4. Good for you, Bella Swan! _არ მოდიხარ? -დილით როზალი დამადგა ოთახში, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სულ მაინტერესებდა როგორ ახერხებდა ყოველდღე გამორჩეულად ლამაზი ყოფილიყო. კარგი იქნებოდა, მასეთი ეშმაკობები ჩემთვისაც ესწავლებინა...
_არა,- ვუპასუხე ისე, რომ თავი არ ამიწევია წიგნიდან. ისეთი ინტერესით დავყურებდი გაცვეთილ ფურცლებს, თითქოს პირველად ვკითხულობდი.
_რატომ?-მკითხა ინტერესით. თვალები დავუბრიალე.-ესმი უკვე წავიდა, ნუ გეშინია, შეგიძლია თავისუფლად თქვა.
_სად წავიდა?-გამიკვირდა.
_თავის ახალ სამუშაოზე, გენიოსო, საავადმყოფოში! სხვაგან სად წავიდოდა.
_ა.
_აბა, რატომ არ მოდიხარ?-მიუბრუნდა თავდაპირველ თემას. წიგნი ბრახუნით დავხურე, თაროსთან გავჩნდი და ადგილზე დავაბრუნე. როზალი თვალს არ მაშორებდა.
_არ მინდა, იმ ბიჭს გადავაწყდე. მირჩევნია დავწყნარდე, სიმშვიდე დავიბრუნო, წყურვილი მოვიკლა და მომზადებული დავუპირისპირდე ცდუნებას.-მშვიდი ხმით მივუგე.
_ოო, ნუ სულელობ! ორივემ ვიცით, რომ ასეთი რამისთვის მზად ვერასდროს იქნები, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს და რამდენი ცხოველიც არ უნდა გამოწუწნო.
_მაგრამ როუზ...-ვიცოდი, რომ მართალს ამბობდა, ასეთი რაღაცეები არ ეშლება, გამოცდილებაც ჩემზე მეტი ჰქონდა, მაგრამ მაინც გავიბრძოლე.- არ შემიძლია...
_ნუ ჭირვეულობ, იზაბელა სვონ!-ხმა გაიმკაცრა მან. -ამ ქალაქში შენ წამოგვიყვანე და უკან დასახევი გზა აღარ გაქვს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვაგან გადავიდეთ, მაგრამ შენს თავზე ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნება, უნებისყოფო პიროვნებად ჩათვლი თავს. მე გირჩევ წამოხვიდე და დაგვიმტკიცო მეც და შენ თავსაც, რომ ძლიერი ხარ! წავედით? დერეფანში ფეხაკრეფით მივაბიჯებდი და ვნატრულობდი იმ ბიჭთან საერთო გაკვეთილები იმ დღეს მაინც არ მქონოდა. მის სუნს ჯერ ვერ ვგრძნობდი, ამიტომ მშვიდად ვიყავი.
_იზაბელა სვონ!-მომესმა უცებ. ადგილს მივეყინე. „ის“ მიახლოვდებოდა ზურგიდან. ყოველთვის ასე მწყალობდა ბედი. დღეს უკვე მეორედ მომმართეს სრული სახელით, რასაც ვერ ვიტანდი, მაგრამ ამჯერად სიბრაზე არ მაღელვებდა. „მისი“ სუნი ვიგრძენი, ყელში გამეჩხირა თითქოს. თვალები დავხუჭე და სუნთქვა შევიკარი.
_გამარჯობა!-ბიჭი წინ გადამიდგა. მხრები გულგრილად ავიჩეჩე და ტრიგონომეტრიის საკლასო ოთახისკენ წავედი. მასწავლებელი ვიღაც დაფახფახებული ბებერი იყო, რომელიც ისედაც შემძულდებოდა მისი წინაპრის გამო (რომელიც მაშინ მასწავლიდა მათემატიკას, როცა ჯერ კიდევ „ჩვეულებრივი“ ვიყავი), მან კი პირველივე დღეს დაფასთან დამაყენა და მაიძულა საკუთარ თავზე მესაუბრა. ამით სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ყველა დროის უსაზიზღრეს მასწავლებელთა სიაში. მის გაკვეთილზე პირველად რომ შევედი, მისმა შენელებულმა გულისცემამ გამაოგნა. ჯანსაღ ადამიანებს ასე სუსტად არ უცემდათ გული.
