მე ვიპოვე ჩემი დარაჯი
|
|
bella-vampire | თარიღი: ოთხშაბათი, 2012-06-20, 5:33 PM | შეტყობინება # 61 |
842
Offline
| IV თავი
ალბათ გაშტერებული შევყურებდი მას, რადგან ლილემ იდაყვი გამკრა. თან ისე, რომ მაშინვე გამოვფხიზლდი და დაფეთებულმა შევხედე. - ნუ უყურებ ეგეთი სახით, - თვალები დამიბრიალა. - რა არის, მართლა მთვარეა ეს დებილი? - თავისთვის ჩაიბუტბუტა. მის რეაქციაზე გამეცინა და ცალი თვალი ლაშასკენ გავაპარე. მინდოდა სიცილი უჩუმრად გამომსვლოდა, მაგრამ არ გამომივიდა, მანაც სწორედ იმ მომენტში შემომხედა და ჩვენი თვალები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მზერა მაშინვე მოვაცილე, მაგრამ ისიც კარგად დავაფიქსირე, რომ რაღაც უცნაურად ჩაიღიმა. ესე იგი მიცნო. საჭმლის ჭამა გავაგრძელე, თან ლილუს დავუწყე რაღაც სისულელეებზე საუბარი, რომ ყურადღება გადამეტანა. - არ გაიხედო, ის გადარეული მოდის, - დაიჩურჩულა ლილუმ და მაშინვე დავიძაბე. თვალებით თეფშს მივაშტერდი, ზემოთ ახედვას ვერიდებოდი, თუმცა ძალიან მინდოდა. - ამას ვის ვხედავ, გადარეული, - გაიცინა, მე კი ზუსტად ამ დროს შევხედე. ისეთი საყვარელი სიცილი ჰქონდა... - მთვარის ქურდი, - ბავშვივით ენა გამოვუყავი. ლილემ თავი გაიქნია, მერე ეშმაკურად ჩაიცინა და ლაშას პირდაპირ თვალებში შეხედა. - გამარჯობა, მე ლილუ ვარ-ანას საუკეთესო მეგობარი. შენ კი ალბათ ლაშა ხარ, მე რომ ვერ ვიტან იმ რაღაცის დარაჯი, ჰო? - დაიქოქა ლილუ. ვიცოდი, ლაშას გაგიჟება და მისი ასე თავიდან მოშორება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ ამჯერად არაფერი გამოუვიდოდა. მართალია ლაშას კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყველასგან განსხვავებული იყო. თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ის მთვარის დარაჯი იყო... არა, მე ნამდვილად გავგიჟდი, ცუდად მოქმედებს ჩემზე ეს ადამიანი! - მოდი გეტყვი, რომ იმ “რაღაცას” როგორც შენ ეძახი, მთვარე ჰქვია. და სულაც არ არის აუცილებელი ყველას უყვარდეს, - ცალი თვალით მე შემომხედა და გამიღიმა. მინდოდა საპასუხოდ მეც გამეღიმა, მაგრამ სახე უცბად მომეღუშა. ის დავინახე, რისი დანახვაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა, კაფეში ჩემი წარსული-ბექა შემოვიდა. ჰო, უკვე წარსული! ორი წელი მასთან უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში გაქრა, აორთქლდა. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი მასთან იდეალური ურთიერთობა ამეწყო, მაგრამ ბექამ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ისე დაანგრია, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. არ მინდოდა შემემჩნია, რომ მისი გამოჩენა სადღაც გულის სიღრმეში მაინც მტკიოდა, საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში. მჯეროდა, საკმარისად ძლიერი ვიყავი იმისათვის, რომ ეს ტკივილი დამევიწყებინა, დამეძლია. მაგრამ გულხელდაკრეფილი მაინც ვერ ვიჯდებოდი. ჩემი ერთ-ერთი ცუდი თვისება ისაა, რომ ადამიანების გამწარება ძალიან მიყვარს. ვცდილობ ამით ჩემი ტკივილი გადავფარო, გამომდის კიდეც. სწორედ ახლა მინდოდა, რომ ბექას სხვასთან შევემჩნიე. ეგრძნო, რომ მეც ისევე აღარ ვიყავი მისი, როგორც ის ჩემი. კარგად უნდა გაერკვია, რა დაკარგა ჩემი სახით. ამისთვის კი საუკეთესო ვარიანტი ლაშა იყო, რომელიც უკვე ჩემს წინ იჯდა და მიღიმოდა. შეუმჩნევლად მობილური ავიღე და ლილუს მივწერე შეტყობინება: ,,კაფეში ბექაა, წადი და მე და ლაშა მარტო დაგვტოვე.” ვიცოდი, გაგიჟდებოდა როცა ამას ნახავდა, მაგრამ მე ახლა ბექას გაგიჟება უფრო მანაღვლებდა, ვიდრე ლილუსი. როგორც კი შეტყობინება წაიკითხა, თვალები გაუფართოვდა და ისე შემომხედა, როგორც გიჟს. მაგრამ შემდეგ ბექასკენ გაიხედა და ალბათ აზრი შეეცვალა. კმაყოფილი სახით შემომხედა და თვალი ჩამიკრა. - უკაცრავად, მე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, უნდა წავიდე,-ჩანთა აიღო და წამოდგა. დამშვიდობებისას ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. ლაშას გვერდით რომ ჩაუარა, ცოტა დაიხარა და პირდაპირ თვალებში ჩახედა. - იცოდე, ჩემს ანას კარგად მოექეცი, თორემ ვერ გადამირჩები! ის შენი მთვარე თუ რაღაც ვერ გიშველის, - თვალები დაუბრიალა, შემდეგ წელში გასწორდა, მე შემომხედა და გასასვლელისკენ წავიდა. ლაშა ერთი წუთი გაშტერებული იყურებოდა, მერე კი სიცილი ატეხა, თავი ვერ შევიკავე და მეც მას ავყევი. - მაგარი დაქალი გყავს, - გაეცინა. - ვიცი, - თვალები დავუბრიალე და ბექასკენ გავაპარე თვალი, რომელმაც უკვე შეგვამჩნია მე და ლაშა. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნამდვილად არ ესიამოვნა. ყოველთვის მესაკუთრე იყო. ახლაც მხოლოდ იმიტომ გაბრაზდა, რომ ასე მალე სხვა კაცთან დამინახა. ჩვენ ხომ მხოლოდ გუშინ გავწყვიტეთ ერთმანეთთან ყველანაირი კავშირი, მე კი უკვე სხვა კაცთან ვიყავი. - ის ვინ არის? - უეცრად მკითხა ლაშამ და თვალით ბექასკენ მინიშნა. - არავინ, - უცებ მოვატყუე. აშკარად არ დაიჯერა, ცალი წარბი აწია და გამომცდელად შემომხედა. ამოვიოხრე, პასუხის გაცემა მომიწევდა. - ჩემი ყოფილი შეყვარებულია, ერთად 2 წელი ვიყავით. მეტს არაფერს გეტყვი, - გავაფრთხილე. - გიყვარს? - რაღაცნაირად, სევდიანი ხმით მკითხა. პასუხზე დავფიქრდი... ბექასთან ორი წელი ვიყავი, ესე იგი მიყვარდა... საერთოდ, ნამდვილი სიყვარულით არავინ მყვარებია. ბევრი შეყვარებული მყავდა. ბექა კი ერთადერთი იყო, რომელთანაც ორი წელი გავძელი, ეს კი ჩემთვის ნამდვილად დიდი ხანი იყო. ბექამ შეძლო ჩემი თავისთან დაკავება, მაგრამ უცბად მოშორებაც შესძლო... - მიყვარდა, - მაინც ვუპასუხე. - მას? - ეს თვითონ მას უნდა ჰკითხო. როცა ქალს შორდები, ესე იგი არ გიყვარს, არა? ანუ არ ვუყვარდი, - გავუღიმე. - გუშინ ამიტომ იყავი ცუდად, - დაასკვნა, მე კი უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. - ნუ მეწინააღმდეგები! გაგიკვირდება, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია გიცნობ, ამიტომ ჩემს მოტყუებას ნუ შეეცდები. - არც ვცდილობ, - ისევ გავაქნიე თავი. - შენ საკმარისად კარგად არ მიცნობ იმისთვის, რომ ჩემი ხასიათი ამოიცნო, ეს ძალიან ძნელია. ქვეყანაზე მხოლოდ სამი ადამიანი არსებობს ვისაც ეს შეუძლია. ჩათვალე, ეს განსაკუთრებული ნიჭია, - ჩემს ბოლო სიტყვებზე მე თვითონ გამეცინა. - ჩავთვლი, რომ ამ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ვარ, - თვალი ჩამიკრა. გამეცინა და თავი გავაქნიე, ამ თემაზე მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. - ჯიუტი ხარ. - დიახ, - დამეთანხმა. - ჰოდა მე შენზე ჯიუტი ვარ, - ენა გამოვუყავი. ჩემს ბავშვობაზე მან სიცილი ატეხა, მე კი ისეთი სახე მივიღე, თითქოს მეწყინა და ტუჩები გავბუსხე. ლაშამ ძალიან თბილად გამიღიმა, თავისი სკამიდან ადგა და ჩემს გვერდით გადმოჯდა. - არ არის აუცილებელი, - გავუღიმე და ბექასკენ გავიხედე. - მისი დაბრუნების იმედი გაქვს? - არა! - მაშინვე ვუპასუხე, თან ცოტა ხმამაღლაც მომივიდა, რადგან ბექამ ჩვენკენ გამოაპარა თვალი. - რომ იცოდე, არაფერი ძველი არ მიყვარს, წრეზე არ დავდივარ და ძველ შეყვარებულებს არ ვუბრუნდები! - გავითვალისწინებ. ლაშა ყველანაირად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, მხიარული, კომუნიკაბელური... პირველი შთაბეჭდილება სრულიად შემეცვალა. მეგონა ერთი გადარეული ადამიანი იყო, რომელსაც ფანატიკურად უყვარს მთვარე და ამაზე სრულიად უცხო გამვლელებს ესაუბრება. უცნაური მართლაცაა. მიმტკიცებს, რომ უკვე კარგად მიცნობს, არადა მხოლოდ ნახევარ საათზე მეტია რაც კაფეში ვსხედვართ და ვსაუბრობთ. მასთან ყოფნა მსიამოვნებს... თანდათან მეზობელ მაგიდასთან მჯდომ ბექასაც აღარ ვაქცევ ყურადღებას და მთლიანად ლაშაზე ვერთვები, თვალებში ვუყურებ და ვცდილობ მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ გამომრჩეს. ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი რაღაც საოცრად მიზიდავს, უცნაური შეგრძნება მაქვს. ლაშასი არ იყოს, თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ ისე ვარ. კაფეში ერთ ადგილას ჯდომა მომბეზრდა, ამიტომ გადავწყვიტეთ სასეირნოდ წავსულიყავით. არ მინდოდა ლაშასთან დაშორება, არც მას... მთელი დღე ისე ვისეირნეთ ქალაქში, რომ დაგვიღამდა. უკვე ღამის ათი საათი იყო, მე კი მასთან ერთად დაღლილობასაც ვერ ვგრძნობდი, არადა ამდენი სიარულით ფეხები ნამდვილად უნდა მტკიოდეს. ბოლოს, როგორც იქნა, პარკში სკამზე დავსხედით, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დაღლილობა და ის, რომ ფეხები საშინლად მტკიოდა. მაღალქუსლიანებით მთელი ქალაქის შემოვლა არ ყოფილა თურმე იოლი. მთელ სხეულში დაღლილობას ვგრძნობდი, ძალა საერთოდ აღარ მქონდა. ჩემს გვერდით მჯდომ ლაშას გავხედე, რომელსაც სულაც არ ეტყობოდა, რომ მთელი დღე ფეხით იარა, არხეინად გამოიყურებოდა. - დავიჯერო საერთოდ არ დაიღალე? - თვალებმოჭუტულმა ვკითხე. - სულ ცოტა, - აღიარა. თვალები დავხუჭე და მთლიანად მოვეშვი. თავი უკან გადავწიე, რომ სკამზე დამედო, მაგრამ ისეთი მაგარი იყო მაშინვე შევეშვი. ჩემს წვალებაზე ლაშას გაეცინა, ჩემთან უფრო ახლოს მოიწია და თავის მის მხარზე დამადებინა. - ასე ჯობია, - თქვა მან, გულში კი მეც დავეთანხმე. ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით, ღამეს ვუსმენდით... საერთოდ არ მიყვარს სიჩუმე, მაღიზიანებს ხოლმე. თუმცა გააჩნია ადამიანს, ცხოვრებაში მხოლოდ ორ ადამიანთან ერთად არ მაღიზიანებდა სიჩუმე. მივხვდი, რომ ახლა უკვე სამ ადამიანთან ერთად აღარ შემაწუხებდა, ლაშასთან ერთად დუმილიც კი სასიამოვნო იყო. ბექასთან ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია, არც ხშირად ვსაუბრობდით. ან თუ “ვსაუბრობდით,” მე ვლაპარაკობდი, ის კი მისმენდა, ან არ მისმენდა... ლაშა კი სულ სხვა იყო, ყველანაირად დადებითი პიროვნება... დღეს მთელი დღეა, ლაშას და ბექას ერთმანეთს ვადარებ, ეს კი არ მსიამოვნებს, თითქოს დამნაშავედ ვგრძნობ თავს. მათი შედარება არც კი შეიძლება, სრულიად განსხვავებულები არიან. - ანი, შეხედე რა ლამაზია, - ხელით მთვარეზე მანიშნა. ზემოთ ავიხედე და მართლაც საოცრად ლამაზი, სავსე მთვარე დავინახე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, ამ დროს იყო ულამაზესი. - ახლა არ თქვა, ჩემი დარაჯია მთვარეო, თუ მე ვარ მთვარის დარაჯიო, თორემ გავბრაზდები! - გავაფრთხილე. - მე სიმართლე გითხარი, - მხრები აიჩეჩა. - აუ! - მგონი სულ დაავიწყდა, რომ მის მხარზე მედო თავი. საპასუხოდ ხელი ვკარი მეორე მხარზე. - ბოდიში. - იცი, ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი საკუთარი დარაჯი მყოლოდა.. მცველი, რომელიც დამიცავდა. მაგრძნობინებდა, რომ მარტო არ ვარ, მომისმენდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, თანაც არ გამკიცხავდა ჩემი შეცდომების გამო. ასეთი ადამიანებში ვერ ვიპოვე, ამიტომ მთვარე ავირჩიე ჩემს დარაჯად და მეგზურად, - ვუთხარი დუმილის შემდეგ. - მთვარე ყოველთვის ვერ იქნება შენთან, ადამიანიც გჭირდება, - შემეწინააღმდეგა. - მჭირდებოდა, - შევუსწორე. - მითხარი, მთვარე ჩაგეხუტება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება სითბო, განუგეშებს მაშინ, როცა დამშვიდება გჭირდება? მას შეუძლია მოგცეს შენთვის ხანდახან ასე საჭირო რჩევა? მთვარე მოგისმენს, მაგრამ პასუხს ვერ გაგცემს, ის ხომ გაყინული სხეულია, მისგან სითბოს ვერ მიიღებ. ვერ ჩაგეხუტება ისე, როგორც ეს საყვარელ ადამიანს შეუძლია, ვერ გაგათბობს. თანაც, მთვარე ხომ ყოველთვის შენთან არაა. ის მხოლოდ ღამე გამოჩნდება, როცა ყველას სძინავს. დღე კი მშიშარასავით იმალება, რომ ხალხმა არ შეაწუხოს. რაც არ უნდა გიჭირდეს, მოდი ვაღიაროთ, რომ მთვარე მოღალატეა. თვალები ამიცრემლიანდა, გული მტკივნეულად შემეკუმშა და თითები გამეყინა. ლაშამ ბოლო იმედიც გადამიწურა... - მაგრამ ის ყოველთვის იქნება ჩემი მესაიდუმლე! - მაინც არ ვთმობდი. - მას მხოლოდ მოსმენა შეუძლია. შენ მოგწონს მთვარე იმიტომ, რომ ის არ გსაყვედურობს, შენთვის მწარე სიმართლეს არ გეუბნება. მივხვდი, რომ ლაშა მართალი იყო, როცა მეუბნებოდა ძალიან კარგად გიცნობო. მან არ იცოდა ჩემი წარსულის შესახებ, ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მნიშვნელოვანი იცოდა ჩემზე. ის ჩემს სულიერ სამყაროს ჩაწვდა და გაითავისა ისე, რომ მე არც კი შემეკითხა, დაუკითხავად ჩასახლდა იქ და დაიკავა ადგილი, თანაც მნიშვნელოვანი ადგილი! - მაშინ გამოდის, რომ მე დავკარგე მთვარე, ჩემი დარაჯი... - არა არ დაგიკარგავს, იმიტომ რომ არც არასდროს გიპოვნია. - ესე იგი ძებნა უნდა გავაგრძელო, - ვთქვი იმედგაცრუებულმა. - შეიძლება ის უკვე შენთანაა, - თავი ფრთხილად ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. მისი თბილი ხელებით კი სახეზე მეფერებოდა და ცხელ ცრემლებს მწმენდა, რომლებიც დაუკითხავად მოდიოდნენ ჩემს ცივ ლოყებზე. მის უძირო თვალებში ჩავხედე და ვეღარ მოვითმინე, ჩემი ხელები მის სახეს შეეხო და მე თვალები თავისით დამეხუჭა, მისმა ტუჩებმა კი თავისით იპოვეს ჩემი...
