Sky above me, earth below me, fire within me...
|
|
Immortal | თარიღი: ორშაბათი, 2012-08-13, 6:09 PM | შეტყობინება # 1 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| ავტორი: Immortal დისკლეიმერი: საავტორო უფლებები მეკუთვნის მე რეიტინგი: G(General) ავტორისგან: ბავშვებო, დაგიბრუნდით. აქ ჩემს ჩანახატებს და პატარა მოთხრობებს დავდებ ხოლმე. იმედი მაქვს ჩაგაფიქრებთ და დროის კარგვად არ ჩათვლით ამ სიტყვების კითხვას : )))
. .. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი... უფალო, შენთან მოვედი, მრავალჯერ ტანჯული და გეთელილი, უარყოფილი და ნაგვემი შვილი შენი. გაზეთის ნაგლეჯივით შემორჩენილი სულის ნაფლეთით ვდგავარ და ვიცი, რომ ეს არა მიწა, არა ცა, არამედ სულ სხვა -შენამდე მოღწევის ადგილია. ობოლი ბავშვის ბრმა ცრემლებით შემოგღაღადებ შენს ყურთასმენას, რამეთუ მთელი სიცოცხლე სიმართლის ძებნას შევალიე და ყველაზე უფრო მიუწვდომელი აღმოჩნდა ის. ღმერთო, შენ მომეცი ცხოვრება, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი; ნივთები, რომელთა მნიშვნელობაც მაშინვე კარგავს ფასს, როგორც კი მათი მარტივად განადგურების გზებს წარმოვიდგენ; და ადამიანები, რომლებსაც წამებში შთანთქავს სიძულვილი. ხელებში ჩამაკვდა საკუთარი, ყველას განსასჯელად გამოფენილი, აზრიდან აზრამდე გაუფასურებული და გაცრეცილი სიცოცხლე. ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე ათასი თვალი შემომცქეროდა ფეხებში, თითოეული გადაწყვეტილების მიღებამდე ათასი გონება ჩემს გეგმებს აწყობდა უცჰემოდ, ყოველი შეცდომის დაშვების შემდეგ ათასი ენა არ იშურებდა ძალებს ჩემ გასაკიცხად, ჩემი ტკივილის მოსასმენად დახშული იყო ათასი ყური... უფალო,არადა როდესაც პატარა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ გასხივოსნებულ დედამიწაზე ვცხოვრობდი. იმ დროს ადამიანები გულწრფელად იღიმოდნენ და მათ შორის სიკეთით ამოქარგული უჩინარი სირმები იყო გავლებული. ბულბულები ბედნიერებას უგალობდნენ, ნიავი ბაბუაწვერას დაჭერობანას ეთამაშებოდა, ხავსს მარტოობა ბეზრდებოდა და ამიტომ სხვებს ეჭიდებოდა, მთვარე ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა. მერე კი... ეჰ, მერე მაიძულეს, რომ ბევრი რამ დამეჯერებინა. იცი? ყველა ზაღპარში არის რაღაც რეალური, იმიტომ, რომ სულის შემძვრელად მტკივნეულ რეალობასთან შეჯახებული ადამიანის ბავშვობის ნოსტალგიაა... მერე მასწავლეს, რომ ჰაერი არა სიყვარულით, არამედ ნახშირორჟანგითაა გაჟღენთილი და გულს სულაც არ აქვს გულის ფორმა. მიმახვედრეს, რომ სიკეთის ძაფები უჩინარი კი არ არის, საერთოდ არ არსებობს და ადამიანებმაც ახალი