_ტრიგონომეტრიაზე მიდიხარ? მეც.-პასუხს არ დალოდებია, თან წამომეწია. ისევ წინ გადამიდგა და მკითხა,-გუშინ სად აორთქლდი იმ ტყეში?-სერიოზული ხმა ჰქონდა.
_მეჩქარებოდა, დამშვიდობება ვერ მოვასწარი.-თავი ვერ შევიკავე რომ არ გამღიმებოდა.
_გეღიმება, არა? მე ვცდილობდი კეთილგანწყობით მოგპყრობოდი ახალჩამოსულს, შენ კი ბავშვური ოინით დამისხლტი.-გაბუტულივით მაუწყა.
_ოჰოო, გაწყენინე? დიდი ბოდიში...-ღიმილით ვუთხარი და გვერდი ავუარე, ჩემს ხმაში აშკარად იგრძნობოდა, რომ ნამდვილად არ მაწუხებდა ვაწყენინე თუ არა. ოთახში შევედი და მიზანში ისეთი მერხი ამოვიღე, რომელთანაც ერთი ბავშვი უკვე იჯდებოდა, რატომღაც ზუსტად ვიცოდი ვინ აღმოჩნდებოდა ჩემი მეზობელი, თუ მარტო დავჯდებოდი. ვიღაც შავგვრემან გოგოს მივუჯექი გვერდით. „ის“ შემოვიდა, მერხები მოათვალიერა, დამინახა, რომ მარტო არ ვიჯექი, თავი უცნაური ღიმილით გააქნია და თვითონაც ვიღაცას მიუჯდა გვერდით.
ბებრუხანა მასწავლებელიც შემოხანხალდა და ლექცია დაიწყო. ჩემ თავზე გამეცინა, ეს 70ს მიტანებული კაცი იყო ბებრუხანა და მე, 90ს გადაცილებული არა?
კაცი გაცხარებული ხსნიდა რაღაცას, არ მაინტერესებდა რას, ვგრძნობდი შიგადაშიგ როგორ უჩქარდებოდა გული და ხან არითმიულად უცემდა. რამდენჯერმე შევნიშნე „ის“ როგორ გაშტერებული მიყურებდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ესღა მაკლდა!
საათზე დავიხედე, მალე ზარი დაირეკებოდა, ლამის ჩანთაც გადავიკიდე, რომ დროზე გავქცეულიყავი ზარის დარეკვისთანავე, მაგრამ...
უცებ, მასწავლებელი გაჩუმდა, სიტყვა გაუწყდა, ადგილზე გახევდა, მზერა გაეყინა და თვალები შუშის გაუხდა, თითქოს სადღაც შორს, სივრცეში იყურებოდა. ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა და ყველამ დაინახა. მაგრამ ყველას არ გაუგონია როგორი გაბრძოლებით უცემდა გული, თან როგორ არითმიულად. თითქოს არ სურდა შეეწყვიტა მოძრაობა და სამარადჟამოდ გაქვავებულიყო. ეს მხოლოდ მე გავიგონე, შეშინებული წამოვვარდი, არ დამვიწყნია, რომ კლასი ბავშვებით იყო სავსე, მასწავლებელთან მივირბინე ყვირილით.
_ცუდადაა! დროზე ვინმეს დაუძახეთ მედპუნქტიდან! სწრაფად, სწრაფად! სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ!-კაცს მივვარდი და მინდოდა სკამზე ჩამომესვა. ედვარდი (?!) ჩემთან გაჩნდა და მომეხმარა. ალბათ ფიქრობდა, რომ მარტო ვერ მოვახერხებდი, ჩვეულებრივი რომ ვყოფილიყავი ალბათ ასეც იქნებოდა.
