ცხოვრება
მასზე ფიქრით გავიღვიძე. არ ვიცი, სიზმრიდან გადმომყვა, თუ საერთოდ არ მძინებია. რა გასაკვირია, რომ გულში ჩამრჩა მისი ირონიული მზერა, მისი ცერა ღიმილი, გრუზა თმები. მის გახსენებაზე გამეღიმა და კატასავით გავიზმორე. ავდექი და სააბაზანოში გავედი, საკუთარ თავს შევცინე სარკეში.
_ვერსად წამიხვალ, დიეგო!-ჩავიჩურჩულე ხავერდოვანი, ჰაეროვანი ხმით და გამეღიმა.
თავი რომ მოვიწესრიგე, ჰაეროვანი, ყვავილებიანი კაბა გადავიცვი, რომელიც ძლივს მიფარავდა მუხლებს. თმები უბრალოდ გავიშალე და გარეთ გავედი. ფანჯარასთან გავათენე მასზე ფიქრში. ოო, რა თვალებით მიყურებდა. მზერით მათბობდა შემცივნულს. რომ არა ის ალქაჯი, ალბათ წუხელ რაღაც სასწაული მოხდებოდა, შესაძლოა სიყვარულში გამომტყდომოდა...
რაღაცამ გამაღვიძა, მგონი ეროტიკული სიზმრის დაბოლოებამ. გემრიელად დავამთქნარე და წუხანდელი ღამე გამახსენდა. ორი ლამაზმანი. ორივე თავისებურად რომ მიზიდავდა. ერთის ბაგე მიხმობდა, მეორის მზერა. მე ვიდექი სადღაც შუაში და ვცდილობდი არჩევანი გამეკეთებინა. უფრო სწორად, ჩემს სათაყვანებელ ქალთან ერთად ვიჯექი და სიტუაციით ვტკბებოდი, თან ვერთობოდი. ეს არ იყო სიყვარული, არც ვნება, არც ფლირტი. ეს იყო უბრალოდ ცხოვრება.
ცეცხლი გამეკიდა მის დანახვაზე.
როგორ მოდის...
_დიეგო, სად ხარ აქამდე?-კაფეს წინ, ღია ცისქვეშ დადგმულ მაგიდასთან ელოდა შავთმიანი, შავ-თვალ-წარბა, ეშხიანი ქალიშვილი სატრფოს გამოჩენას და როგორც იქნა, მიუახლოვდა. ზურგსუკან რაღაცას მალავდა.
ვარდი....-გაიფიქრა ორმა ერთდროულად.
_ეს შენ...-ვაჟმა აუჩქარებლად გაუწოდა ყვავილი, მაგრამ გოგონა არ იძვროდა. ვაჟმა სახესთან მიუტანა ყვავილის სისხლისფერი ფურცლები და ღაწვზე ოდნავ შეახო.
_გამშვენებს...-ჩაიჩურჩულა. გოგონა ქვემოდან ასცქეროდა ჯერ კიდევ ფეხზე მდგარ ვაჟს, როცა მან სწრაფად ჩამოსწია ხელი და ვარდი მის თეფშთან დადო.
_შენზე ვფიქრობდი...-მცირე პაუზის შემდეგ დაიწყო ბიჭმა, როცა დაჯდა. თან ხელი გააცურა მაგიდაზე მისკენ და თითისწვერებით ოდნავ შეეხო გოგონას ოდნავ მოკუმულ ხელს.
ავდექი და წყვილისკენ გავემართე.
_უკაცრავად!-თვალებში ჩავაცქერდი ქალს. მან გაოგნებული მზერა მომაპყრო.-შეიძლება ჩემს მეუღლეს დაველაპარაკო?-ქალი გაოგნდა, ელდანაკრავი მზერა შეავლო დიეგოს.
_მე-მეუღლეს? დიახ, რა თქმა უნდა,-ადგილი დამითმო და წავიდა.
_როგორ ხარ?-მივუბრუნდი მას, როცა სუფთა სინდისით მოვთავსდი მის წინ.
_რატომ იქცევი ასე?-სრულიად მშვიდი იყო მისი ხმა.
_იმიტომ, რომ მიყვარხარ.
_სიყვარულს არ გიშლი, მაგრამ თავისუფლება მინდა.
_მაშინ ჯერ შენ უნდა გამანთავისუფლო.-აქ ყოველთვის ჩუმდებოდა, რადგან იცოდა, ეს არ შეეძლო.
წამოდგა, ის ქალიც დატოვა. რა ეგონა? მხოლოდ მას დარჩებოდა? მან გვერდით ჩამიარა ისე, რომ ერთხელაც არ შეუვლია მზერა. არც მე მივშტერებივარ, ქალს ვუყურებდი, რომელიც წამოდგა და მანქანაში ჩაჯდა. ქუჩის ბოლოს სანამ დატოვებდა, მანქანა აფეთქდა. რა ეგონა? მხოლოდ მას დარჩებოდა?
_დიეგო, თუ შეიძლება, კონტრაქტს მიხედეთ, ვადებს არ გადააცილოთ და თქვენს მეგობარ ადვოკატსაც დაურეკეთ. არაფერი შეცვალოს.
_ყველაფერს მივხედავ,-დიეგო ვერაფერსაც ვერ მიხედავდა, იმიტომ რომ ტკივილს განიცდიდა და მეტს ვერაფერს ხედავდა და გრძნობდა ახლა. შეატყობინეს, რომ მისი საყვარელი ქალი მოკვდა. მიმოიხედა და ტკივილიანი საგნების მეტი ვერაფერი დაინახა. ოფისი დატოვა, თუმცა კი ხალხი უხმობდა და დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. ბარში წავიდა, დღეს ბევრი უნდა დაელია, უნდა გალეშილიყო.
მაღალფეხიან სკამზე შემომჯდარს და ვისკის სირჩაში თავჩარგულს ნაცნობი ქალი მიუახლოვდა.
_დიეგო...-დაიჩურჩულა მან ნაზი, საამო ხმით. ახლა მეტი ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა ყვავილებიან სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი ქალი და შეეცადა ამოეცნო სად ჰყავდა ნანახი. თითქოს მთელი ცხოვრება სდევნიდა ეს სახე, თან დაჰყვებოდა და გასაქანს არ აძლევდა.
მოგვიანებით, როცა საწოლიდან თავი აიღო ქალის სურნელით გაბრუებულმა და საიდუმლოც ამოიცნო, ბარში დაბრუნდა. სიცივეს გრძნობდა, სიცარიელეს, მარტოობას და სასოწარკვეთილებას. ის მარტო იყო ამ სამყაროში. მან იცოდა, რომ ამ ქალის საქციელი არ იყო ბოროტება, არც მზაკვრობა, არც სიავე, ეს ცხოვრება იყო.
შემდეგ გაახსენდა, რომ მისი ცოლი მოკვდა და რომ დღეს ბევრი უნდა დაელია, თუნდაც გალეშილიყო...