სახე მიიღეს ჩემს წარმოსახვაში, ისეთივე ბნელი და გაძარცვული, როგორც ხორბლის თავთავები მოსავლის აღების შემდეგ. აქედან მოყოლებული, ორსული ქალივით ორ სიცოცხლეს ვატარებ ჩემში... მივდივარ ქუჩაში, ასფალტის გაქვავებულ სიმარტოვეზე ვადგამ ნაბიჯებს და ახლადდაბადებული ბავშვის გაკვირვებით შევცქერი მტანჯველად შორეულ სამყაროს. ხეებს შორის იკარგებიან და მერე ისევ თავიდან ჩნდებიან ხეებივით ჩუმი ადამიანები, რომელთაც თავზე ადგათ სიმყუდროვით გასიებული ტაძარი სევდისა ან თუნდაც უსამართლობის ჭაობში ამოზრდილი დაობებული ეჭვი, შიში, თუ შური... სხვათა ამონასუნთქით იხლიჩება ფილტვები, თითქოს ყველას ნაფიქრალს იტევდეს ჰაერი. როგორი მერყევია ადამიანი... ჰაერსაც კი ურთიერთსაპირისპიროს სუნთქავს. ფილტვებიც ალბათ ამიტომ აქვს ორი: ერთი ჟანგბადით რომ აივსოს, მეორე კი ნახშირორჟანგით. აი გულმა იკითხოს სამაგიეროდ... ყველა ტკივილი, სიხარული, აღფრთოვანება, აღშფოთება, სევდა, ეჭვი, იმედგაცრუება, სითბო, სიცივე და სიყვარული მან უნდა დაიტიოს... ალბათ ამიტომაც ფეთქავს გული და არა -ფილტვები. თანდათანობით ნათდება ნამგლისებური მთვარე და ჩემი არსებაც მოცელვით ეცემა ცნობიერების ფსკერზე, როგორც ყელსაბამს მოწყვეტილი მარგალიტის თვალი... უფალო, ნეტავი რა ფერია ოცნება? ლურჯი... უფრო სწორად, ზღვისფერი, ზღვასავით კამკამა და სულშიჩამწვდომი? თუ ყვითელი... უფრო ზუსტად კი, მზისფერი, მზესავით კაშკაშა და გასხივოსნებული? ან სულაც უფერო, ჟანგბადივით უჩინარი და მნიშვნელოვანი? არავინ იცის... ჩემი აზრით კი, ოცნება თეთრი ფერის უნდა იყოს. თოვლივით იდუმალი, ფაფუკი და ხანმოკლე, წამებში რომ გადნება ხელისგულებზე და ყოველ ზამთარს მაინც ჯიუტად გახსენებს თავს. რა ჯობია, ღმერთო, საყდრის კედელს რომ მიეყრდნობი. ვიღაცის ნაჯაფარს, წყეული ტექნოლოგიებით კი არა, ადამიანის ხელით საფუძველჩაყრილსა და აღმართულს; ადამიანის ოფლით გამოკირულს, ადამიანის თვალით ათასჯერ გაზომილსა და ადამიანისავე გონებით მეხსიერების სიმყუდროვეში ჩაბუდებულს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ადამიანის შემოქმედების დიდებულ სიმფონიას, რომელიც ფეხისწვერებზე შემდგარი ბავშვივით აღმართულა და უჩინარი ფრთები შეუმართავს ზეცაში ასაფრენად, რათა უფლამდე აიტანოს ქვეყნად ნანახი და გაგონილი... შემოქმედსაც უამბოს რისი უნებლიე თვითმხილველიც თავად გამხდარა, მტრის დასახვედრად გულანთებული ქართველი ვაჟკაცივით შემართული და ბრმა მოხუცივით განმარტოებული... აი ახლა, შენც მიყრდნობილხარ კედელს, თითქოს მიწას გაცლიდნენ ფეხქვეშ, ან სულაც ჰაერს გახლეჩდნენ ფილტვებიდან... თითქოს ეს არის უკანასკნელი წამი