_მოიცა, მოიცა! უნდა დავაწვინოთ!-წამოვიყვირე უცებ. ვიღაცეები მოგვეშველნენ და კაცი იატაკზე დავაწვინეთ (ვიღაცამ მოიფიქრა და თავქვეშ ჩანთა დაუდო).-გულის მასაჟი სჭირდება! -ყელამდე შეკრული პერანგი სამ ღილზე შევუხსენი და გულის მასაჟები დავიწყე. ამ დროს ვიღაცამ ექიმი მოიყვანა მედპუნქტიდან.
_მიმიშვით!-განზე გამწია თეთრხალათიანმა.
_გულის არითმია აქვს!-ვუთხარი. ქალმა ალმაცერად გადმომხედა (ნეტა შენ რაღა იციო გაიფიქრა ალბათ) და ჩემი დაწყებული საქმე განაგრძო. ცოტა ხანში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც მოვიდა და მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
_მამა, მოვედი! -გავუღიმე საფლავის ქვას და იასამნის კონა ანტიკური ხანის ბინძურ ლარნაკში ჩავდე. შემდეგში ჩვარი უნდა წამოვიღო, არ დამავიწყდეს.
_მამა... იცი...ძალიან მომენატრე...-არაერთ ადამიანთან და არაადამიანთან მისაუბრია, მაგრამ საფლავის ქვასთან არასდროს, ამიტომ მიჭირდა ხმის ამოღება. -მა... ჩარლი, დღეს ადამიანი ვიხსენი.-მეც გავუღიმე მომღიმარ სურათს.-ერთი შტერი ადამიანია, მაგრამ როგორც ესმი ამბობს, ყველა ადამიანი იმსახურებს სიცოცხლეს. მე არ შემეძლო უბრალოდ ვმდგარიყავი და მეყურებინა როგორ მოკვდებოდა. შენ მასწავლე რა საშინელი რამაა სიცოცხლის ჩაქრობა. ვიცი, სიკვდილი საშინელებაა, მაგრამ სიამოვნებით მოვკვდებოდი თუ მეცოდინებოდა, რომ ამის შემდეგ შენთან ერთად ვიქნებოდი სამუდამოდ...ჩარლი, ვიცი რომ სულ ჩემთან ხარ, ვიცი. მინდა გთხოვო, რომ ჩემი თავისგან, ჩემი ფიქრებისგან დამიცვა, მპირდები? არ მინდა რამე ვავნო... მართლა არ მინდა და რატომ მიწვევს? გთხოვ, გააგებინე, რომ თავი დამანებოს, თხრას შეეშვას, თორემ თავის მოსკლავ დანას გამოჩიჩქნის და საერთოდ...-სიტყვა ჩემი მგრძნობიარე ყურთასმენის მიმპყრობმა ხმაურმა გამაწყვეტინა. თითქოს რაღაცამ გაიშხუილა.
_ბელა, დამშვიდდი!-გულში ვუთხარი ჩემ თავს და ყურადღებით მიმოვიხედე. დეჟა ვუ-ს შეგრძნება მქონდა თითქოს. წინათ ნანახი საფლავის ქვას მოფარებული ჩრდილი ისევ წამოიმართა და კაპიშონი მოიხადა. თვალები დავხარე, შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და პირდაპირ მისკენ გავემართე.
_ეი, შენ!-დავუყვირე. უკვე ახლოს ვიყავი და სახეც გავარჩიე.
_ოჰო, შენ?!-გაუკვირდა ჩემი დანახვა.-აქ ნამდვილად არ გელოდი, მფარველო ანგელოზო!-ბოლო სიტყვებში ცოტა ირონია მომეჩვენა.
_არც მე არ მეგონა აქ თუ გნახავდი...-დავიბენი.-მე...ვიღაცაში ამერიე.
_ვისში?-ურცხვად მკითხა.
_რამდენიმე დღის წინაც იყავი აქ?-გულგრილად ავისხლიტე მისი კითხვა.