| |
|
|
|
|
|
bella-vampire | თარიღი: ხუთშაბათი, 2012-06-21, 1:57 PM | შეტყობინება # 65 |
842
Offline
| V თავი
თითქმის ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. ჩვეულ-არაჩვეულებრივ რიტმში... მე და ლაშა ერთად ვიყავით. არ გვქონდა რაღაც ‘სტატუსი’ უბრალოდ ვყავდით ერთმანეთს, ვავსებდით ერთმანეთს... უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, მე კი ისევ ვეძებ ჩემს დარაჯს, ჯერაც ვერ მიპოვნია. ლაშასთან თავს დაცულად ვგრძნობ, მშვიდად. ადამიანების მიმართ სითბოს გამოხატვას გადავეჩვიე, ლაშა კი ამას თავიდან მასწავლის. ვცდილობ მასში დავინახო მთელი ჩემი ბედნიერება, მგონი გამომდის კიდეც... საერთოდ არ მჩვევია წარსულის ჩაბღაუჭება. რაც არ უნდა ძნელი იყოს ჩემთვის, მე მას მაინც ვუშვებ. არ მინდა მოგონებებით ვიცხოვრო. თუმცა ხანდახან მოგონებები ამოტივტივდებიან ხოლმე ზედაპირზე, თავს არ მანებებენ და მაიძულებენ გავიხსენო ის, რისი გახსენებაც ყველაზე ნაკლებად მინდა. სწორედ ასე ვიყავი დღესაც-ბექა ამეკვიატა. მასზე ფიქრს ყოველთვის ვარიდებდი თავს, არც მაწუხებდნებ ეს უაზრო ფიქრები. მე ხომ ლაშა მყავდა, რომელიც თითქმის გავხადე ჩემს დარაჯად. არა, უფრო სწორად ის თავისით ხდებოდა ჩემი დარაჯი, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, მე კი ნელ-ნელა შევძელი მისი ამოცნობა, ეს კი მიხაროდა. თუმცა სადღაც, ღრმად მაინც მქონდა იმის შიში, რომ ეს ყველაფერი არ დამთავრებულიყო, გამქრალიყო ლამაზი სიზმარივით. მე კი არ მჩვევია სიზმრების გაგრძელება, ყოველთვის თვალებს ვახელ და იქ წერტილს ვსვამ. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ ბექას გაშვება მიჭირდა, მას ისევ ეკევა რაღაც ადგილი ჩემში. არ ვიცი რა იყო მასში ასეთი, მაგრამ უბრალოდ მისი დათმობა არ მინდოდა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი მან მიმატოვა. მინდოდა ახლა მე მიმეტოვებინა ის, იქამდე კი მეთამაშა მისით ისე, როგორც ის თამაშობდა ჩემით მთელი ორი წელი. მინდოდა, მაგრამ მეშინოდა... ლაშამ კარგად იცოდა ჩემი არეული ხასიათის შესახებ, ცდილობდა დაელაგებინა, მაგრამ მე ისევ თავიდან ვურევდი ყველაფერს, ისე რომ ბოლოს მე თვითონაც აღარ გამომდიოდა დალაგება. არ მინდოდა ზღაპარი, რომელიც ლაშასთან ერთად მქონდა, ჩემით დასრულებულიყო. ბექას აკვიატება ცუდად მენიშნებოდა, ვიცოდი ერთი არასწორი ნაბიჯი და სულ, ძალიან დიდი ხნით ავირეოდი. ზღაპარი დამთავრდებოდა, ჩემს დარაჯს კი ვეღარასოდეს ვიპოვიდი. წვიმიანი დღე იყო, სიცივე ძვლებში ატანდა და საბოლოოდ სულსაც ყინავდა, ახლა ისევ არეული ვიყავი.. სიცივის მიუხედავად, მე მაინც ძალიან თხლად მეცვა, ზაფხულის მოკლე კაბა, მოსაცმელი კი მხოლოდ ვიზუალურობისთვის მქონდა, სულაც არ მათბობდა. ტროტუარზე, გზასთან ძალიან ახლოს დავდექი და ჩემს წინ დიდ, თეთრ შენობას გავხედე. ყოველ დილით ამ შენობას ვუყურებ, შემდეგ ერთს ამოვიხვნეშავ და შიგნით შევდივარ, ეს ჩემი სამსახურია. შუქნიშანზე მწვანეს ანთებას არც დაველოდე, პირდაპირ გადავედი, თანაც სულ პირდაპირ ვიხედებოდი, გვერდზე არც კი გამიხედავს. ახლა შენობასთან უფრო ახლოს ვიდექი, თვალში კი ის მომხვდა, რაც უკვე ერთი თვეა აღარსად შემიმჩნევია... ბექა მანქანაზე მიყუდებული იდგა და სიგარეტს ეწეოდა, თან პირდაპირ მე მიყურებდა, თვალებით მიწვევდა... გულში რაღაც უცნაური ვიგრძენი, უეცრად მომინდა მეყვირა, დავცლილიყავი იმ ემოციებისაგან, რომლებიც ჩემში ბექას გამოჩენამ გამოიწვია. სადღაც ღრმად, გამიხარდა კიდეც, რომ გავახსენდი, მითუმეტეს ამ ადგილას. ორი წლის განმავლობაში ყოველ დღე, დილაობით აქ მხვდებოდა ხოლმე, მისი ნახვით ყველანაირი ემოციით შევივსებოდი და ისე ვიწყებდი დღეს. საღამოს კი ისევ მომაკითხავდა. მთელი დღის დაღლილი მაინც ვახერხებდი მისთვის მხიარულად გამეღიმა. თუმცა ახლა არ გამიღიმია, ერთ ადგილას დავდექი და დაველოდე როდის მოვიდოდა ჩემთან, მასაც არ დაუყოვნებია, რამდენიმე წამში ჩემს წინ გაჩნდა. - ცივა, შენ კი ისევ თხლად გაცვია, - ჩაიღიმა და სიგარეტის ბოლი პირდაპირ სახეში შემომაბოლა. არ მესიამოვნა და დავიჭყანე, მას ჩაეცინა. - შენ ხომ ყოველთვის გიყვარდა სიგარეტის ბოლი, მითუმეტეს ასეთ ამინდში, მათბობსო ამბობდი, - ცდილობდა ძველი დრო გაეხსენებინა ჩემთვის, ისედაც მახსოვდა... - შენ კი ვერ იტანდი, როცა ასე აკეთებდნენ, - მის სახესთან ძალიან ახლოს დავდექი, სიგარეტი თითებიდან გამოვაცალე და მოწევა დავიწყე, ბოლო კი პირდაპირ სახეში შევაბოლე. - ჰმ..გმადლობთ, - გამიღიმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. ჩემს თითებში მომწყვდეული სიგარეტი შევათვალიერე, პირთან ახლოს მივიტანე და დავსუნე. უცნაურია, მაგრამ სიგარეტის სუნი ყოველთვის მხიბლავდა, მხოლოდ ამიტომ ვეწეოდი, ისიც ძალიან იშვიათად. მიწაზე დავაგდე და ფეხით გავსრისე, თუმცა ვინანე, კიდევ ერთი ღერი მომინდა... ხანდახან ასეც ხდება, უაზროდ მინდება სიგარეტის მოწევა, მაშინ თავს ვერ ვიკავებ და შემიძლია მთლიანი შეკვრა ნახევარ საათში გავათავო. - შენ კიდევ გექნება ერთი ღერი ჩემთვის, - გავუღიმე. - რა თქმა უნდა, - ჯიბიდან ამოიღო, ჩემს სახესთან ძალიან ახლოს დადგა და სანთებელა მოუკიდა. - გმადლობ, - ამ ჯერად მისთვის სახეში აღარ შემიბოლებია, სახე ოდნავ გვერდით გავწიე. - ჩემი წასვლის დროა, - სიგარეტი გავუწოდე, მან კი დაბნეული სახით გამომხედა და გამომართვა. - სად მიდიხარ?! - სამსახურში, - გავუცინე და თვალი