სიცოცხლის, ან თუ უკანასკნელი არა, ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი მაინც, რის გამოც საერთოდ ღირდა ცხოვრება. თვალებს ხუჭავ, რათა შეიგრძნო, და არა -დაინახო... და აი, ზუსტად ამ წუთას, თითქოს ჟანგბადის ბალიშს გაცობენ პირზე საავადმყოფოში, სადაც სულს კურნავენ, არა-სხეულს. შენც ეშვები კომის მწვანე ბურუსში. ეყრდნობი კედელს, რომელსაც ათასგვარი მიწიერი პრობლემითა და საზრუნავით გაოგნებული ადამიანის შუბლი დაუკავებია, რომელსაც ჩასჭიდებია შვილმკვდარი დედის, ან პირიქით, ობოლი ბავშვის უმწეო ხელი, რომლის ხუთი თითიც საცოდავად მოგრეხილა და შველას ითხოვს, სხვას არაფერს... კედელს, რომელსაც წვიმასავით შეშრობია სინანულის ცრემლები და რომელსაც მიყრდნობია არა ერთი ადამიანი, შენსავით დაკარგული და საბოლოოდ მიგნებული... ახლა ყველაზე ბედნიერი ხარ, რადგანაც შეგიძლია შეხედო ცას, რომელიც მიგახვედრებს, რომ შენ არ ხარ მთავარი. ბევრი რამ არსებობს შენზე მნიშვნელოვანიც, მიუღწეველიც და ამოუხსნელიც. იცი, უფალო, ადამიანიც ვარსკვლავს ჰგავს. თავიდან თითქოს პატარა მოგეჩვენება, მაგრამ თუ ახლოს მისვლის საშუალებას მოგცემს, შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ განგაცვიფროს მისმა სიმაღლემ, თვალი ვერ გააწვდინო მისი სულიდან ამოხეთქილ სიკაშკაშეს. ზოგს ზღაპრულ მნიშვნელობას ანიჭებ, სინამდვილეში კი წყალბადის გავარვარებული მასა აღმოჩნდება მხოლოდ. საბოლოო ჯამში, დედამიწა პატარა სამყაროა, ადამიანები კი -პატარა ვარსკვლავები, რომელთაც შესწევთ უნარი, დროსა და მანძილის მიუხედავად სინათლით აავსონ ერთმანეთის ცხოვრება. ადამიანის სული უსაზღვრო გალაქტიკას იტევს და თუ კუსავით მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და ფიქრებში შეიკეტება ის, ბნელ სივრცეში უმისამართოდ მოძრავ ასტეროიდს დაემსგავსება. ვარსკვლავების მსგავსად, ადამიანებსაც სჭირდებათ აღმოჩენა და შესწავლა. ხოლო, ყველა მათგანი საბრალოა, მთელი ცხოვრება წამიერ, ნამცეცა სიხარულს დაეძებს და ბოლოს აღმოაჩენს, რომ თავისი ბედნიერებითაც კი უბედურია ადამიანი... ამიტომ, მიტევების მეტს არაფერს იმსახურებენ ისინი,და მეც, დაყრდნობილი შენს გულმოწყალებასა და სიყვარულს, გთხოვ შენდობის კალთა გადააფარო კაცობრიობას, რამეთუ ,,არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
შეტყობინება შეასწორა Immortal - ორშაბათი, 2012-08-13, 6:10 PM | |
|
|
Mari_Ami | თარიღი: სამშაბათი, 2012-08-14, 0:38 AM | შეტყობინება # 2 |
436
Offline
| perfect ^^
| |
|
|
------ | თარიღი: სამშაბათი, 2012-08-14, 12:49 PM | შეტყობინება # 3 |
from porcelain, to ivory, to steel.