_თითქმის ყოველდღე მოვდივარ ამ ბოლო დროს, არ ვიცი რომელ დღეზე მეკითხები.-გულზე მომეშვა. მაშინაც ნამდვილად ის იყო. მე კი რა სულელურად შევშინდი. კაპიშონის დანახვაზე კურდღელივით მაკანკალებს.
_ჰო, ნამდვილად შენ იყავი...-უგულისყუროდ ჩავიბურტყუნე.
_ის შენ იყავი იქიდან რომ მიყურებდი და მერე უცებ აორთქლდი?-ხელი იქით გაიშვირა საიდანაც მოვედი. თავი დავუქნიე.-ძალიან შემაშინე. შენ, როგორც ჩანს, ჩვევად გაქვს ეგ „აორთქლებები“.
_როგორც ჩანს...-გულგრილად ვუპასუხე და გამოვბრუნდი.-კარგად იყავი.
_მოიცა!-ბიჭი ისევ წინ გადამიდგა. გაოცებულმა შევხედე.-სად გეჩქარება. ვისაუბროთ ცოტა ხანს.
_მეჩქარება.-მოკლედ მოვუჭერი.
_კარგი რაა...ასეთს რას გთხოვ? შენი ახლობელია?-უცებ სევდიანი ხმით მკითხა და თავით იმ საფლავზე მანიშნა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ვიდექი.
_მმ... წინაპარი.
_ვინაა? იქნებ ვიცნობდი.-ბიჭი საფლავისკენ წავიდა.
_ჩარლი ანდერსონი... არ გეცოდინება...-ბავშვივით დავედევნე უკან. -ძალიან დიდი ხნის წინ მოკ...მოკვდა.
_ჩარლი ანდერსონი?-გაკვირვებულმა მომხედა. -ბებიაჩემი მიყვებოდა კარგი პოლიციელი ყოფილა. მოიცა, ჩარლი ანდერსონს ერთი ქალიშვილი ყავდა... რა ერქვაა? დამავიწყდა... და ის გოგო 17 წლის ასაკში გაუჩინარდა... სხვა შვილი არ ყოლია და შენი წინაპარი როგორ იყო?-ადამიანი რომ ვყოფილიყავი ლოყები ამიწითლდებოდა და თვალებს დაბნეულად გავაცეცებდი, მაგრამ რადგან არ ვიყავი, თვალიც არ დამიხამხამებია ისე ვუპასუხე:
_პირდაპირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს. ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო თუ რაღაც ასეთი. ის ერთადერთი ნათესავია ვინც აქაა დაკრძალული და რადგან არაფერს ვაკეთებდი მოვედი, მოვინახულე...
_...და ყვავილებიც მოუტანე! -დააბოლოვა ჩემს ნაცვლად. -ძალიან თავაზიანი საქციელი იყო შენი მხრიდან... მითხარი, რატომ გადაწყვიტეთ აქ გადმოსვ...
_ეხლა შენი ჯერია! -გავაწყვეტინე წინადადება. არ ვიცოდი რა მეპასუხა მის კითხვაზე და იმიტომ.-შენ ვის საფლავზე დაიარები?
_მეე?-შეკრთა უცებ. მერე ხელი გამომიწოდა, მეც დაბნეულმა ჩავუდე ხელი, თბილი, რბილი ხელი ჰქონდა. მე რა თქმა უნდა ყინულივით ცივი ვიყავი და მან გაოცებით ამომხედა. შემდეგ იქ წამიყვანა სადაც თავდაპირველად იდგა. - კეტრინ კალენი... დედაჩემი. -ხელი ისე გაიშვირა საფლავის ქვისკენ თითქოს პიროვნებას მაცნობდა. შეშფოთებულმა შევხედე.
_დედაშენი?? მე... არ ვიცოდი... ძალიან ვწუხვარ...-ჩემმა გულწრფელობამ მეთვითონვე გამაკვირვა.
_არაფერია... უკვე მივეჩვიე...
