გაიცანით, ეს საქართველოა!
ეს სამყარო მაკვირვებს, მაოცებს, მაფიქრებს...
ვაღებ კარს, გავდივარ გარეთ. გარეთ მზეა, სითბო და ხალხი. ერთ მხარეს ქალი ბავშვს ასეირნებს, მეორე მხარეს ბავშვი- ძაღლს. ირგვლივ ყვავილების, გაზაფხულის და თავისუფლების სურნელება იფრქვევა. წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ რადგან მზე და სითბოა, ფეხით და ხალისით მივიწევ.
ქუჩის კუთხეში ბიჭები დგანან. კარგი ბიჭები, ფართომხრიანები, საცოლშვილოები. გულს უხარია მათ რომ ვხედავ- ჯერ კიდევ აქვს ქართველ კაცს თავისი მომხიბვლელობა და მამაკაცურობა- არ გადაშენდება კაცობრიობა!
_... ბ...შვილი ვიყო თუ ტყუილს ვამბობდე! ჩემ დედას ... იმდენი ვურტყიი, ტიპი ფეხზე ვეღარ დგებოდა! აზზე ხარ...
გზას განვაგრძობ, გუნება ოდნავ მიფუჭდება, გადავწყვიტე ავტობუსით განვაგრძო გზა, გაჩერებაზე ვდგები. ორი სათნო გარგნობის ქალბატონი დგას, თან გამვლელებს ათვალიერებენ, ახალგაზრდებს ჩაცმულობაზე აკრიტიკებენ, თან ერთმანეთს ეკითხებიან, რომელი ტაძრის მრევლნი არიან, მათ სახლთან რომელი ტაძარი უფრო ახლოა და ა. შ.
ავტობუსი აგვიანებს.
ქალები საკუთარ მოძღვარებს უქებენ ერთმანეთს, მათ სათნოებაზე და ბრძნულ საუბარზე ჰყვებიან.
პატარა, გამურული, ჩამოძონძილი ბიჭი მიადგა მათ. ისინი ყურადღებას არ აქცევენ.
_წადი, ბიჭო, არ მაქ ფული!-მეტად შეწუხებული ამბობს ბოლოს ერთი.
_გთხოვ, დეიდა, მშია!-ამბობს საწყალი პაწია.
_უწმინდესის კურთხევაა, პატარა ბავშვებს ფული არ უნდა მივცეთ, თორემ მათხოვრობას შეეჩვევიან!-ერთმანეთს ეუბნებიან ქალები. ბავშვმა ფეხი რაღაცას წამოკრა და პირდაპირ მათ ფეხებთან დაეცა.
_ადექი შე არგასაზრდელო! აეგდე!-მკლავებში წაავლეს ხელი, ფეხზე წამოაგდეს და განზე დასვეს, რომ მათ აღარ მიჰკარებოდა ბინძური ხელებით. ქალებმა ქოთქოთი განაგრძეს მომრავლებულ უპატრონო ბავშვებზე და მათზე ისე ლაპარაკობდნენ, როგორც მაწანწალა ძაღლებზე.
ავტობუსი მოვიდა. კარები იღება თუ არა, ახალგაზრდა ბიჭი კიბეზე ხტება და ამ მოქმედების შესრულებისას შემთხვევით ხელს კრავს მოხუცს, რომელიც დაუყოვნებლივ მიაწყევლის და ხელჯოხს მოუღერებს.
ყმაწვილი ამას ვერც ამჩნევს, ავტობუსი უკვე წავიდა.
მალევე მოდის მეორე, მე საბრალო მოხუც ქალბატონს ასვლაში ვშველი. ქალი ეჭვით უყურებს მის მკლავზე დაკიდებული ჩანთის სიახლოვეს ჩავლებულ ხელს. მოხუცი ავაცილე და ჩამოვბრუნდი. ვერ ვიტან, მეზიზღება ეს ეჭვიანი მზერა!
მეტროსკენ გზას გავუყევი, შენობაში შევედი, ესკალატორზე შევდექი და მორჩილად დაველოდე ბაქნამდე ჩასვლას. ვიღაცამ ჩაირბინა, მხარი გამკრა- მაინც მყარად ვდგავარ.
პლატფორმაზე ფეხმძიმეს ვამჩნევ, მეღიმება. მომავალ დედას სათნო, ლამაზი სახე აქვს. მუცელზე ღიმილით ვუყურებ და გული უცნობი სითბოთი მევსება.
მატარებელი მოდის, კარები იღება. ხალხი მისცვივდა შესასვლელს, ორსულს ვერავინ ამჩნევს. ის როგორღაც ახერხებს შესხლტომას, წინ უსწრებს ავადმყოფ მოზარდთან ერთად შემოსულ დედას. ბავშვს დაბრეცილი ფეხები უკანკალებს სიარულისას, თვალებს წესიერად ვერ ახელს და ხელებიც არაბუნებრივად უჭირავს. დედა-შვილი ფეხზე რჩევა. დანარჩენ სკამებზე მთვლემარე ქალები და კაცები, საქმიანი გოგოები, ახალგაზრდა ბიჭები, ბავშვები სხედან და ერთმანეთს ათვალიერებენ, რაღაცაზე ლაყბობენ, მუსიკას უსმენენ, ანდაც თვლემენ, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ქალები და კაცები. მე მხრებაწურული ვდგავარ, ვცდილობ დიდი ადგილი არ დავიჭირო და ვფიქრობ რით შემიძლია ავადმყოფ ბავშვს დავეხმარო. დასადგომ ადგილს ხომ ვერ დავუთმობ?
ჩამოიარა მათხოვარმა. ორმა. სამმა.
ზოგი პირს იბრუნებს, ზოგი ქედმაღლურად უყურებს ფეხშიშველა, ჩამოძენძილტანსაცმლიან, პირდაუბანელ და თმებგაწეწილ ბავშვს, ზოგი სიბრალულით და მხოლოდ ორი აძლევს ხურდა-ფულს, ორივეს ეტყობა, რომ არც მათ არ ულხინთ.
მეტროდან ამოვედი, მივედი დანიშნულების ადგილზე.
ჩემი პროექტის ნაცვლად, ორგანიზატორის ახლობლის პროექტი დაამტკიცეს. ჩემი სამი თვის ნაწვალები პროექტი. ახლობლების იმედები, რომ როგორც იქნა სერიოზულად ვიმუშავებ და ასევე სერიოზულ ხელფასს ავიღებ. ცოტა ცხოვრებას ავიწყობ, ოჯახის ვალებს გავისტუმრებ, ერთი სიტყვით, ამოვისუნთქებ, დასამარდა. დავიწყებას მიეცა. ჩაქრა.
გამოვედი. მზე აღარ კაშკაშებს ისე ნათლად, სითბოც აღარაა ისეთი სასიამოვნო და ეს თავისუფლება... ან კი რა არის თავისუფლება დღეს? შეგიძლია მხოლოდ სიარული, იარო, იარო თავისუფლად სანამ ფეხები მოგყვება. მეტი რა შეგიძლია? არც არაფერი. ამ ცარიელ თავისუფლებას რა თავში ვიხლი?
ზიზღით ვუყურებ შენობასთან მოქაქანე გატყლარჭულ გოგოებს, რომლებიც ღმერთმა უწყის რის დამტკიცებას ცდილობენ ორ თითშუა გარჭობილი სიგარეტით.
სამყარომ ფერები დაკარგა, ირგვლივ შავ-თეთრია ყველაფერი.
ვიღაც დამეჯახა და ჩანთა გამტაცა. შოკირებული, გაოგნებული, განცვიფრებული შემოვბრუნდი, რაღაც მივაძახე, არ მახსოვს რა.
სიცარიელით გაღიმებული ვდგავარ და ყაჩაღის ზურგს ვუყურებ, რომელიც მალე უჩინარდება.
მგონი ვიღაცეები მიყურებდნენ, მაგრამ რომ არაფერი მოვიმოქმედე, ყველამ თავისი გზა გააგრძელა. ვიღაცეებმა ჩემზე მოთითება და რაღაცეების ჩურჩული დაიწყეს ერთმანეთში.
შეფურთხებულივით ვიდექი და არ ვიცოდი რა მომემოქმედებინა.
იქვე პარკის სკამზე ჩამოვჯექი, საზურგეს მივეყრდენი და ცას ავხედე.
გადაშენდა საქართველო! განა რა უნდა იფიქრო სხვა, როცა ხალხში ფასეულობები დაიკარგა, ყოველივე ზედაპირული და უმნიშვნელო გახდა, როცა ხალხმა აზროვნება შეწყვიტა, როცა ვირჩევთ ვიყოთ არა ადამიანები, არამედ ინსტიქტებს მიყრდნობილი ცხოველები და ამავე ცხოველების მსგავსად არა გვადარდებდეს რა, საკუთარი სურვილების გარდა და ყველაზე წინ არა ასაკით უფროსს, ჯანმრთელობით უარესს, სქესით განსხვავებულს, არამედ საკუთარ თავს ვაყენებდეთ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი უკვე აღარავის აოცებდეს და ადარდებდეს.
სისულელეა ის, რომ ასეთი ქცევა ქვეყანას დაღუპავს. არა, ქვეყანა განაგრძობს არსებობას, მაგრამ საკითხავია, ღირს კი ასეთი არსებობა? რატომ ვთლვით ქართველნი ყველაფერ ქართულს ყველაზე დაბალხარისხიანად და ყოველივე უცხოურს მაღალი დონისად? რატომ არ შეიძლება უბრალოდ შევიყვაროთ საკუთარი ეროვნება, ერი, ქვეყანა და ვიცხოვროთ თავისუფლად ყოველგვარი მიბაძვის, თავის „უკეთესად“ წარმოჩინების მცდელობის და უაზრო ქედმაღლობის გარეშე.
_გოგონა!-მიახლოვდება ვიღაც.-ეს თქვენია?-ჩემ ჩანთას მიწვდის ახალგაზრდა ბიჭი.
_დიახ?-გაკვირვებული ვუყურებ მას, შემდეგ ჩანთას.-კი, მაგრამ...
_დავეწიე და...-სერიოზული სახით, თან თითქოს თანაგრძნობით მიყურებს.
_გმადლობთ,-გაოგნებული ვართმევ უბრალო, ტყავის ჩანთას.
_რა გქვია?-უკვე გულღიად მიღიმის.
_ნუცა.
_მე შოთა,-ხელს მიწვდის.
უაზრობაა ყოველივე! საქართველო და ნამდვილი ქართველები მანამ ვიარსებებთ, სანამ არსებობენ შოთა და მისნაირები!
მე ისევ მაკვირვებს, მაოცებს, მაფიქრებს ეს სამყარო...