1183
Offline
| მერე მასწავლეს, რომ ჰაერი არა სიყვარულით, არამედ ნახშირორჟანგითაა გაჟღენთილი და გულს სულაც არ აქვს გულის ფორმა. მიმახვედრეს, რომ სიკეთის ძაფები უჩინარი კი არ არის, საერთოდ არ არსებობს და ადამიანებმაც ახალი სახე მიიღეს ჩემს წარმოსახვაში, ისეთივე ბნელი და გაძარცვული, როგორც ხორბლის თავთავები მოსავლის აღების შემდეგ. აქედან მოყოლებული, ორსული ქალივით ორ სიცოცხლეს ვატარებ ჩემში...
adfifiwfhfhf, martlac perfect! am saitze ishviadad tu momwons rame ase dzalian... raga gitxra nunuk, martalia ar agiareb, magram shentvitonac ici rogori nichieric xar! ^__^ dzalian dzalian kargad wer, kidev ufro daxvewilxar da daxvewilxar <3 bevri kargi momenti gaqvs dacherili da shansi araa vinme gullgrili datovos. warmomidgenia rom gaizrdebi mere ras dawer!.. ^__^
| |
|
|
|
Immortal | თარიღი: პარასკევი, 2012-08-17, 0:04 AM | შეტყობინება # 5 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| იცი, მეგობარო, უცნაურია ცხოვრება. თუ თავდაპირველად გულ-მკერდს გადაგიხსნის, თავისი სიღრმიდან ამოხეთქილ სამოთხეს გაზიარებს, ოცნებების ფარფატა ბუმბულზე შემომჯდარს ცამდე აგაფრენს, ბავშვობას მოგიძღვნის სულის სიმფონიად, მერე ბავშვური გულუბრყვილობით დაქანცულს, გათამამებული და გაუცხოებული, მტკაველ-მტკაველ წაგგლეჯს მანამდე გულუხვად დათოვლილს. თუ გაგიმართლა, ფეხისწვერებზე შემდგარს, შემართულს კი არა –საცოდავად მოხრილსა და დაპატარავებულს ჩაგითრევს რეალურ სამყაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი თავისი სიძლიერითა და გამყინველი უსამართლობით ამოიზრდება გარშემომყოფთაგან. გაბითურებულს, შერცხვენილს, გაყიდულსა და დამცირებულს დაგაჩოქებს მიუღწეველი, შორეული მიზნების, დამარხული ოცნებებისა და სიმწრის ცრემლებით შედუღებული ტყვიებით დასახვრეტად. თბილისში რომ ჩამოვედი, ძველი მეგობრის მონახულება გადავწყვიტე. სად აღარ ვეძებე. ბოლოს, პატარა ქუჩის კუთხეში, ღარიბ დუქანში გადავაწყდი ერთ მოხუცს. არ გირჩევ მის ნახვასო, მითხრა. გაკვირვებულმა შევხედე. ეგ უკვე კაცად აღარ ივარგებს, შვილო, შენს გზას გაუყევი, ეგ კი მარტო დატოვეო... ბოლო ჭიქა სულმოუთქმელად გამოსცალა, პირსმომდგარი სათქმელი ჩაახშო თითქოს, მხარზე ხელი დამკრა თანაგრძნობის ნიშნად და ოხვრით გაეცალა ნესტის სუნით აყროლებულ დუქანს. ფიქრებაშლილი გამოვედი ქუჩაში, ყველა შენობასა თუ გამვლელს კითხვის ნიშნის ფორმა მიეღო... რა მოუვიდა? ნუთუ ზუსტად მასზე ამბობდა? კაცის მკვლელია? ქურდი? მათხოვარი? გაოგნებულს თავბრუ მეხვეოდა, მიწაც დრო და დრო ფეხქვეშ მისხლტებოდა. მაინც, ჯიუტი შემართებით მივიწევდი მეგობრის სახლისაკენ, სადაც კაცმა უწყოდა რა მელოდა, განცვიფრება თუ იმედგაცრუება... აი, ისიც გამოჩნდა... ხის დამლპალი, ჩამოშლილი კარებიდან თავი გამოყო მოხუცებულმა სინათლემ და იმ გაუცნობიერებელმა გაოგნებამ, სიგიჟეს რომ უწოდებს ხალხი. თვალი მომკრა... გაკვირვებამ, სინანულმა, ნოსტალგიამ, საყვედურებმა, სიხარულმა აჩქარებული კადრივით გადაიფრინა მის სახეზე. ისეთი სევდანარევი მიხრა-მოხრით გამოექანა ჩემკენ, მტკივნეულად მომინდა თვალები დამეშრიტა იქვე, იმ წამს, ასეთ ნამიწისძვრალსა და საბრალოს რომ ვუყურებდი. ხელი ჩამომართვა. შემძულდა ჩემი ჭკუაც, ქონებაც, სიმაღლეც... ყველაფერი, რაც ასე მაშორებდა კაცს, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც გულწრფელი ღიმილი ჰქონდა ყალბ სამყაროში... სახლში შემიპატიჟა. კუთხეში მის საყვარელ, პატრონივით მიტოვებულსა და იდუმალ როიალს რომ მოვკარი თვალი, ცხადად შევიგრძენი როგორ დამატრიალეს დომინოს კამათელივით უიმედობის ვაკუუმში. იცი, მეგობარო, მხოლოდ დაკვრით ვივსებ სიცარიელეს, რომელიც დღითიდღე ცუნამივით იზრდება და მუსიკა რომ არა, აქამდე დამახრჩობდა თავის მძლავრ მკლავებში. კლავიშები ფრთების გაზრდაში მეხმარება და სულ მალე გავფრინები ჩემს როიალთან ერთად ჩვენს დაკარგულ ბავშვობაშიო. მის წყლიან თვალებს მიღმა დავინახე უდარდელი წარსული, გულუბრყვილო გრძნობები და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ისევ ის ათი-თერთმეტი წლის ბიჭუნა მედგა წინ, არც არაფერი შეცვლილიყო გარდა იმისა, რომ სიმწრით ეპოტინებოდა ძალით გამოგლეჯილ სამოთხეს, ხალხი კი სიგიჟედ უთვლიდა ამ ბავშვობას! სულჩამწყდარმა სიმწრით გადავყლაპე სინანულის გასიებული ცრემლი, რომ არ ავქვითინებულიყავი ოდესღაც ძმაზე ახლობელი მეგობრის წინაშე. აქამდე სად იყავიო? შემომანათა მუდარით სავსე მრგვალი თვალები და მათში დავინახე უსასრულობა ჩემი და ყველა ჩვენგანის უპატიებელი შეცდომისა... მართლაც, სად ვიყავი აქამდე?!... ეჰ, მეგობარო, ყველა ადამიანის ბოლო ეს არის: სახის ნაპრალებში ჩაბუდებული იმედგაცრუება, თმაში ჩაფერფლილი ალმოდებული ოცნებები, თვალებში ოდნავ შესამჩნევად მბჟუტავი ალი- ბავშვობის ნაპერწკლების გადმონაშთი და ამდენი ტკივილისა თუ ბედნიერებისაგან დანაოჭებული გული, რომელიც ერთ დღეს ვეღარ დაიტევს ერთი ადამიანის სამყოფ გრძნობებს, გასკდება და გაქრება ამონასუნთქი ჰაერივით. რა ვართ, მეგობარო, და რად გვაგცევს ცხოვრება? უფრო სწორად, რად ვაქცევთ ერთმანეთს, ადამიანები, მეგობარო?!