_არამგონია... რომ მიჩვეოდი ყოველდღე აქ არ იქნებოდი.-ვუთხარი და მის ხელში შერჩენილი ხელი გავინთავისუფლე. უხმოდ გამიშვა, თითქოს ვერც იგრძნო, ისევ საფლავის ქვაზე მიმაგრებულ ქვის სურათს უყურებდა.
_აქ იმიტომ დავდივარ, რომ სიმშვიდეს ვპოულობ და არა იმიტომ, დედის გარდაცვალებას ვერ ვეგუები. უკვე 10 წელი გავიდა, თითქმის აღარც მახსოვს. უმისობას შევეჩვიე, მაგრამ მაინც დავდივარ აქ როცა ძალიან მიჭირს, როცა ვნერვიულობ ან ძალიან მიხარია, ყოველთვის მოვდივარ რომ ჩემი განცდები გავუზიარო... -წყნარად, მაგრამ მკაფიოდ, ხავერდოვანი ხმით ლაპარაკობდა. სიჩუმე ჩამოწვა. ქარმა დაუბერა და საფლავებს შორის მდელო ააბიბინა.
_ბელა...-მომიბრუნდა უცებ. ისევ ხავერდოვანი ხმა ჰქონდა. -დღეს საოცრად მოიქეცი...ადამიანის სიცოცხლე იხსენი... ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. –„ის რომ იცოდე რამდენი გამოვასალმე სიცოცხლეს, საინტერესოა მაშინ რას მეტყოდი,“ გავიფიქრე. ის კი თავისას აგრძელებდა.- რომ მოხვედი დედაჩემს სწორად მაგაზე ვუყვებოდი. დედაჩემთანაც რომ აღმოჩენილიყო შენისთანა გულისხმიერი ადამიანი, ალბათ დღესაც ცოცხალი იქნებოდა.-კითხვით სავსე მზერა შევაგებე.-კარლაიალი... მამაჩემი მომიყვა, რომ თურმე კეტრინს ყოველთვის სუსტი გული ჰქონია. ერთხელ კი, როცა დედამისის გარდაცვალების ამბავი გაიგო...მოკლედ გულმა ნერვიულობას ვერ გაუძლო. -რატომღაც გულახდილობის ხასიათზე დადგა.-ბებია პორტ ანჯელესში ცხოვრობდა. როცა მისი გარდაცვალების ამბავი გაიგო, დედამ მე და ჩემი და, ელისი, მანქანაში ჩაგვსვა და იქ წაგვიყვანა. კარლაილი ნიუ იორკში იყო, რაღაც პროფესიული შეკრება იყო თუ წვეულება, არ ვიცი. მოკლედ დედას გზაში, მანქანის მართვისას გაუჩერდა გული...მანქანა ხეს შეასკდა, ჩვენ გონება დავკარგეთ და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გვიპოვეს... -ამბის თხრობა დაამთავრა და გაჩუმდა. ბალახში ჩაჯდა, გულში ღრმად ამოვიხვნეშე და გვერდით მივუჯექი.
_ტრაგიკული ისტორიაა...-ვუთხარი.
_შენზე არაფერს მომიყვები?
_მმ...არა.
_ხალხი ამბობს, რომ შენი დაც ჩვენს სკოლაში სწავლობს...-ჩემ პასუხს ყურადღება არ მიაქცია.
_ჰო, მე, ესმ...დედა და ჩემი და გადმოვედით.
_მამა...
_არ მყავს და ამაზე საუბარი არ მსურს.-მოვუჭერი მოკლედ.
_კარგი, კარგი. ნუ გაიმკაცრე ხმა. ეხლა მითხარი, რას აკეთებდი გუშინ იმ წვიმაში?-თვალებში ჩამხედა. უცნაური, სევდიანი, მაგრამ სითბოთი სავსე თვალები ჰქონდა. ან იქნებ მე მომეჩვენა?! ჭაობისფერი თვალები თითქოს სითბოს ასხივებდა.
_ვფიქრობდი.-თვალი გავუსწორე მეც. დარწმუნებული ვიყავი მათში იმას ვერ დაინახავდა, რაც მე დავინახე მის თვალებში, მაგრამ მაინც. ერთადერთი, რაც შესაძლოა ჩემ თვალებში დაენახა, ალბათ სიკვდილი იყო.
_ფიქრობდი? უცნაური ვინმე ხარ... ეგ ლინზები კიდევ უფრო უცნაურს გხდის...-გულახდილად მითხრა.
_რომელი ლინზები?
_კონტაქტური ლინზები,-გაეღიმა ჩემ მიუხვედრელობაზე.-შენ ხომ ლინზებს ატარებ? ახლა თაფლისფერი თვალები გაქვს, გუშინ გაკვეთილზე კი კუნაპეტი ღამესავით შავი თვალები გქონდა...
_აა... ჰო... ლინზები...-ფეხზე წამოვდექი. წარმოდგენაც არ მინდოდა, რას იზამდა, უცებ რომ მომწყურებოდა და თვალის ფერი შემცვლოდა.
_საით?-ისიც წამოდგა.
_უნდა წავიდე.
_ცოტა ხანს ვისაუბროთ.
_არა, უნდა წავიდე.
_კარგი, მაშინ ხვალ ისევ ამ დროს დაგელოდები აქ.
_რა?-გამაკვირვა მისმა წინადადებამ.-არა...არა... რა სისულელეა! პაემანი სასაფლაოზე?-თითქოს ჩემთავს ვკითხე. გაეცინა.
_თუ გინდა სხვაგან შევხვდეთ.
_ედვარდ...-რაც შემეძლო თბილი ხმით ვუთხარი. მომეჩვენა თუ ჟრუანტელმა დაუარა?
_პირველად მომმართე სახელით...-თბილი ხმით აღნიშნა. ყურადღება არ მივაქციე.
_მე შენთან შეხვედრებს არ ვაპირებ. ფორქსში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ვინმე აქაური ბიჭი დავითრიო. სიყვარულობანასთვის არ ვარ დაბადებული. არც ის მიყვარს თავს რომ მაბეზრებენ, ამიტომ გთხოვ, ჩემგან თავი შორს დაიჭირო, კარგი? -პასუხს არ დავლოდებივარ, შევბრუნდი და ჩქარი ნაბიჯით წავედი. ზურგს მისი გაოცებული მზერა მიწვავდა. მისთვის იმის ახსნა არ ღირდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ის ფაქტი მომიახლოვდებოდა თუ არა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მისთვისვე სასიკეთოდ ვუთხარი და პირველ რიგში მის ინტერესებში შედიოდა ის, რომ თავი ჩემგან შორს დაეჭირა, აღარ გამკარებოდა, აღარ დამლაპარაკებოდა, აღარც მომსალმებოდა და საერთოდ დაევიწყებინა რომ ვარსებობ. სადღაც გულთან ტკივილისდამაგვარი ვიგრძენი.
ჩემს ოთახში უფარდო ფანჯარასთან ვიდექი. მწყუროდა. შემეძლო სანადიროდ წავსულიყავი, მაგრამ მინდოდა ესმის დავლოდებოდი და გამეგო რა ბედი ეწია ჩემს მიერ გადარჩენილ მასწავლებელს. კარი უხმაუროდ გაიღო და სახლში ესმი შემოვიდა, სუნით მივხვდი.
_როუზ, ბელა! სისხლი მოვიტანე! არ გწყურიათ? -წაიღიღინა ჩვეულებრივი ხმით. ადამიანი მელოდიასაც ვერ გაარჩევდა, მაგრამ ჩვენ სიტყვებიც გავიგონეთ.
_მადლობთ, უკვე მივირთვი.-წაიბუზღუნა როზალიმ.