ჩავუკარი. გვერდით ჩავუარე და შენობისკენ წავედი, მაგრამ ხელი დამიჭირა და მისკენ შემატრიალა. - და მერე ვინ გიშვებს? - თუ არ გახსოვს, შეგახსენებ-შენ უკვე დიდი ხანია რაც გამიშვი, - ხელი უხეშად გავაშვებინე, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და მას შევხედე. ძალიან ჩვეულებრივად მიყურებდა, თითქოს მისთვის არც არაფერს წარმოვადგენდი. ვხვდებოდი, ეს ასეც იყო. აქ კი მხოლოდ იმისთვის მოვიდა, რომ ვერ იტანს როცა მე სხვასთან ვარ, ხვდებოდა რომ მე უკვე მას აღარ ვეკუთვნოდი. მომეჩვენა, თითქოს მის თვალებში სევდის ნაპერწყალმა გაიელვა, მაგრამ მაშინვე ნიღაბი აიკრა სახეზე. ვერ იტანდა, როცა სხვები მის სისუსტეს ხედავდნენ. - მაგრამ შენ ვერ მიშვებ, - ეშმაკურად ჩაიცინა, მე კი ამან გამამწარა. ყველაფერს მიხვდა... ორი წლის განმავლობაში კარგად გამიცნო, თავიდან ბოლომდე შემისწავლა და კარგად ხვდებოდა, როდის რას ვფიქრობდი. ახლაც, მან ჩემი ფიქრები წაიკითხა, რომლების თავიდან ამოგდებასაც მე ასე ვცდილობდი. - ძალიან ცდები, - თავი გავაქნიე. - შენ კარგად იცი, რომ წარსულს ყოველთვის ვუშვებ, არ ვებღაუჭები მას. არც შენს დაკავებას ვაპირებ. შენ შენით წახვედი, მე კი თავისუფლად გაგიშვი. - მე შევძელი შენი დაკავება, ახლაც შევძლებ! - ახლოს მოვიდა და სახეზე ხელები დამაჭირა. თვალები დავუბრიალე, მაგრამ მას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ისეთი თვალებით მიყურებდა, შეწინააღმდეგება ვეღარ გავბედე. ცხოვრებაში პირველად უღონოდ ჩამოვუშვი ხელები და დავემორჩილე კაცს. თუმცა ის არ იყო ერთი ჩვეულებრივი კაცი, ის ბექა იყო! ჩემი ბექა... ყველაზე მეტად არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩემში იყო. მას ეკავა ადგილი, რომლის გაქრობასაც ასე ადვილად ვერ მოვახერხებდი, ამის უფლებას თვითონ არ მაძლევდა, არც მე ვიწუხებდი დიდად თავს... ის არ გაქრებოდა ჩემიდან, სანამ მე არ მოვისურვებდი ამას, მე კი ვგრძნობდი, რომ ახლა ამის ძალა არ შემწევდა, უბრალოდ ბექა მინდოდა... ვაღიარე..! ისე ცუდად ვიყავი, თვალებიც კი ამიცრემლიანდა, ტირილი მინდოდა! შიგნით ღრმად, რაღაც ჩამწყდა რომ წარმოვიდგინე, რას იგრძნობდა ლაშა, როცა გაიგებდა რაც გავაკეთე. ყველაზე მეტად არ მინდოდა მას ჩემს გამო ტკენოდა გული, მასთან ერთად მეც მეტკინებოდა. ვგრძნობდი, რომ მას ნამდვილად ვუყვარდი, მას შეეძლო გამხდარიყო ჩემი დარაჯი და საბოლოოდ შეეცვალა ჩემთვის მთვარე! მაგრამ მე უნდა მიმეცა ამის უფლება, მე უნდა გამეხსნა მისთვის გზა, რომელიც უკვე ნახევრად იყო გახსნილი, მაგრამ იმ საქციელის შემდეგ რასაც ახლა ვაკეთებდი, გზა ჩემამდე ლაშასთვის ისევ დაიკეტებოდა, თავიდან გახსნა კი ძნელი იქნებოდა. მინდოდა ლაშასთან მეგრძნო ის, რასაც ბექასთან ვგრძნობდი. ეს რაღაც ამოუცნობი გრძნობა იყო, სახელს ვერ ვუძებნიდი. თუმცა ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს არ იყო სიყვარული! ამაში ლაშამ დამარწმუნა საბოლოოდ. მან მასწავლა სიყვარულის შეგრძნება, როგორია იყო ვიღაცისთვის ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი სუნთქვის წყარო. მე კი ამ ადამიანისთვის უნდა მეღალატა, წამერთმია მისთვის სუნთქვა, რომლითაც არსებობდა. ლაშასთვის ჩემი თავი უნდა წამერთმია. ამის გაფიქრებისას თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, სულიერი ტკივილისგან მუცელში პეპლები აცეკვდნენ... მაგრამ როგორც კი ბექას ჩავხედე თვალებში, ეს ყველაფერი უეცრად გაქრა, თუმცა კვალი მაინც დატოვა! არ ვიყავი ჩემს თავში საკმარისად დარწმუნებული, თუმცა ამის გაკეთებას მაინც ვაპირებდი! მე ხომ ყოველთვის არანორმალურად ვიქცევი, სულ არეული ვარ. ახლა კი ბექას გამოჩენამ უფრო ამრია, ისე რომ მგონი დიდი ხანი ვეღარ დავლაგდები. ბექამ მისი ხელებით სახეზე ფერება დამიწყო, ისე ახლოს იყო რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. მისი ჰაერი-ჩემი ჰაერი იყო, ჩემი საყვარელი სიგარეტის სუნით გაჟღენთილი. ბექა მაბრუებდა, თავს მაკარგვინებდა... ვეღარ გავუძელი და სახეზე ხელები მოვკიდე, თვალებში ჩავხედე, შემდეგ მის ტუჩებს მივაპყარი ჩემი მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობდა... უკვე ვეღარაფერს ვფიქრობდი, ბექას ასე ახლოს ყოფნამ ტვინი გამითიშა, აზროვნების უნარი დამაკარგვინა. მის ტუჩებს ისე დავეწაფე, გონება საერთოდ გათიშული მქონდა. ვერ ვიტყვი გულით ვმოქმდებდი-მეთქი, არ ვიცოდი ბექას ჩემში რა ადგილი ეკავა, თუმცა ფაქტი იყო რომ ის ჩემთვის სულერთი არ იყო, უსაზღვროდ მიზიდავდა, ამდენი ხნის შემდეგ მას მიანც შეეძლო გაეკეთებინა ეს. ბექა ერთადერთი კაცია, რომელმაც შეძლო და შეინარჩუნა ჩემი თავი, არ მომცა წასვლის უფლება. თუმცა ბოლოს ის თვითონ წავიდა, მე კი დამტოვა. ახლა არ ვიცი რისთვის მოვიდა, თუმცა მთავარია რომ მოვიდა! ეს თვითონ გააკეთა, მე არ მომიწია მასთან მისვლა, ამას არც გავაკეთებდი! ახლა კი შემიძლია დავიკმაყოფილო ის, რაც ამდენი ხანი შიგნიდან მღრღნიდა. მინდოდა ბექას ის განეცადა, რაც მე განვიცადე მისი წასვლისას, მაგრამ ჩემს ძალებში მეპარებოდა ეჭვი, შევძლებდი ამას? უნდა მეცადა! არ უნდა ავრეულიყავი მეტად, ძალები უნდა მომეკრიბა! ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ამას შევძლებდი, მაგრამ როცა ბექას ხელი ჩავკიდე და გავყევი სადღაც, უსასრულობაში, ამაში ნელ-ნელა ეჭვი შემეპარა. ახლა მხოლოდ ბექას თავი მინდოდა, და არ ვიცი შემდეგ თუ შევძლებდი მასზე უარის თქმას...