| |
|
|
Immortal | თარიღი: კვირა, 2013-03-03, 8:12 PM | შეტყობინება # 6 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| მოულოდნელად ოთახის ჭყეტელა ფერები შუშაში გატარებული გამოსახულების მსგავსად აიზილა ერთმანეთში, მშობიარე ქალივით დაიგრიხა და უსაშველოდ გაწელილი, განრისხებული მგლის კლანჭებით ჩააფრინდა ჩემს შუბლს. თვალები ისე ფართოდ გავახილე, თითქოს გაფუჭებული, სასწაულის ძალით სიკვდილის ხმაზე აღრიალებული ტელევიზორის ამოჩემებული წერტილიდან გადმოხეთქილი ისტერია მოთავსებულიყო მათში. საათმაც მეტრონომივით გამაღიზიანებელი სიზუსტით დაიწყო ჩაქუჩის დარტყმა. თითქოს ყველა ნივთს პირი შეეკრა და ამ დრომდე მისტიურად დადუმებული, ერთდროულად ქმნიდა გულის გამაწვრილებელ ხმაურს, ნელ-ნელა სულს რომ მიხუთავდა და თავბრუს მახვევდა. ბინძური ხელით დავიზილე გაწუწული შუბლი, თითქოს ამ მარტივი მოძრაობით შევძლებდი კალაპოტიდან ამოვარდნილი ტვინის თავის ადგილას დაბრუნებას და ცხოვრების ისე გაგრძელებას, საერთოდ არაფერი მომხდარიყოს ვითომ... ოთახი ხელის მიმართულებასთან ერთად დაბზრიალდა, მტკიცედ აღმართული კედლები რძესავით ჩამოდნა და მკვლელის სამფლობელოც უკუთხო, უპროპორციო აბსტრაქციას დაემსგავსა. დასიებული თვალები სიცოცხლე ჩამქრალი სხეულივით მივათრიე იმ ადგილამდე, სადაც ნათურა უნდა ყოფილიყო ჩემს წარმოსახვაში და ბროლში გაბნეული მბჟუტავი სინათლის მიღმა ბურუსის ტალღებში ავყირავდი უცნობის მიერ გადმოგდებული ბადით. დასახმარებლად კი არა, ეკლიან თოკებში დასახრჩობად რომ შემაჩეჩეს ხელში. მძიმედ ვიგრძენი, როგორ აივსო პანიკით სისხლისფერი სითხე და როგორ შეასკდა შადრევანივით დაბერილ ძარღვებს. მერე წამიერად ყველაფერი გაჩუმდა... და თვალის გუგის შავი ხვრელის ზრდასთან ერთად გაფართოვდა წყვდიადიც, რომელმაც მთლიანად შთანთქა მთვრალი ბოდვებით მოსაუბრე ოთახი. შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ჩემივე ფილტვებიდან ამოსულმა ჰაერმა რომ დამწვა სახე დაძაბულობის გაბმული ნოტით, მივხვდი, მთავარი სანახაობა სწორედ ახლა იწყებოდა! სიბნელეს შევესისხლხორცე. თავზარი დამცა რუხი სივრციდან გამოკვეთილმა საგნებმა, რომლებიც სიღრმეში ჩამალული ალმოდებული თვალებითY მაკვირდებოდნენ ჯიუტად. თევზების ფხებით მოფენილ იატაკზე ვიდექი, ჩემ პირდაპირ კედელი ხუთ ნაწილად იყო გაყოფილი... ხუთი... ხუთი... ხუთი... ,,1989 წლის 12 ივნისს ხუთი ადამიანი მოკლული იპოვეს საკუთარ სახლში. დამნაშავე დღემდე დაუსჯელია!...’’ ამომიტივტივდა ფიქრები უნებართვოდ. აკანკალებული სხეულით მივედი უფრო ახლოს, რომ უსწორმასწორო კალიგრაფიით ამოკვეთილი წარწერა გამერჩია. ,,ჩემი ფიქრები, მიზნები და ოცნებები’’ –ეწერა ხუთივე ნაწილში. პირველი ხაზი მთელ სივრცეს ავსებდა, მეორე ცოტათი ნაკლებს, მესამე კიდევ უფრო ცოტა ადგილს იკავებდა და გრძელდებოდა ასე, სანამ არ ჩახვიდოდით ბოლოში, სადაც წითელი ასოებით მიწერილი იყო ერთადერთი დაუსრულებელი სიტყვა... თითოეული ნაწილის ქვევით პატარა ქოთანი იდო, შავ, წყვდიადისფერ მიწაში ჩარგული ენძელით. ოთახის ცენტრში კი, ჭაღის ადგილას ფრთამოტეხილი მტრედი ეკიდა. თვალების დახუჭვის მეშინოდა... არადა ეს ყველაფერი უნდა