_აი, მე კი სიამოვნებით დავლევდი!-ვუპასუხე და წამში სამზარეულოში გავჩნდი. ესმი ასეთ რაღაცეებს ვერ იტანდა, ცდილობდა თვითონაც და ჩვენც ადამიანის ცხოვრებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ცხოვრების სტილი გვქონოდა. ამიტომ ჩემს არაბუნებრივად სწრაფი გადაადგილების გამო გაჯავრებული მშობლის გამომეტყველებით შემომხედა. მე დამნაშავესავით გავუღიმე. ნელი ნაბიჯით მივედი კარადასთან და ორი ჭიქა გამოვიღე. მან ბოთლი ამოიღო და ჩემს გაწვდილ ჭიქებში ჩამოასხა. ერთი მას გავუწოდე, მეორიდან მე მოვსვი. ირმის ცხელი სისხლი იყო. ესმი უფრო კომფორტულად მიიჩნევდა სისხლის ასე მიღებას, ხოლო როცა მე და როზალი ტყეში მოკლული ცხოველისგან იქვე ვიკმაყოფილებდით წყურვილს, ველურებს გვეძახდა.
_მისტერ მეისონი როგორაა? გადარჩა?-ვკითხე ფრთხილად. დიდი იმედი მქონდა პასუხი დადებითი იქნებოდა. ამ ადამიანის პიროვნებით ნამდვილად არ ვიყავი აღფრთოვანებული, არც მის გაკვეთილზე დასწრების სურვილი მკლავდა, უბრალოდ არ მინდოდა ჩემს მცდელობას ფუჭად ჩაევლო.
_გადარჩა. რამდენიმე დღე სტაციონარში მოუწევს დარჩენა. რამდენიმე კვირაში დაბრუნდება სკოლაში.
_ასე კონკრეტულად საიდან? შენ ხომ კარდიოლოგი არა ხარ!
_ჩემი მეგობარია კარდიოლოგი. კარლაილ კალენი!
_ოჰო! ახალი მეგობარიც შეიძინე?-სხვა თვალით შევათვალიერე ესმი.-მოიცა, კალენი?
_ჰო.
_მისი შვილი, ედვარდი, ჩემთან ესწრება რამდენიმე საგანს.
_თუ შვილიც ისეთივე სასიამოვნო ადამიანია, როგორც მამა, მაშინ ძალიან გაგიმართლა.
_მმ... არამგონია.-ჩავიბურტყუნე და სისხლიან ჭიქაში ჩავრგე თავი.
_ასეა თუ ისე, დღეს ძალიან კარგად მოიქეცი! ყოჩაღ, ბელა სვონ! შენით ვამაყობ! -მითხრა ესმიმ თბილად.
_ჩემით არ ამაყობ? დღეს არცერთი ადამიანისთვის არ მომიგრეხია კისერი.-მოგვესმა ზემოდან როზალის ბუზღუნი.
_რა თქმა უნდა, შენითაც ვამაყობ! მაგრამ უფრო მეტად ვიამაყებდი იმ ბიჭისთვის ბეისბოლის კეტი რომ არ მოგექნია!
_რომელი ბიჭისთვის??-თვალები დავჭყიტე.
_ხელებს მიფათურებდა!-თავი იმართლა როზალიმ.-კეტის მოქნევას ჯობდა მეკბინა?
_არა, არა, რა თქმა უნდა არ ჯობდა! -ესმიმ შეშფოთებულმა უარყო, მშვენივრად უწყოდა როზალის გულფიცხი ხასიათის ამბავი. მერე ისევ თბილი მზერით შემომხედა. მე თავი დავუქნიე მადლიერების ნიშნად და ჭიქიდან ბოლო ყლუპი მოვსვი.
_ავალ, დავწვები.-ვუთხარი და ჭიქა დავდგი. თავი დამიქნია. ადამიანური სიჩქარით გამოვედი სამზარეულოდან, კიბემდე მივედი თუ არა (სადაც ესმი ვეღარ დამინახავდა), ჩვეული სიჩქარით გავჩნდი ჩემს ოთახში.
დამატებულია (2010-11-10, 7:55 PM)
---------------------------------------------
ასეთი ბარაქიანი თავი დაგახვედრეთ ლოდინის სანაცვლოდ