| |
|
|
|
|
nati_cullen | თარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 5:01 PM | შეტყობინება # 68 |
400
Offline
| | |
|
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: პარასკევი, 2012-06-22, 9:36 PM | შეტყობინება # 70 |
225
Offline
| Quote (bella-vampire) ♫_Ani_♫, ho, urevs mindoda ertxel mainc damewera aset gogoze, romelmac tvitonac ar icis ras edzebs cxovrebashi, magram sakutar tavshi darwmunebul adamianad moaqvs tavi... unda mogiloco kargad gamogivida
| |
|
|
bella-vampire | თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 5:20 PM | შეტყობინება # 71 |
842
Offline
| VI თავი
თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, ცხოვრება ისევ ძველ რიტმში ჩადგა. თუმცა მე აღარ ვიყავი ძველებური. ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა. ლაშასთან ურთიერთობაში ვეღარ ვიყავი ისეთი თავისუფალი, როგორც ადრე. ეს კი ჩემი დაუფიქრებელი საქციელის გამო იყო, სინდისი მქენჯნიდა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. თითქოს მე და ლაშა ერთმანეთს დავშორდით. როცა ერთად ვიყავით, ჰაერშიც კი იგრძნობოდა დაძაბულობა. აღარ შემეძლო მასთან მისვლა და უბრალოდ, თბილად ჩახუტება. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ის აღარ იყო ჩემთან ისეთი, როგორიც ადრე. ვგრძნობდი, რომ ჩემი საქციელი ჯერაც ვერ მაპატია. ცდილობდა, მაგრამ ძალიან უჭირდა. ვგრძნობდი, ხანდახან როგორ ძალიან უნდოდა ჩემთან მოსულიყო და ჩამხუტებოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა, გრძნობებს გულში იკლავდა. მე კი გული მტკიოდა, რომ ნელ-ნელა ვკარგავდი მას, ჩემი ძლივს ნაპოვნი დარაჯი უსასრულობაში მეკარგებოდა. მინდოდა ამის საწინააღმდეგოდ რამე მომემოქმედებინა, მაგრამ თავში ფიქრებს ვერ ვიჭერდი, ისინიც კი გამირბოდნენ. ნელ-ნელა მბერზრდებოდა ეს სიტუაცია, ლაშას ლოდინით უკვე სულიც შემიწუხდა. მეგონა დროთა განმავლობაში მაპატიებდა, შეცვლიდა ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, მაგრამ რაც არ უნდა დიდი ხანი მეცადა უსიტყვოდ, ეს უკვე აღარ მოხდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე ყველაფერს, ჩემს სიმუნჯეს წერტილი დავუსვა და ლაშას დაველაპარაკო. მასთან სახლში ვიყავით, მე სავარძელში ვიჯექი და უაზროდ ვუყურებდი ლაშას, რომელიც ჩემს მზერას არც კი იმჩნევდა. წიგნს კითხულობდა, უფრო სწორად უყურებდა, რადგან უკვე ერთი საათია გვერდი არ გადაუშლია. ჩვენს შორის მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, რამაც საბოლოოდ გაწყვიტა ჩემი მოთმინების ძაფი. ფეხზე სწრაფად წამოვდექი, მასთან მივედი და წიგნი ხელებიდან ავაცალე. გაკვირვებულმა ამომხედა, ეტყობოდა არ ელოდა ჩემგან ასეთ საქციელს. თუმცა ის ხომ ძალიან კარგად მიცნობდა და ისიც კარგად იცოდა, რომ ამ სიტუაციას დიდხანს არ მოვითმენდი. - სალაპარაკო გვაქვს, - წიგნი სადღაც მოვისროლე და ლაშას წინ დავჯექი. - გისმენ, - ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც სერიოზულ შეკრებაზე ვიყავით და სამყაროს გადარჩენაზე ვბჭობდით. არ მესიამოვნა... - ირონია დაივიწყე, - გავაფრთხილე. რამდენიმე წუთით ორივენი გავჩუმდით. მე ვფიქრობდი როგორ დამეწყო საუბარი, ის კი ჩემს ამოცნობას ცდილობდა. - ასე აღარ შეიძლება, - ეს ხომ ტრადიციული ფრაზაა... - შენ თვითონ ხვდები რას აკეთებ? შენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე მომბეზრდა ეს ყველაფერი. ყელში ამოვიდა შენი გულგრილობა, უყურადღებლობა. ვაღიარებ, დამნაშავე ვარ, სულელურად მოვიქეცი. მაგრამ როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? ასეთ ურთიერთობას აზრი არ აქვს... - ბოლო წინადადების თქმისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა. გულში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი იმის გაფიქრებისას, რომ მე და ლაშა აღარ ვიქნებოდით ერთად, მის ლამაზ ჭაობისფერ თვალებს ვეღარ დავინახავდი და ვეღარ შევიგრძნობდი მის სუნთქვას სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მასთან სამუდამოდ განშორება მიჭირდა, ჩემთვის არარეალური იყო ჩემი დარაჯის გარეშე ყოფნა. დიახ, ჩემი დარაჯი! ვაღიარებ, რომ ლაშა გახდა ჩემი დარაჯი, რომელსაც ამდენი ხანი ვეძებდი, მაგრამ ჩემივე სისულელის გამო შეიძლება დავკარგო. - შენი აზრით, მე მომწონს ეს სიტუაცია? ჰო, პირდაპირ ვგიჟდები, ისე მიზიდავს ეს ყველაფერი, - თქვა ირონიით. - შენ არც კი გესმის როგორ ვარ მე, ეს გრძნობა შენთვის სრულიად