენება კი არ ვარ, - მის რეაქციაზე მეცინებოდა. საფრთხე სულ დამავიწყდა... - დიდი ხანია რაც კიევში ვცხოვრობ, მაგრამ დედა მყავს ქართველი, ჩემი ნათესავებიც აქ არიან, - რობოტივით ლაპარაკობდა. - გასაგებია, - გავუღიმე. - მე კი დღეს ჩამოვედი, პირველად ვარ. - გეტყობა, - უკვე თვითკმაყოფილი იდიოტივით იღიმოდა. მისმა ასეთმა უეცარმა ცვლილებამ დამაბნია. თან არ მესიამოვნა კიდევაც. ისეთი სახე ჰქონდა, სადღაც გულის კუნჭულში შიშიც კი ვიგრძენი. ყოველთვის მაღიზიანებდნენ საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებული ბიჭები. - მაინც საიდან შემატყვე? - ცალი წარბი ავწიე. - თუნდაც ჩაცმულობით, მანერებით... როცა დიდხანს ცხოვრობ უცხოეთში, იერიც სხვანაირი გაქვს. შენ კი უკრაინელს ნამდვილად არ გავხარ. ისევ ჩემს ჩაცმულობას შეეხო. ალბათ იცის, რომ გოგოების უმეტესობის სუსტი წერტილი ჩაცმაა. აუტანელი! - შენ კი უკრაინელ ზედმეტად გათამამებულ ბიჭს გავხარ, - ვალში არც მე დავრჩი. - შენ კი ქართველ გათამამებულს. რა განსხვავებაა? - გაიცინა. ბრაზისგან სისხლმა თავში ამასხა. ასე არასდროს არავინ დამლაპარაკებია. ერთი მხრივ შეურაცხყოფადაც მივიღე. მან ჩემზე საერთოდ არაფერი იცოდა, რა უფლება ჰქონდა რომ ასე მელაპარაკებოდა? არ ვიცი უცბად რა დამემართა, მაგრამ მასთან მივედი და სილის გარტყმა დავაპირე, მაგრამ ხელი ჰაერშივე დამიჭირა. - მეტკინა. გამიშვი! - ტკივილისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი. - თუ ჭკვიანად იქნები გაგიშვებ. - ჯანდაბა, გამიშვი ხელი! ხელი უცბად გამინთავისუფლდა და ნატკენი ადგილის სრესვა დავიწყე. - ველური! მამაშენს არ უსწავლებია, რომ გოგოს ხელი არ უნდა დააკარო? - თავს ვეღარ ვთოკავდი. - გააჩნია როგორ გოგოს, - ნიშნის მოგებით მითხრა. - არამგონია შენი მშობლები შენით ამაყობდნენ. ამ სიტყვების გაგონებაზე გულში რაღაც ჩამწყდა. მშობლები... ეს ადგილი ყველაზე მეტად მტკიოდა. მან ჩემი ყველაზე მტკივნეული ადგილი მოძებნა და სწორედ იქ დამარტყა... სხეულში გულის არსებობას ვეღარ ვგრძნობდი, მეგონა ამომაცალეს... ხმა ვეღარ ამოვიღე, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. ჩემს ამბავს ნამდვილად არ მოვუყვებოდი, მაგრამ სხვაც ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, გაჩუმება ვარჩიე. ვცდილობდი თვალებზე მომდგარი ცრემლები დამემალა. - დამუნჯდი? - მკითხა ოდნავი სიცილით. - მოდი შენ შენს გზაზე წადი, მე კი ჩემს გზაზე წავალ. უშენოდაც მივაგნებ სახლის გზას, - ზურგი ვაქციე და გზა გავაგრძელე. ვგრძნობდი რომ მიყურებდა. ალბათ ნორმალური არ ვეგონე, რადგან ამ დროს ქუჩაში მარტო სიარული ვარჩიე. მოულოდნელად ჩემ გვერდით ბაიკი გაჩნდა. - მოდი, დაჯექი, - თავით მინიშნა. უარყოფის ნიშნად თავი ჯიუტად გავაქნიე. მოტოციკლი პირდაპირ ჩემ წინ, ფეხებთან გამიჩერა და ამით მაიძულა სიარული შემეწყვიტა. - დიდხან ხვეწნას არ დაგიწყებ. ან დაჯექი, ან არადა მარტო გააგრძელე გზა, მაგრამ იმ ბიჭებისნაირები თუ შეგხვდებიან, შენ თავს დააბრალე. ერთი წუთით დავფიქრდი რა არჩევანი მქონდა. ან ქუჩაში მარტო უნდა მეხეტიალა იქამდე, სანამ ბიძაჩემი არ მიპოვიდა, ან მე არ ვიპოვიდი გზას. ან არადა ამ აუტანელს გავყოლოდი, ცოტა ხნით ამეტანა გზაში და შინ მშვიდობით მივსულიყავი. ყველაფერს