გამქრალიყო! სასწრაფოდ! უცებ მუხლებში მტანჯველი ტკივილი ვიგრძენი, ფეხები მეკეცებოდა ამდენი სირბილისგან... როგორ? როგორ თუ სირბილისგან? მე ხომ ისევ იმ წყეულ ოთახში ვიყავი უგზო-უკვლოდ გამოკეტილი? მაშინ სადღა მივრბოდი? აი უკან პატარა ბავშვიც კი მომსდევდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვიღაც ლაწირაკი შემაშინებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი თავდაყირა დატრიალებულიყო, ჩემ წინააღმდეგ აღმართულიყო და თითოეულ ნივთსა თუ ადამიანს საზარელი, შურისძიების წყურვილით დაბრმავებული თვალები მიეღო. ალბათ არც გავიქცეოდი ამ არსებაში ჩემი ბავშვობა რომ არ შემეცნო... საყვედური, სინანული, სიბრალულნარევი ზიზღი ტანისამოსივით შემოკვროდა მის სხეულს. მაინც დამეწია, ფხებზე დამაჩოქა ძალდაუტანებლად, მუშტად შეკრულ ხელებში ფურცლის ნახევი ჩამჩრა და ამტვერებულ სივრცეს შეერწყა. უცნობი კუთხე-კუნჭულიდან წინათგრძნობა მკარნახობდა, უსათუო აღსასრული ახლოვდებოდა... ნაგლეჯი სასოწარკვეთილმა, დაუნდობლობით აცრემლებულმა გადმოვატრიალე და მკვლელის სიცივით ამოვიკითხე მათზე გამოსახული საბედისწერო განაჩენი: ,,სასჯელი - დახვრეტა მოსამართლე - საკუთარი თავი!’’
| |
|
|
|
|
Immortal | თარიღი: ორშაბათი, 2013-03-04, 9:49 PM | შეტყობინება # 9 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| კარგად მახსოვს, როგორ მომიხადე, როგორც სახადი და სულიდან ამაწიწკნე მოშუშებული ჭრილობის მსგავსად... რამდენ ბალახშიც არ უნდა იყოს ამოსული ერთადერთი გვირილა, მაინც მარტოსულად ეჩვენება თავი... სევდიანად ვხაზავდი კენტად შემოვლებულ ნაპირებს, მერე კი შენ გამოჩნდი... გამოანათე, როგორც მშობლიურმა სიტყვამ უცხო ქვეყანაში ფესვებმოგლეჯილი კაცისთვის. მე შემოვიხიზნე შენს ცხოვრებაში, როგორც სახურავიან სახლს შეაფარებს ხოლმე მგზავრი თავს წვიმიან ამინდში. ბედნიერი ვიყავი შენს ბუნაგში, თითქოს გარეთ გასვლა სიკვდილს უდრიდა იმ დროს... გადავრჩებოდი თითქოს... ბედნიერების გამხმარ ოცნებებს ვაცხობდი ჩემი გონების თონეში. გარეთ კი თოვდა... უღმერთოდ თოვდა... გულგრილობის სიცივე ბობოქრობდა გარეთ... უნდა მცოდნოდა, რომ მხოლოდ შენი ზურგი ვერ აიტანდა ორი ადამიანის კუთვნილ სატკივარს, ვერ შეეყუდებოდა ჯებირად უცხო კაცის უბედურებას. მე მაშინ შევცდი როდესაც მეგონა, რომ აღმოჩნდებოდა ადგილი ადამიანის გულში სხვისი საფიქრალისთვის... საკუთარი ცხოვრებით გადაღლილებს აღარ გვეცალა ერთმანეთისთვის და საჩემოობის მინაში ვინახავდით სიტყვას, სხვათა მოსაჩვენებლად, გაღატაკებული სულის გასამდიდრებლად... ვინახავდით სიტყვას, რომელსაც უნდა გადავერჩინეთ... არც ერთმა გავიმეტეთ ეს სიტყვა... სადღაც ბაგესთან ახლოს შევიყინეთ, მოვეკვლევინეთ და მაინც არ ვანდეთ სხვათა ამონასუნთქით გაბერილ ჰაერს ჩვენი სათქმელი... მივხვდი, არ ვიყავი საკმარისი... მოვხსენი აბრა შენი ცხოვრებიდან, ასე მთელი დღე იმედის ტოტზე მობმული გამყიდველები ალაგებენ ხოლმე საქონელს, იმდენივეს, რაც დილით გამოფინეს უსუსურ დახლზე დამჭკნარი მოლოდინით... და ხელდათუთქულები მიდიან შიმშილით შემოძარცვულ ბავშვებთან... ფოთოლი ვიყავი და მტკივნეული სიჩუმით მოგწყდი... ასე შვილები უკვდებიან მშობლებს...