უცხოა, - ისე შემომხედა, შემეშინდა. - ცდები. არ ვიცოდი ეს გრძნობა, ახლა ვიცი, - ჩუმი ხმით შევუსწორე. ის კი იდგა და ისევ ისეთი სახით მიყურებდა, მე კი მის დანახვაზე თვალებში ცრემლები მიდგებოდა. ვგრძნობდი, ცოტაც და საშინლად ავტირდებოდი... მაგრამ უეცრად ლაშას სახე შეეცვალა, ერთ წამში დამიბრუნდა ჩემი ძველი ლაშა, მისი თბილი გამოხედვით. ამავე წამში გამომეცალა ძალა, ლაშას ზურგი შევაქციე, ლოყაზე სისველე ვიგრძენი-ვტიროდი. ცხოვრებაში პირველად ვტიროდი კაცის გამო. ლაშამ შეძლო და მთლიანად შემცვალა. გააქრო ის ძლიერი, საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებული და ამაყი ქალი, რომელიც აქამდე ვიყავი. ვგრძნობდი, რომ ძალიან შევიცვალე. ეს ყველაფერი ამ წუთას არ მომწონდა, რადგან სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი, თითქოს სულიც კი დამისუსტდა... თუმცა ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მომავლისთვის საუკეთესო იყო, ჩემი და ლაშას მომავლისათვის! ლაშამ ძალით შემაბრუნდა თავისკენ, მე კი ჯიუტად თავი მაინც ძირს მქონდა დახრილი, არ მინდოდა შეემჩნია რომ ვტიროდი. თუმცა მას რა გამოეპარებოდა, ხელით ნაზად ამაწევინა თავი და პირდაპირ თვალებში ჩამაცქერდა. იმ წამს ყველაფერი ერთად ვიგრძენი. სიყვარული, სითბო, სიხარული, ტკივილი, სევდა... ამდენ ემოციას ვეღარ გავუძელი და ტირილი ახალი ძალით დავიწყე. მინდოდა დავცლილიყავი, დავცარიელებულიყავი... შემდეგ კი ლაშას თავიდან, ახლიდან შევევსე ყველანაირი დადებითი ემოციით. უეცრად კი, ლაშამ ის გააკეთა, რაც ამდენი ხანი მინდოდა. ჩემთან უფრო ახლოს დადგა, ხელები ძლიერად შემომხვია და გულში ჩამიკრა, მე კი მთელი ჩემი ძალით შემოვხვიე ხელები, არსად არ გავუშვებდი! - მაპატიე...- დავიჩურჩულე, რადგან ტირილისგან ხმაც აღარ მქონდა. - ჩუუ, - თავზე ხელი გადამისვა, ხელები ოდნავ გამიშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. შემეშინდა, თავში უაზრო აზრი მომივიდა. თითქოს ეს ჩვენი ბოლო ჩახუტება იყო, ის ჩემგან წასვლას აპირებდა... - ტყულად გეშინია, არსად არ წავალ, - სახეზე ნაზად მომეფერა. ოდნავ გამეღიმა, ის ჩემს აზრებსაც კი კითხულობდა. - ეს არ არის საკმარისი, - მითხრა მან და გამიღიმა, მე კი ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა. - მინდა ყოველ წამს გაღიმებულს გხედავდე, თვალებს სიხარულის სხივი გინათებდეს. - მე ბედნიერი ვიქნები ყოველ წამს, თუ კი შენ იქნები ჩემთან ერთად, - მასთან ახლოს მივიწიე, სახე სახეზე დავადე და მისი სუნთქვით დავიწყე სუნთქვა. ეს ხომ ისედაც ასე იყო, ჩვენ ერთმანეთით ვსუნთქავდით! ხელები წელზე უფრო ძლიერად შემომხვია, მაგრძნობინა მისი სიძლიერე... მე კი როგორც სულ პირველად, დავემორჩილე მას, მის სიძლიერეს და მის გრძნობებს. ავყევი ემოციების თამაშში და საბოლოოდ მასზე დამოკიდებული აღმოვჩნდი მთლიანად. უეცრად, ისე რომ არც კი ველოდი, ხელში ამიტაცა და დამატრიალა. მე კი სიცილი მოვრთე, არაფრის გამო გიჟივით ვიცინოდი... ლაშამ ტრიალი შეწყვიტა, თვალებში ჩამაცქერდა და მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა... ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი წვალებისა და ტკივილის შემდეგ, ჩვენი ტუჩები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, მე ისევ ისე ამიჩქარდა გული, სუნთქვა შემეკრა და წამი გამიჩერდა! ვერც კი შევამჩნიე, როგორ აღმოვჩნდი მის საძინებელში, რომელიც დღეიდან უკვე ,,ჩვენი” იყო და როგორ აღმოჩნდა ორი ერთმანეთისგან გამთბარი სხეული ფაფუკ საწოლზე, სადაც მე და მან გულები სამუდამოდ შევაერთეთ! უკვე ნახევარი წელი გავიდა, მე ბედნიერი ვარ ყველაფრით! ლაშამ შეძლო და ჩემი ცხოვრება ყველანაირად დადებითი კუთხით წაიყვანა. აღარ მაწუხებდნენ არანაირი პრობლემები. ან თუ კი მეგონა, რომ პრობლემები მქონდა, ისინი ჩემი ცხოვრების ლამაზ ეტაპებად დამანახა. ლაშას დახმარებით, დედასთანაც კი გამომიკეთდა ურთიერთობა. ვცდილობდი მასთან ყველანაირად თბილი ვყოფილიყავი, მისთვისაც გამენაწილებინა ის სითბო, რომელიც მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი. ყველაფრის მიუხედავად, ვგრძნობდი რომ მაინც მიყვარდა, ის ხომ დედაჩემი იყო. ადამიანი, რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, გამაჩინა და არა გამზარდა! გაზრდისთვის სხვა ვინმეს უნდა ვუმადლოდე, ეს დედას ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. თუმცა ამის მიუხედავადაც, მას ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია. სწორედ ახლა, ის ჩემს პირდაპირ ზის და ყურადღებით მათვალიერებს. ისიც გრძნობს, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა, მთლიანად მე შევიცვალე. ეს კი რა თქმა უნდა ჩემი ლაშას დამსახურებაა. მან გამხადა მე კარგ, კეთილ ქალად, რომელსაც სითბო არავისთვის ენანება. - რაზე ჩაფიქრდი? - მკითხა დედამ და გამიღიმა. მე კი ვერაფერი ვერ ვუპასუხე, ხმა ჩამიწყდა. უბრალოდ მასთან მივედი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე, ახლა ყველაზე მეტად მომინდა დედის სითბო მეგრძნო. - დედა... დედიკო... - დავიჩურჩულე და ცხელი ცრემლები გადმომცვივდა ლოყებზე. ვიგრძენი, როგორ დაიწყო მან ჩემთან ერთად ტირილი. ჩვენს შორის აღდგა ის გრძნობები, რომლებიც ყველა დედა-შვილს შორის უნდა იყოს, ჩვენთან კი ეს არასოდეს ყოფილა... - ანა, ანანო... ჩემო პატარა... - ჩემთან ერთად სლუკუნებდა ისიც. რამდენი წელი მინდოდა დედის თბილი ხმის გაგონება და აი, მეღირსა! დარწმუნებული ვარ, იმ წამს ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო, მე ხომ დედა დავიბრუნე, ჩემი დედიკო! ზუსტად ამ დროს შემოვიდნენ ოთახში ლაშა და ჩემი ძმა. ჩვენს დანახვაზე გაეღიმათ და ჩუმად დატოვეს ოთახი, ხელი არ შეგვიშალეს. მეგონა ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ დაიარებოდა, ასეც იყო! ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა, რაც მჭირდებოდა. მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ აქამდე არ ვიყავი ყველაზე ბედნიერი, მაგრამ ეს გავიგე თუ არა, იმ წამსვე გავხდი ყველაზე ბედნიერი, ამჯერად უკვე ნამდვილად! გვერდით მყავდა კაცი, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი, მე კი მისი სუნთქვით ვსუნთქავდი. ყოველი დილა მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა, ერთი მთლიანობა ვიყავით. მე კი უკვე აღარ ვეძებდი ჩემს დარაჯს, უკვე დიდი ხანია გააზრებული მქონდა, რომ მე ის ვიპოვე და სამუდამოდ ჩემთან დავიჭირე. მინდოდა ეს ლაშასაც გაეგო. ერთ საღამოს, როცა როგორც ყოველთვის ჩვენს სახლში მარტონი ვიყავით, მე კი მას კალთაში ვუჯექი დ ატელევიზორს ორივე უაზროდ შევყურებდით. არადა ერთმანეთისკენ გაგვირბოდა თვალები. უცებ მისკენ შევტრიალდი, თვალებში ჩავხედე და მხიარული ხმით ვუთხარი. - ვიპოვე! - რა იპოვე? - დაიბნა, ვერ მიმიხვდა... - მე ვიპოვე ჩემი დარაჯი..! - გარკვევით ვუთხარი, თან ვუკვირდებოდი როგორ გაებადრა სახე, მისმა ღიმილმა თითქოს მთელი ოთახი გაანათა. - მიყვარხარ! - პირველად მითხრა ეს სიტყვა. - შენ ყოველთვის იყავი და ხარ ჩემი საყვარელი ანანო, შემდეგში კი ჩემი შვილების დედა, - ბოლოს ენა გამომიყო. - რა თქმა უნდა, ვიქნები კიდეც, - ენა გამოვუყავი და თავი მხარზე დავადე. - ძალიან მიყვარხარ, - ჩუმად დავიჩურჩულე, მაგრამ მან მაინც გაიგო. ხელები ძლიერად შემომხვია და თავი ჩემს თმებში ჩამალა... ლაშა ერთადერთი კაცია, რომელმაც შეძლო ჩემი დაკავება, სამოდამოდ მასთან დარჩენა! მან იპოვა ქალი, რომელიც ყოველ წამს მისით სუნთქავს. მე კი ვიპოვე კაცი, რომელიც გახდა ჩემი დარაჯი, მე რომ ასე დიდ ხანს ვეძებდი. ის არამარტო ღამე მდარაჯობს, დღეც არ მშორდება, არასდროს! როცა ის ჩემს გვერდითაა, მე ვხდები ყველაზე გამბედავი, უშიშარი ქალი, ის ხომ ჩემთანაა, ჩემი დარაჯი! რომელიც არასდროს დამტოვებს მარტო ამ სამყაროში, მე ხომ ვიცი რა არის მარტოობა, სულით მარტოობა! ის კი ამას ერთი წუთითაც არ მაგრძნობინებს, სწორედ ამიტომ მიყვარს ასე ძალიან! ვამაყობ ჩემი დარაჯით, რომელიც არასოდეს არ გამიშვებს და არ დამემალება მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. ამ ყველაფერზე კი ისიც მეტყველებს, რომ მარჯვენა ხელზე მისი ულამაზესი ბეჭედი მიკეთია და ახლაც, ამ წამს ფეხებს მირტყამენ ჩვენი ორი ანგელოზი, მამას ფეხბურთელები!
,,მე არ შემეშინდება ზამთრის, თუკი ჩემი დარაჯი დამპირდება, რომ მისი სუნთქვით გამითბობს გაყინულ ხელისგულებს. თუკი შენი სუნთქვა გამითბობს სხეულის თითოეულ უჯრედს, მე უკვე აღარაფრის შემეშინდება.”
დასასრული
| |
|
|
nati_cullen | თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 6:57 PM | შეტყობინება # 72 |
400
Offline
| | |
|
|
♫_Ani_♫ | თარიღი: შაბათი, 2012-06-23, 8:35 PM | შეტყობინება # 73 |
225
Offline
| Quote (bella-vampire) ,,მე არ შემეშინდება ზამთრის, თუკი ჩემი დარაჯი დამპირდება, რომ მისი სუნთქვით გამითბობს გაყინულ ხელისგულებს. თუკი შენი სუნთქვა გამითბობს სხეულის თითოეულ უჯრედს, მე უკვე აღარაფრის შემეშინდება.” ტაამ,რა ემოციური თავი იყოო აუ მომეწონა!
| |
|
|
|
|