ისევ მეორე ვარიანტი ვამჯობინე და უკან უხმოდ მივუჯექი. ჩაფხუტი გამომიწოდა და საშინელი სიჩქარით დაძრა ბაიკი. - ცოტა ნელა რა, სიჩქარის მეშინია, - გაუბედავად ვუთხარი. ხმა არ ამოუღია, მაგრამ სიჩქარეს მაინც უკლო. იმდენად ვიყავი დაღლილი და მოთენთილი, რომ თვალები ოდნავ მივლულე, მაგრამ მაშინვე გავახილე. შემეშინდა იქვე არ ჩამძინებოდა. ნელ-ნელა იმ საშინელ ჩაბნელებულ ადგილს მოვშორდით. გზა განათდა და სახლებიც გამოჩნდა. იქაურობა არ მეცნობოდა, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ბაიკი ერთი სახლის წინ გაჩერდა, ორივენი გადავედით. მან სახლისკენ აიღო გეზი, მე კი აქეთ-იქით გაკვირვებული ვიყურებოდი. - სად ვართ? - სანამ მე არ ამოვიღე ხმა, ის ჩემს არსებობას ვერც კი ამჩნევდა. - შენ შენი სახლის მისამართი არ მითხარი. ეს კი ჩემი სახლია, - ხელით ლამაზ, სადა სახლზე მანიშნა. ჩემს სახლს რაღაცით წააგავდა, მაგრამ ეს უფრო დიდი იყო. ეტყობოდა, რომ მისი მფლობელები შეძლებული ხალხი იყო. - შე უტვინო, როგორ უნდა ვიცოდე სახლის მისამართი, როცა დღეს დილით ჩამოვედი? თვალები გაუფართოვდა. ალბათ არ ეგონა რომ ერთი დღის ჩამოსულიც არ ვიყავი. - მშვენიერია, - თქვა ირონიით. - ახლა რა უნდა ვქნათ? - არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე. იქნებ იმ ქუჩაზე დავბრუნდეთ? ვეცდები გავიხსენო საიდანაც მოვედი. - ამ დროს? უკვე შუა ღამეა. აზრი არ აქვს იქ დაბრუნებას. სახლიდან ძალიან შორს წამოსულხარ, რადგან ახლო-მახლო არ არის სახლები. მოშორებით რამდენიმე ქუჩაა, თითქმის ამ ქუჩას გავს, ამდაგვარი სახლებია. ეს რამეს გეუბნება? - კი. შენი სახლი ძალიან გავს ჩემსას. ოღონდ ეს უფრო დიდია. - აქ თითქმის ყველა სახლი ერთი სტილისაა, აქამდე ვერ შეამჩნიე? - ირონიულად მკითხა. გავწითლდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. - მაშინ რაღას მიხსნი სად რომელი ქუჩაა, თუ ყველა სახლი ერთმანეთს გავს, - გავბრაზდი. - ჰო კარგი, - დანებდა. - მაშინ დღეს ჩემთან მოგიწევს დარჩენა. ხვალ კი შენი სახლის საძებნელად წავიდეთ. - შენთან დავრჩე? არა, ნამდვილად გადარეული ხარ! ბიძაჩემი ალბათ გაგიჟებულია, დავპირდი მალე დავბრუნდები-მეთქი. - ქუჩაში ხეტიალი გირჩევნია? - არა, მაგრამ... - შევიშმუშნე. რა თქმა უნდა შუა ღამისას გარეთ დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ არც უცდო ადამიანის სახლში ღამის გათევა მხიბლავდა. მისი სახელიც კი არ ვიცოდი... - ნუ გეშინია, არ ვიკბინები, - გაიცინა და სახლისკენ მიბიძგა. - თანაც სახლში მარტო არ ვცხოვრობ, მშობლებიც არიან. - და რას იფიქრებენ ისინი, როცა სახლში უცხო გოგოს მიუყვან? - ყველაფერს მოვუყვებით და ისინიც დაგვეხმარებიან. ძალიან კარგი ხალხია, მოგეწონებიან. თანაც დედაჩემი ქართველია, - თვალი ჩამიკრა. გულში გავიფიქრე, თავის მშობლებზე ცუდს ხომ არ იტყვის-თქო... მაგრამ ის, რომ დედამისი ქართველი იყო, ნამდვილად პლიუსია ჩემთვის. - მოიცა, შენი სახელიც არ ვიცი, - გაიცინა და ოდნავ დაიმანჭა. მასთან ერთად მეც გამეცინა... - თამუნა. თამო მირჩევნია... - როგორც გინდა. მე სანდრო ვარ, - გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. ხელი ჩამოვართვი და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ როცა აუტანლად არ იქცეოდა, საყვარელი იყო. ჯანდაბა, რაზე ვფიქრობ როცა ასეთ მდგომარეობაში ვარ. სახლის კარი გასაღებით გააღო და შიგნით შემიძღვა. - მოვედი, - დაიყვირა და გასაღები იქვე მიაგდო. ოთახიდან სასიამოვნო გარეგნობის ქალი გამოვიდა. ისეთი ნაზი და კეთილი სახე ჰქონდა, რომ კინაღამ გული ამიჩუყდა. მისი შემოსვლისთანავე თითქოს ოთახში ის დაძაბულობა გაქრა, რასაც თავიდანვე ვგრძნობდი. ამ ქალს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, მასზე არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ რატომღაც პირველი დანახვისთანავე მისით მოვიხიბლე. - სანდრო, ასე რატომ დაიგვიანე? - ქალმა უკმაყოფილო სახე მიიღო, მაგრამ შვილს თბილად გაუღიმა. შემდეგ მზერა ჩემზე გადმოიტანა და სახეზე გაკვირვება დაეტყო. - დედა, ეს თამოა. მოდი სასტუმრო ოთახში შევიდეთ და ყველაფერს იქ აგიხსნით. სანდრომ დივანზე დამსვა, თვითონ კი გვერდით მომიჯდა. ოთახში მაღალი, სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა. ჩემი ვარაუდით ეს სანდროს მამა იქნებოდა. მანაც გაკვირვებული სახით შემომხედა, მაგრამ შვილის თხოვნა შეასრულა და მეუღლეს გვერდით მიუჯდა. ერთმანეთს იდეალურად უხდებოდნენ. წარმოვიდგინე ახალგზარდობაში როგორები იქნებოდნენ... ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ, რომ თბილი და მოსიყვარულზე ოჯახი ჰქონდათ. სანდრომ ჯერ ერთმანეთი გაგვაცნო. დედამისს მარია ერქვა, მამამისს კი დევიდი. უკრაინელს არ გავდა, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ მხოლოდ დედით იყო უკრაინელი. სანდრომ რაც გადამხდა ყველაფერი მოუყვა მათ. მარიას თვალებში ცრემლებიც კი დავინახე... - ღმერთო ჩემო, ალბათ როგორი შეშინებული იქნები ძვირფასო, - ჩემთან ახლოს მოვიდა და ჩაიმუხლა. მერე წარბები ოდნავ შეჭმუხნა და შვილს გადახედა. - მოიცადეთ. შენ თამუნა გქვია არა? თამო... - პასუხად თავი დავუქნიე. - არც აქაურს არ გავხარ. - ქართველი ვარ. კიევში დღეს დილით ჩამოვედი, - ამ სიტყვების გაგონებისას თვალები გაუნათდა. - ეს აქამდე როგორ არ მითხარით, - ნაწყენი სახით გადახედა სანდროს. - ახლავე ცხელ შოკოლადს მოგიმზადებ. ალბათ როგორი დაღლილი იქნები. მეორე სართულზე სტუმრის ოთახში საწოლს გაგიშლი და ტკბილად დაიძინებ. - ალბათ შენი მშობლები როგორ ნერვიულობენ, - მითხრა ბატონმა დევიდმა. ჯერ ის გამიკვირდა რომ ეს ყველაფერი ქართულად მითხრა, მაგრამ მერე, როცა მისი ნათქვამი გავიაზრე, გული საშინლად მეტკინა. - მშობლები რამდენიმე თვის წინ ავტოავარიაში დაიღუპნენ, აქ ბიძიასთან ჩამოვედი, - გაუბედავად ვთქვი. არ მინდოდა მათ თვალებში სიბრალული დამენახა. სანდროც და მამამისიც ადგილზე გაიყინნენ. მარია კი, რომელიც ოთახიდან გადიოდა, კარებიდან შემობრუნდა აწყლიანებული თვალებით. - ვწუხვარ, - გაუბედავად თქვა ბატონმა დევიდმა. - არაუშავს, თქვენ ხომ არ იცოდით, - გავუღიმე. მარიას არაფერი არ უთქვამს. ცოტა ხანს ისე იდგა და მიყურებდა. მერე უცებ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. - ბოდიში... - დაიჩურჩულა სანდრომ ისე, რომ მარტო მე გამეგო. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე, მან კი ხელზე ხელი მომიჭირა... რამდენიმე წუთში მარია ცხელი შოკოლადით დაბრუნდა. სიჩუმისა და უხერხულობის გასაფანტავად სხვადასხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ სანდროს მამა ჩაფიქრებული იჯდა და საუბარში არ ერთვებოდა. მერე უცებ სახეგანათებულმა ამომხედა. - შემთხვევით ბიძაშენი ბიზნესმენი ხომ არ არის და ზურა ხომ არ ჰქვია? გული ამიჩქარდა... ბიძაჩემი ნამდვილად ცნობილი ბიზნესმენი იყო და მას ნამდვილად ზურა ერქვა. - კი, ასეა, - ვუპასუხე დაბნეულმა. - თქვენ საიდან იცით? - რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე და მითხრა, რომ ძმიშვილთან ერთად ჩამოდიოდა. თანაც დანარჩენი ისტორიაც ემთხვევა... ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული საგულეში ვეღარ ეტეოდა. ავნერვიულდი... - ახლავე დავურეკავ და ყველაფერს გავიგებ. ნამდვილად ის იქნება, შენ არ ინერვიულო, გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში უკან ტელეფონით ხელში დაბრუნდა. - ბიძაშენს შენთან საუბარი უნდა, - ტელეფონი გამომიწოდა. კანკალის გამო ძლივს გამოვართვი და შიშით ამოვიღე ხმა. იქნებ ცდებოდნენ? - ბიძია... - თამუნა! კარგად ხარ? როგორ შეგვეშინდა... - კი, კი. ახლა კარგად ვარ, არ ინერვიულო. - ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ. დევიდმა დამარწმუნა, რომ დღეს მათთან დარჩენილიყავი. ის ჩემი მეგობარი და პარტნიორია, შეგიძლია ენდო. საერთოდ, ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს. - ჰო, ეს უკვე შევამჩნიე... - ხვალ ჩემ ოფისში მოდის და პირდაპირ იქ მოგიყვანს. ამაღამ მანდ მოგიწევს დარჩენა, წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - რა თქმა უნდა არა, - რატომღაც გამიხარდა, რომ აქ დავრჩებოდი. - კარგი, მაშინ ტკბილი ძილი. - შენც ასევე. - დიდი მადლობა, - სამივეს გადავხედე. გულწრფელად მიხაროდა რომ ასეთ კეთილ ადამიანებს შევხვდი. მარიამ საძინებელი მომიმზადა. სამივეს კიდევ ერთხელ გადავუხადე დიდი მადლობა ყველაფრისთვის დავემშვიდობე და დაღლილი საძინებელში შევედი. შხაპი მესიამოვნა, დაძაბულობა მომიხსნა. დაძინებამდე უკვე ცოტაღა მაკლდა, რომ კარებზე კაკუნი გავიგე. ოთახში სანდრომ შემოყო თავი. - შეიძლება შემოვიდე? - რა თქმა უნდა, შემოდი, - ოდნავ წამოვიწიე. - არ მინდოდა შემეწუხებინე, მაგრამ მაინტერესებდა როგორ იყავი. - გმადლობ, კარგად ვარ. რაც ბიძიას ველაპაკე, დავმშვიდდი. არაჩვეულებრივი მშობლები გყავს. - გმადლობ, - გაეცინა. - ბოდიში მინდა მოგიხადო. მაშინ რაც გითხარი... - არ მინდოდა ამაზე საუბარი, ამიტომ შევაწყვეტინე. - არ გინდა სანდრო, დაივიწყე. როცა ცოცხლები იყვნენ ისინი მართლაც ნაკლებად ამაყობდნენ ჩემით, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, - ვეცადე ყელში მობჯენილი ბურთი გადამეყლაპა. - კარგად ხარ? - საწოლთან ახლოს მოვიდა და კიდეზე ჩამოჯდა. - სანდრო მარტო დამტოვე კარგი? ასე მირჩევნია. - დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები? - კი, - თავი დავუქნიე და თვალი ავარიდე. არ მინდოდა თვალებში ჩამდგარი ცრემლები დაენახა. - როგორც გინდა, - გადმოიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. მისგან ეს საქციელი გამიკვირდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. თვალები დავხუჭე და ვეცადე უსიამოვნო ფიქრები თავიდან გამეგდო, მე უკვე დავიწყე ახალი ცხოვრება...
| |
|
|