| |
|
|
|
|
|
Immortal | თარიღი: სამშაბათი, 2013-03-12, 7:56 PM | შეტყობინება # 13 |
Floccinaucinihilipilification
341
Offline
| ჩვენ ლუკმა-პურის მაძიებელ უსახლკაროთა მომაკვდავი ბეღურის მსგავსად გაწვდილ ხელს ვგავართ და სულის საკვებს შევნატრით პატრონმკვდარი სახლივით სევდიან ქუჩებში ჩვენსავითვე მიტოვებულთაგან, დამცირებულთაგან, იმედგაცრუებულთაგან, დამწუხრებულთაგან და მარტოსულთაგან... ხანდახან მხოლოდ თბილი სიტყვა გვჭირდება... და როგორც უდაბნოში დაკარგული მგზავრები –წყლის წვეთს, მომაკვდავი –სიცოცხლით გაბერილ ჰაერს, ვეპოტინებით ადამიანთა ხელებსა თუ თვალებს, რათა გამოვიგონოთ მაინც გაფანტულ სიტყვებს მიღმა გამომწყვდეული სითბო, ხელმოსაჭიდი მაინც ვიპოვოთ რამე, რომ არ გამოვფხიზლდეთ და საბოლოოდ არ ამოვიხრჩოთ საკუთარ მარტოობაში... ბედნიერება მიუგნებელი ბავშვები ვართ და, სიცივით მოსილნი, გუდით დავატარებთ უთქმელ სიტყვებს, გაუმხელელ გრძნობებსა და გაუზიარებელ ტკივილებს... ფოთლები ვართ და გაუაზრებელი ისრებით ვწყვეტთ ერთმანეთს იმედის ხეებიდან... ობოლნი ვართ და ცხვირწინ ვუხურავთ ერთმანეთს კარებს... ვარსკვლავები ვართYდა ერთმანეთისთვის არ ვანათებთ... სანთლები ვართ და გამოკეტილ ტაძარში ვიწვით... პირქუშ ბარიერებს ვუშენებთ ერთმანეთის ოცნებებს და, ბოლოს, გაძარცვულნი და გაღატაკებულნი, მოგონებებს ვეკვლებინებით... თოვს ჩვენს თვალებში... ღვთიურად, თანადგომისა და მხარდაჭერის მავედრებელი ფიფქებით თოვს... ჩვენ კი შევტრიალდებით, და ისეთი გრძნობაა იქ, ზურგს მიღმა დარჩენა, თითქოს გულს გლეჯდნენ საგულედან... დგახარ ზედმეტ სიტყვასავით, სულით გადაყლაპული თვალებით და ხელებს გიწვავს შეჩეჩებული უსუსურობა... ეჰ, განა ვინ არ იცის... ჩვენ ხომ ადამიანები ვართ... და გვჭირდება ერთმანეთი!
| |
|
|
|